განათლება

კერძო სკოლები – რა არჩევანი გვაქვს თბილისში

კავკასიის ფრანგული სკოლა
თამრი ბოლქვაძე

თბილისის მწვანე სკოლა
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
როგორც წესი, პატარასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მშობლები ერთობლივად იღებენ. განვითარებულ ქვეყნებში ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი ბავშვისთვის კარგი განათლების მიღების უზრუნველყოფაა. ამაზე ფიქრს მის დაბადებამდეც კი იწყებენ, მოსამზადებელ კლასებსა და სკოლებს არჩევენ და სწავლის ფულს აგროვებენ.

საქართველოში წელს მშობლებისთვის სიახლეა: საჯარო სკოლებში ბავშვის დარეგისტრირება მათ მხოლოდ ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ. პირველკლასელები სკოლებში დასწრების პრინციპით მოხვდებიან. რეგისტრაცია 15 აპრილიდან დაიწყო და ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საბუთების მიღება დაიწყო კერძო სკოლებშიც.

საქართველოში სკოლის შერჩევა რთულია, რადგან არ არსებობს ერთიანი რეიტინგული სისტემა. როგორც წესი, სკოლის შერჩევა საცხოვრებელთან სიახლოვის ნიშნით, ახლობლის რჩევით ან პირადი მოკვლევის საფუძველზე ხდება. საჯაროსგან განსხვავებით, კერძო სკოლები მშობლებთან თავის მოწონებას განსხვავებული სასწავლო პროგრამებით, სერვისებით, სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიითა და კეთილმოწყობილი, უსაფრთხო გარემოთი ცდილობენ.

თბილისში 200-ზე მეტი კერძო სკოლაა. ზოგიერთი დაბალფასიანად ითვლება (წელიწადში 1500-2000 ლარი), ნაწილი – საშუალოფასიანად. იმ სკოლების ღირებულება, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად უქმნიან ბაზას, 20 ათას ამერიკულ დოლარამდე აღწევს – მაგალითად, თბილისის საერთაშორისო სკოლაში სწავლა 18 500 დოლარი ღირს. ტაბულა გთავაზობთ სხვადასხვა ფასის კერძო სკოლების ერთგვარ მიმოხილვას.

ახალ სკოლაში ბავშვებს 3 წლის ასაკიდან იღებენ. აქ მოსამზადებელ და პირველ კლასში მოსწავლეები გასაუბრებით მიიღებიან, V კლასის ზევით ჩასარიცხად კი მათემატიკასა და ინგლისურში ტესტებს აბარებენ.

კავკასიის ფრანგული სკოლა
ფოტო: თამრი ბოლქვაძე
ამჟამად პირველი კლასი, რომელიც მაქსიმუმ 20 ბავშვისგან შედგება, თითქმის შევსებულია. 5000-ლარიან გადასახადში შედის ბავშვთა ტრანსპორტირება და კვება. ფორმაში გამოწყობილი მოსწავლეები სკოლაში დილის 9 საათიდან 4 საათამდე რჩებიან.

მოსამზადებელ, დაწყებით და საბაზო კლასებთან ერთად, ახალ სკოლას 16-19 წლის მოსწავლეებისთვის აქვს საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო ორწლიანი, წინასაუნივერსიტეტო პროგრამაც, რომელიც მოიცავს თეორიულ ცოდნას, გავრცობილ ესეს კურსებსა და CAS-ის პროგრამას. აქ ქართული და ინგლისურენოვანი განყოფილება მუშაობს და ორივე მათგანში სწავლება საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამებით მიმდინარეობს.

ქართულისა და ინგლისურის გარდა, ახალ სკოლაში მოსწავლეები ფრანგულს, ესპანურსა და რუსულს სწავლობენ. სკოლას აქვს ინფორმატიკის კაბინეტი, ორი ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია. ასევე ენების, მათემატიკის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა, მუსიკისა და ხელოვნების კაბინეტები, სპორტული დარბაზი, დახურული აუზები, საბავშვო თეატრი, სათამაშო და კალათბურთის მოედნები, სახელოსნო.

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სწავლება ქართული და ბრიტანული სასწავლო პროგრამებით ხდება. ბრიტანულ პროგრამაზე წლიური გადასახადი I-II კლასებში 4,500 ევროა, III-VI კლასებისთვის – 6,200 ევრო, რეგისტრაციის საფასური კი 350 ევრო. თუ ერთი ოჯახიდან ბრიტანულ საერთაშორისო პროგრამაზე 2 ან მეტი ბავშვი სწავლობს, საფასური მცირდება. წლიურ ღირებულებაში შედის ორჯერადი კვება, კლასგარეშე აქტივობები და გახანგრძლივებული პროგრამა. I კლასში 5 წლის ბავშვებს იღებენ – მათ გასაუბრება უნდა გაიარონ. აქ ორი ან სამი პარალელური კლასი არსებობს და თითოეულში 18 ბავშვამდე ირიცხება.

2009 წელს ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ბრიტანულმა საგამოცდო საბჭომ Edexel-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სტატუსი და IGCSE და A Level პროგრამების სწავლების უფლება მიანიჭა. დიდი ბრიტანეთის საგამოცდო ორგანიზაცია Edexel-ი მსოფლიოს საგანმანათლებლო ორგანიზაცია Person Education-ის ნაწილია. ის საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებს აკადემიურ და პროფესიულ საკვალიფიკაციო პროგრამებსა და გამოცდებს სთავაზობს. ამ პროგრამებსა და სერტიფიკატებს უნივერსიტეტები და დამსაქმებლები 85-ზე მეტ ქვეყანაში აღიარებენ.

ბრიტანულ-ქართული აკადემია ბრიტანული და საერთაშორისო სკოლების ორგანიზაციის, iNet-ის (განათლების ტრანსფორმაციის საერთაშორისო ქსელის) წევრიცაა. iNet-ი, რომელიც 35 სხვადასხვა ქვეყანაში 5 600 წევრ სკოლას მოიცავს, სკოლებს პროფესიული მხარდაჭერის პროგრამებს სთავაზობს. იგულისხმება კონფერენციები, ონლაინფორუმები, გამოცემები, პროფესიული ტურები და სხვა.

ბრიტანულ-ქართული აკადემია საქართველოში რეჯენტის კოლეჯის ოფიციალური წარმომადგენელიცაა. ეს უკანასკნელი ბავშვებს და მოზარდებს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. რაც შეეხება კლასგარეშე აქტივობებს, სკოლას აქვს დრამა, მუსიკალური გუნდი, ჭადრაკი, სპორტული კლუბები, ცეკვა, სკოლის ბენდი, წიგნის კლუბი, მოგზაურთა კლუბი, დებატების კლუბი, მოსწავლეთა საბჭო და სხვა.

კავკასიის ფრანგული სკოლა თბილისში 2010 წელს დაარსდა. მას შემდეგ სკოლაში ყოველწლიურად ახალი კლასი იხსნება. ამჟამად საბავშვო ბაღიდან მე-9 კლასის ჩათვლით სკოლაში 163 მოსწავლეზე მეტი სწავლობს, კლასში, როგორც წესი, ყველაზე მეტი 22 ბავშვია – მაღალ კლასებში მათი რიცხვი იკლებს. აქ განათლების მიღება 4600-დან 5200 ევრომდე ღირს. ფრანგული სკოლის სასწავლო გეგმა საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ არის აღიარებული. კოლეჯი CNED-ის (დისტანციური სწავლების ეროვნული ცენტრის) სისტემით ფუნქციონირებს, თითოეულ საგანში პედაგოგიური ასისტენტების მეშვეობით.

არაფრანგულენოვანი მოსწავლეების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისთვის ფრანგულის დამატებითი გაკვეთილები საბავშვო ბაღიდანვე ტარდება. ქართულენოვანთათვის ქართულის სწავლება კი განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმით ხდება. გარდა ამისა, ბავშვები პირველი კლასიდანვე იწყებენ ინგლისური ენის სწავლას. დაწყებითი კლასების დამრიგებლები გარკვეული სირთულეების მქონე მოსწავლეებს დამატებით გაკვეთილებს უტარებენ, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს კი გაკვეთილების დასასრულს ფაკულტატიური აქტივობებიც აქვთ.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სწავლის ფასი 3000-დან 4700 ლარამდე მერყეობს. კლასი მაქსიმუმ 20 ბავშვისგან შედგება. აქ მოსწავლეთა ყოველდღიური შეფასების სისტემა მოქმედებს: ყველა მოსწავლეს აქვს სკოლის პასპორტი, სადაც სასწავლო წლის განმავლობაში შეფასებები ჩაიწერება. მასში მოსწავლის წარმატების ან სკოლის წესის დარღვევის შესახებ ჩანაწერის გაკეთება სკოლის ყველა თანამშრომელს შეუძლია. ყოველ პარასკევს ადმინისტრაცია პასპორტებს აგროვებს და მოსწავლეებს აფასებს, რაც ქულებზე აისახება.

გარდა ამისა, თუ ბავშვი ქცევის კოდექსს დაარღვევს და სკოლის თანამშრომელს არ დაემორჩილება, მის საკითხს დისციპლინური კომიტეტი გადაწყვეტს. წესების რეგულარულად დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური კომიტეტი სხდომაზე იწვევს მოსწავლეს, მის წარმომადგენელს და იმ პირებს, ვინც ამ დარღვევას უკავშირდება. დისციპლინურ კომიტეტს მოსწავლის სკოლიდან გარიცხვაც შეუძლია.

ბაქსვუდის სკოლაში ტარდება სემესტრული, წლიური, საშემოდგომო, ექსტერნატის ფორმით დაძლევის, სკოლის გამოსაშვები გამოცდები. 2011 წლიდან შეფასების საერთაშორისო მექანიზმი დაინერგა – მოსწავლეებს გადაეცემათ ნიშნების საერთაშორისო ფურცელი, ე.წ. ტრანსკრიპტი, რომლის გამოყენებაც უცხოურ სასწავლებელშიც შეუძლიათ.

ბაქსვუდში სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული შედეგების და სხვა წარმატებისათვის მოსწავლეებს სიგელით, დიპლომით, სტიპენდიით, ბრიტანეთში უფასო 2-კვირიანი სწავლებითა და სხვა საჩუქრებით აჯილდოებენ.

ევროპული სკოლა საქართველოში მოქმედ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, მოსწავლეებს ინგლისური ენის ცოდნის განმსაზღვრელი კემბრიჯის (YOUNG LEARNERS, KET, PET, FCE) სერტიფიკატის მოსაპოვებლად ამზადებს. იქვე მუშაობს უცხო ენის ცოდნის კვალიფიკაციის განმსაზღვრელი საერთაშორისო სერტიფიკატის – DELF-ის მოსამზადებელი პროგრამა. 2009 წელს ევროპულმა სკოლამ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ავტორიზაცია მოიპოვა; საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლა (IB WORLD SCHOOL) XI და XII კლასელებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას სთავაზობს. სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ბავშვებს 3 წლიდან იღებს და სწავლის ფასი 3500-დან 4 ათას ევრომდეა. თითოეულ კლასში 10-11 მოსწავლე ირიცხება.

ევროპულ სკოლას აქვს ორი დიდი ბიბლიოთეკა და ტექნიკურად აღჭურვილი საგნობრივი ლაბორატორიები. ამას გარდა, სამუსიკო და ხელოვნების სტუდიები, თეატრი, სპორტული სექციები, დარბაზები, კომპიუტერული კლასები. ასევე, საკაბელო ტელევიზია, სადაც, სამეცნიერო-სასწავლო პროგრამების გარდა, სკოლის სპორტულ თამაშებსა და სხვადასხვა ღონისძიებებსაც გადასცემენ. ამ სკოლაში მოსწავლეებს შეუძლიათ შეისწავლონ ფრანგული, გერმანული, რუსული, ინგლისური ენები. მიღებული პრაქტიკაა ენობრივი სტაჟირებები ინგლისსა და გერმანიაში.

შვილის აკადემიური მოსწრებისა და შემოქმედებითი წარმატებების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიღება მშობელს ელექტრონული დღიურისა და მობილური ოპერატორის მეშვეობით შეუძლია. სკოლას აქვს 700-ადგილიანი სასადილო და საკუთარი ტრანსპორტი ემსახურება.

თბილისის მწვანე სკოლაში სწავლა 3500 ლარი ღირს. აქ ერთ ფლიგელში საბაზო და საშუალო საფეხურის, მეორეში კი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები არიან. სკოლაში 7 საგნობრივი კათედრაა: მშობლიური ენისა და ლიტერატურის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა, უცხო ენის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის, დაწყებითი კლასების და მათემატიკის. დამატებით ისწავლება კავკასიოლოგია, მსოფლიო ლიტერატურის ისტორია, ჭადრაკი, მსოფლიოს ხალხთა ცეკვები. უცხო ენებიდან მოსწავლეებს ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების შესწავლა შეუძლიათ.

სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო კაბინეტით, 6000-ზე მეტი წიგნის მქონე ბიბლიოთეკით, 30-მდე კომპიუტერით, 2 პროექტორითა და SMART BOARD-ის ინტერაქტიული დაფით. აქვეა სხვადასხვა სპორტული თუ სახელოვნებო კლუბები – შესაბამისი სპორტული მოედნებითა და საშხაპეებით. სკოლას აქვს 150-ადგილიანი სასადილო. კლასში მაქსიმუმ 16 მოსწავლეა, ხოლო მე-12 კლასელთათვის შემუშავებულია დამატებითი მეცადინეობების სპეციალური პროგრამა. მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლის სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ბავშვები უფასოდ ისწავლიან იმ კერძო სკოლებში, რომელთაც საჯარო სკოლები შეიძინეს და მათი რეაბილიტაცია მოახდინეს. მათ რიცხვს მიეკუთვნება მწვანე სკოლაც.

 

კომენტარები