თავისუფალი ქალაქები

აღთქმული მიწა ზრდის პერსპექტივით

კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს ალბათ ახსოვთ ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სიმულაცია – SimCity, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი შეხედულებებისამებრ დააპროექტოს, ააშენოს და მართოს ქალაქი; თავად განსაზღვროს საცხოვრებელი კორპუსების დიზაინი, შენობების სიმაღლე თუ საწარმოების ადგილმდებარეობა.

იმავე პრინციპს ეფუძნება თავისუფალი ქალაქებიც (L.E.A.P და Charter City), რომელთა მშენებლობაც ცარიელ ადგილზეა შესაძლებელი. თუმცა კომპიუტერული ქალაქებისგან ისინი იმით განსხვავდება, რომ ინფრასტრუქტურაზე უფრო მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური, ადმინისტრაციული და პოლიტიკური მოწყობა. ძირითადი არსი ის არის, რომ ქალაქი კომფორტული უნდა იყოს როგორც საცხოვრებლად, ისე ბიზნესის წარმოებისთვის. ის უნდა ააშენოს არა ერთმა სუბიექტმა – მთავრობამ, არამედ კერძო ინვესტორებმა და იმ ადამიანებმა, ვინც იქ ცხოვრებას გადაწყვეტს.

სხვადასხვა გათვლებით, დღეს მსოფლიოში 700 მილიონამდე ისეთი ადამიანია, რომელიც უკმაყოფილოა იმ საცხოვრებელი პირობებით, რომელსაც საკუთარი ქალაქი სთავაზობს. თუმცა მათ იქაურობის დატოვება და სხვაგან გადაბარგებაც უჭირთ. ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს: პირველი – სამსახური, ოჯახი, საცხოვრებელი სახლი და სხვა საყოფაცხოვრებო პირობები, რომელთა მიტოვება და ახალ ადგილას აწყობა არც ისე მარტივი საქმეა და მეორე – გამკაცრებული საემიგრაციო კანონები განვითარებულ ქვეყნებში, სადაც შრომის ბაზარიც უფრო დიდია და საცხოვრებლადაც შედარებით მიმზიდველი პირობებია.

რაც უფრო დიდია ქალაქი, მით მეტია არჩევანი. შესაბამისად, უფრო ეფექტიანი და მრავალფეროვანია ამ ტერიტორიაზე წარმოებული ეკონომიკური ტრანზაქციები და მეტი სისწრაფით იზრდება მოსახლეობის დოვლათი. განვითარების დონესთან ერთად ურბანიზაციის დონეც იზრდება – განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, ურბანიზაციის დონე 80%-ს აჭარბებს. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ფერმერული მეურნეობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ნაკლებ ადამიანურ რესურსს საჭიროებს. ქალაქებში ცხოვრება კი მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე სოფლად, რადგან დიდ ქალაქებში მათ დასაქმების, მოხმარებისა თუ ინვესტირების კუთხით ბევრად მეტი არჩევანი აქვთ.

ეკონომიკური განვითარებისა და ურბანიზაციის ურთიერთკავშირით 2007 წელს განსაკუთრებით დაინტერესდა ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი პოლ რომერი. ორი წლის მუშაობის შემდეგ, მან ავტონომიური ქალაქის (Charter City) კონცეფცია შეიმუშავა და TED.com-ის საშუალებით დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნო. აუდიტორიაში იჯდა ჰონდურასის ახლადარჩეული მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც ახალი კონცეფცია ლათინურ ამერიკაში ეკონომიკური სასწაულის პრეცედენტის შესაძლებლობად მიიჩნია.

განვითარებად ქვეყნებში, ძირითადად კი ლათინურ ამერიკაში კონსულტანტად მუშაობის პერიოდში, ჰონდურასის ამჟამინდელი პრეზიდენტის მრჩეველი მარკ კლუგმანი დამოუკიდებლად მივიდა იმ აზრამდე, რომ როცა არსებული ქალაქების და სისტემის რეფორმირება განსაკუთრებით რთულია, სჯობს, ყველაფერი ნულიდან დაიწყო, პრობლემური სფეროები აუთსორსინგზე გაიტანო და არსებულ სისტემას უკვე გამოცდილი სისტემა დაუპირისპირო.

მნიშვნელოვანია ის, რომ სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქს აქვს საკუთარი წესები, რომლებიც იქ მცხოვრებლების და ინვესტორების ურთიერთობებს არეგულირებს. ეს წესები შეიძლება მთლიანად განსხვავდებოდეს დანარჩენი ქვეყნის წესებისგან. მეტიც, ქალაქმა შეიძლება სხვა ქვეყნებისგან იყიდოს პრაქტიკა, რომელიც მასთან არ ვარგა – მაგალითად, სასამართლო გარჩევები ანდოს ბრიტანეთის

სასამართლოს, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა; საზოგადოებრივი წესრიგი – ისეთი ქვეყნის პოლიციას, სადაც კორუფცია თითქმის არ არის და ასე შემდეგ. ეს ქალაქს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის გარეთ გაიტანოს მართვის ნებისმიერი კომპონენტი, რომელიც სუსტია და განვითარებას ხელს უშლის.

კლუგმანისთვის ახალი ქალაქი მნიშვნელოვანია არა როგორც ფიზიკური ელემენტი, არამედ როგორც ახალი ტიპის ადმინისტრაციითა და პოლიტიკით გადახალისებული ადმინისტრაციული ერთეული. რაც ნიშნავს, რომ თუ არსებული ქალაქი რეფორმირების შესაძლებლობას იძლევა, ახლის აშენება სრულიადაც არ არის საჭირო.

ზოგჯერ ინსტიტუტების განვითარება არსებულ გარემოში ვერ ხერხდება. მაგალითად, ჰონდურასში ყოველი ახალი ხელისუფლება თავის ახალ წესებს ადგენდა, არასტაბილური განვითარების პირობებში კი ქვეყნიდან ინვესტიციები იდევნებოდა. შარშან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჰონდურასში ყველაზე მეტი მკვლელობა მოხდა. მათი დიდი ნაწილი ნარკოტრეფიკს უკავშირდება, ეს ყველაფერი კი ტურისტებს და ინვესტორებს აფრთხობს, ქვეყანას მნიშვნელოვან შემოსავალს უკარგავს და განვითარებას აფერხებს. სწორედ ამიტომ, ჰონდურასმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ თავისუფალი ქალაქების ექსპერიმენტი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე განეხორციელებინა.

ის ტერიტორია ჰონდურასში, სადაც თავისუფალი ქალაქი უნდა აშენდეს, სპეციალური განვითარების რეგიონია. იგი დამოუკიდებელი იურიდიული პირია, რომლის სტატუსსაც კონსტიტუცია და კონსტიტუციური კანონი განსაზღვრავს. კონსტიტუციური კანონი მიიღება კონგრესის სრული შემადგენლობის ორი მესამედით. მისი შემდგომი გადასინჯვისთვის აუცილებელია რეგიონის მოსახლეობის რეფერენდუმის გადაწყვეტილება.

საწყის ეტაპზე, სანამ მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობებს დროებითი გამჭვირვალობის კომისია შეასრულებს. კომისიაში შევა 5 წევრი, რომლებსაც პრეზიდენტი დანიშნავს. ჯგუფში შემავალი ადამიანები პრეზიდენტს 9 მუდმივი წევრის კანდიდატურას წარუდგენენ. კანონით ისიც შესაძლებელია, რომ კომისიის წევრები რამდენიმე ქვეყანამ მორიგეობით დანიშნოს. სპეციალური განვითარების რეგიონს იმის უფლებაც აქვს, რომ საბჭოს შემადგენლობა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გაზარდოს.

გამჭვირვალობის კომისიის წინაშე ანგარიშვალდებულია გუბერნატორიც, რომელსაც პრეზიდენტი 7 წლის ვადით ნიშნავს. გუბერნატორი ჰონდურასის მოქალაქე უნდა იყოს.

გამჭვირვალობის კომისიის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ის, რომ მისი უფლებამოსილებების შეცვლა შესაძლებელი იქნება ჰონდურასის კონგრესის სრული უმრავლესობის 2/3-ით და მოსახლეობის რეფერენდუმის შედეგად.

გამჭვირვალობის კომისია გუბერნატორთან ერთად შეარჩევს მოსამართლეებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისთვის. მოსამართლეების შერჩევა მათი გამოცდილების მიხედვით მოხდება მსოფლიოს ნებისმიერი იურისდიქციიდან.

სასამართლო სისტემა ორსაფეხურიანი, ხოლო სააპელაციო სასამართლო მთლიანად სხვა ქვეყნის სასამართლო ორგანო იქნება. ჰონდურასი უკვე მოელაპარაკა მავრიკის რესპუბლიკას, რომ მისი უზენაესი სასამართლო სპეციალური განვითარების რეგიონის სააპელაციო სასამართლოც იქნება. მავრიკის სასამართლოს საბოლოო ინსტანცია თავის მხრივ ინგლისის საიდუმლო საბჭოა.

სასამართლო სისტემა შეიძლება დაეყრდნოს როგორც სამართლიანობის პრინციპებს, ასევე კანონს. ან ორივეს ერთად. იმოქმედებს პრეცედენტული სისტემა. შეიძლება სხვა ქვეყნის სასამართლოს პრეცედენტის გამოყენებაც. სისხლის სამართლის საქმეებზე იმოქმედებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

პოლიციისა და საგადასახადო ორგანოები შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ისე სხვა ქვეყნის.

მას შემდეგ, რაც სპეციალური განვითარების რეგიონის მოსახლეობა გაიზრდება, გამჭვირვალობის კომისიის ფუნქციები შეიცვლება. მომავალში აღმასრულებელი ხელისუფალი იქნება გუბერნატორი, ხოლო საკანონმდებლო – საკანონმდებლო საბჭო, რომელიც საყოველთაო არჩევნებით 5 წლით დაკომპლექტდება ადგილობრივი მცხოვრებლებისგან. გამჭვირვალობის კომისია აუდიტის საბჭოს მეშვეობით ხელისუფლებას მონიტორინგს გაუწევს.

ჰონდურასის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ოქტავიო სანჩეზ ბარიენტოსის აზრით, თუ სახელმწიფო მოტივაციებს სწორად განსაზღვრავს, ქალაქი მთლიანად კერძო ინიციატივის ხარჯზე აშენდება და გახდება არა ზედმეტი ტვირთი, არამედ ქვეყნის განვითარების ახალი ეკონომიკური ძრავა. მისი შეფასებით, ქალაქის აშენებას და მის საბოლოოდ ფუნქციონირებას რამდენიმე ათწლეული დასჭირდება.

დღეს 21-ე საუკუნის ქალაქად ითვლება დუბაი, რომლის საერთაშორისო საფინანსო ცენტრი ფედერალური კანონის საფუძველზე შეიქმნა. ის დუბაის ემირატში თავისუფალი ფინანსური ზონაა, რომელსაც დამოუკიდებელი ფინანსური და ადმინისტრაციული მოწყობა გააჩნია. ფინანსური ცენტრის ორგანოები კომერციულ და საფინანსო საკითხებზე ცენტრის კანონმდებლობას გამოსცემენ და ამ სფეროებთან დაკავშირებულ დავებს საკუთარი სასამართლო სისტემის მეშვეობით განიხილავენ. საფინანსო ცენტრის ორგანოებს საკუთარი ბიუჯეტი აქვთ, კანონით შეუძლიათ ურთიერთობა დაამყარონ მესამე პირებთან და დადონ ხელშეკრულებები და შეთანხმებები. ცენტრში რამდენიმე ორგანო და თანამდებობის პირია: პრეზიდენტი – რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დუბაის ემირი; ცენტრის დირექტორთა საბჭო – რომელშიც პრეზიდენტთან და სხვა წევრებთან ერთად შედის ცენტრის მთავარი მოსამართლეც; ცენტრის ადმინისტრაცია – რომელიც დამოუკიდებელი იურიდიული პირია, თავისი ბიუჯეტი აქვს და, თავის მხრივ, დირექტორთა საბჭო მართავს და მმართველი – რომელსაც დუბაის ემირი ცენტრის პრეზიდენტის წარდგინებით ნიშნავს.

2011 წლის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა მსგავსი ადმინისტრაციული ერთეულის – ლაზიკის მშენებლობის ინიციატივით. მისი თქმით, ქალაქის მშენებლობის დაფინანსების ძირითადი წყარო კერძო ინვესტიციები უნდა იყოს.

კომენტარები