მალკოლმ მაკდაუელი

მალკოლმ მაკდაუელი - ყველაზე იღბლიანი ხულიგანი


ფოტო: იბერია ფილმი / ივანე მახარაძე
თბილისი. რუსთაველი. კაფე პარნასი. შუადღე.

- რას შვებით, კინოს იღებთ?

- ჰო

- დაიცა, ვინაა მაგიდასთან? მაგრა მეცნობა...

- მალკოლმ მაკდაუელი

- ?

- აი ის, „მექანიკურ ფორთოხალში” რომ თამაშობს

- აა, დაიცა... ჰოო... გვახარიამ რომ აჩვენა, არა? შენა და, აქ ვის თამაშობს?

- თავის თავს

- თავის თავს? დაიცა, თავის თავს როგორ თამაშობს?..

ნიუ ბალანსის ბოტასები, მუქი ლურჯი ჯინსი და თეთრი ფერის სპორტული მაისური. კარტოფილივით მრგვალი ცხვირი, თეთრზე თეთრი თმა და ცისფერი, ძალიან ცისფერი ცელქი თვალები. სულ რამდენიმე დღის წინ, რუსთაველზე, კაფე პარნასში რომ შეგესეირნათ, კინოს ყველაზე დიდ ხულიგანთან ერთად აღმოჩნდებოდით. მალკოლმ მაკდაუელი თბილისში რამდენიმე დღით, რეჟისორ ნიკა აგიაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში სათამაშოდ ჩამოვიდა. „თბილისი, ჩემი ქალაქი” – იბერია ფილმის და სთორიმენ

პროდაქშენის ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. პროექტი, რომელიც 12 ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ნამუშევარს გააერთიანებს.

„რძეც მინდა, თუ შეიძლება, – ეუბნება მიმტანს და თან გაოცებული მიყურებს, – რა უცნაურად მიყურებენ, როცა ჩაისთან ვითხოვ რძეს. არადა, ბრიტანეთში ასე სვამენ. რძეე? არა, არ მიყვარს, მხოლოდ ჩაიში თუ დავლევ”. რატომღაც მეგონა მეტყოდა – კი, აბა რა, თანაც ძალიანო. ეტყობა კოროვა მილკ ბარი არ ამომდის თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის განმავლობაში 150 ფილმში მაინც ითამაშა, პირველ რიგში “მექანიკური ფორთოხლიდან” იცნობენ – თეთრ კოსტიუმში, შავ ცილინდრში და შავ სამხედრო ბათინკებში გამოწყობილ მომხიბვლელ ნაძირალად, რომელიც უსმენს ბეთჰოვენს, სვამს რძეს და გემრიელად ბეგვავს ადამიანებს.

წელს სტენლი კუბრიკის სტილიზებული ძალადობა – “მექანიკური ფორთოხალი” 40 წლის გახდა და ფილმის საიუბილეო ჩვენება უამრავ ქვეყანაში გაიმართა. მალკოლმ მაკდაუელიც „ფორთოხალს” ყველა ქვეყანაში დაჰყვებოდა და ასობით ჟურნალისტს უკვე მერამდენედ, ერთსა და იმავე კითხვებზე ღიმილით პასუხობდა. “არ არსებობს კითხვა, რომელიც ამ 40 წლის მანძილზე არ დაუსვამთ. მართალი გითხრა, შარშანაც იმდენი ვილაპარაკე ამაზე, რომ... ცოტა ყელში ამომივიდა ეს ფორთოხალი...” – მითხრა და ბლანტი რძე მწვანე ჩაიში ჩაუშვა.

მალკოლმ მაკდაუელი, იგივე მალკოლმ ტეილორი ინგლისში, ლიდსში დაიბადა. მისი ახალგაზრდობა ბითლომანიას და Ob-La-Di, Ob-La-Da-ს პერიოდს დაემთხვა. ორ დასთან ერთად იზრდებოდა და ჯიბის ფულს მამის ბარში, სასმელის მიმტანობით შოულობდა. ყველაზე კარგად ჩემს ბავშვობას კლასის დამრიგებელი დაგიხასიათებდაო – გაუგონარი, ძალიან გაუგონარი, მაგრამ არა ავი. მაკდაუელზე, დედის გვარზე, მას შემდეგ მოუწია გადასვლა, რაც სამსახიობო სკოლის დასრულების შემდეგ საბუთების ასაღებად

მივიდა – „უკაცრავად, ვერა, ვერა... თქვენ ვერ იქნებით მალკოლმ ტეილორი, სამწუხაროდ, ამ სახელით და გვარით მსახიობი უკვე აღრიცხულია”. დიდხანს არც უფიქრია – “კარგი, მაშინ მომეცით... მაკდაუელი, ჰო, მაკდაუელი, ეს ხომ დედაჩემის გვარია”.

მსახიობობაზე პირველად მაშინ დაფიქრდა, როდესაც ჯერ იყო და, სცენაზე ყველაფერი ჩაბნელდა, მერე კი ნელ-ნელა, შუქის ლაქები გაჩნდა და თვალებში მიანათა. მაგარი შეგრძნება იყო, თითქოს მოვეშვიო. 11 წლის იყო და ალადინის კოსტიუმი ეცვა. მას მერე სკოლის არცერთი დადგმა არ გამოუტოვებია და აღარც ძმაკაცების შურდა, რომლებიც კრიკეტს თამაშობდნენ და კივილ-წივილით დასდევდნენ ეზოში ბურთს, ის კი იდგა სცენაზე და მორიგ როლზე ფიქრობდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ყავის გამყიდველად დაიწყო მუშაობა. გაიცნო ამერიკელი ბიზნესმენი, რომელმაც ყავის ჩრდილოეთ ინგლისში გაყიდვა შესთავაზა. მანქანით, ერთი წლის მანძილზე უნდა ევლო და კლიენტები მოეძია. მოგზაურობას სიამოვნებით დათანხმდა და ეს არასდროს უნანია. ერთწლიანი თავგადასავალი მოგვიანებით, ლინდსეი ანდერსონის ფილმ “იღბლიანს” დაედო საფუძვლად. ფილმს, რომლის ხსენებისას, ასაკში შესულ მაკდაუელს თვალები უნათდება, მხრებში სწორდება და სადღაც შორს იწყებს ყურებას. თუ გინდა მალკოლმ მაკდაუელი აალაპარაკო, მას ლინდსეი ანდერსონზე უნდა ესაუბრო – აშკარად უყვარს ძველი ამბების გახსენება.

ლინდსეი მისი მეგობარი და მისი რეჟისორი იყო. ადამიანი, რომელზეც ყოველთვის და ყველგან დიდი სიყვარულით და სითბოთი საუბრობს. ადამიანი, რომელსაც გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ედინბურგის ფესტივალზე დადგმა მიუძღვნა – მისი დღიურები წაიკითხა. შემდეგ კი თქვა – ჩემთვის ის მამაჩემზე მნიშვნელოვანი იყოო.

ლინდსეი ანდერსონი და მალკოლმ მაკდაუელი. 1973
მაკდაუელის პირველი მთავარი როლი სწორედ ანდერსონის ფილმში “თუ...” (1968) აღმოჩნდა. მეამბოხე მოსწავლე, რომელიც არ ემორჩილება სკოლაში გაბატონებულ დამახინჯებულ წესებს და მეგობრებთან ერთად სკოლის, საზოგადოების, უსამართლობის წინააღმდეგ იარაღით გამოდის. “ამ ფილმმა ძალიან გააღიზიანა ბრიტანეთის იმპერია. ის გიჩვენებდა სკოლებს, რომლებიც ათასწლიან ისტორიას ითვლიან, სადაც ბრიტანელი არისტოკრატები შვილებს აგზავნიან, რათა ისწავლონ, აღიზარდონ და მერე, იმპერია მართონ. ბრიტანეთში არ იყო რევოლუციები და ქუჩაში გამოსვლები. ყოველ შემთხვევაში, ისეთი, როგორც პარიზში. მაგრამ იყო დიდი პროტესტი ისტებლიშმენტის წინააღმდეგ, რაც ჩანდა პოეზიაში, მუსიკაში, მხატვრობაში... ამაზე იყო ლინდსეის “თუ...” და “განრისხებულმა მოიხედე”. და იცი რა მოხდა? მათ თავად აჩვენეს “თუ...” სკოლებში. აიღეს მთელი ეს ამბოხება და ისტებლიშმენტის ნაწილად აქციეს”.

ანდერსონმა მაკდაუელი კინოში თავისი სავიზიტო ბარათით შემოიყვანა – შავ სამოსში შეფუთნულს, თავზე შავი შლაპა ახურავს, ხოლო პირი შავი შარფით აქვს აკრული. მხოლოდ თვალები, დიდი ცისფერი თვალები გრჩება სათვალთვალოდ: ცოტა შეშლილის, ცოტაც გიჟის... თვალები, რომლებიც უცნაურად ანათებენ და რომლებმაც მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი.

“მექანიკური ფორთოხალი” ენტონი ბერჯესმა 1962 წელს გამოაქვეყნა. ანტიუტოპიური რომანი არასრულწლოვან კრიმინალებზე, რომლებიც აცდენენ სკოლას, უყვართ ცემა, გაუპატიურება, მკვლელობა. რომლებიც ავტორის გამოგონილ ენაზე ლაპარაკობენ: სადაც სლენგი და რუსული სიტყვები (მინიშნება საბჭოეთის ექსპანსიაზე) ერთმანეთს ცვლის და სადაც ალეკსი თავის სამ “ბრატთან” ერთად სულ კითხულობს – “ჰე, ვშვებით რამეს?”.

გადასაღებ მოედანზე. თბილისი
„გადაახვიე. კიდევ ერთხელ. კიდევ. თავიდან მაჩვენე ეს ეპიზოდი, – შემდეგ შემობრუნდა და ცოლს უთხრა – ჩვენ ვიპოვეთ ალეკსი”. მოგვიანებით, ასე გაიხსენებს სტენლი კუბრიკის ცოლი ქრისტიანა იმ დღეს, როდესაც სტენლიმ პირველად ნახა მაკდაუელი ფილმში “თუ...”.

„სტენლი ვარ, ფილმს ვიღებ, შენ მთავარი როლი უნდა შეასრულო და მინდა სცენარს გადახედო. ოღონდ... ჯერ არ ილაპარაკო ამაზე”. სცენარი წაიკითხა და ძალიან შეეშინდა – როგორ უნდა ითამაშოს ეს ალეკსი... სტენლისთან სცადა ამაზე დალაპარაკება, მაგრამ – “მე შენ დაგიქირავე? დაგიქირავე. მორჩა. დაწყნარდი”, – მიიღო ცივად. მაშინ დახმარებისთვის ლინდსეის დაურეკა.

“ალეკსი მე ლინდსეიმ მაპოვნინა, – მითხრა და უცნაური შეფერილობის ჩაი მოსვა, – გახსოვს ის ადგილი, სავარჯიშო დარბაზში რომ შედიხარ? აი, ეგრე უნდა ითამაშო შენი ალეკსიო”. ეს ადგილი მეც კარგად მახსოვს, მაკდაუელის გმირი სავარჯიშო დარბაზში თავაწეული, კმაყოფილი სახით შედის. გაღიმებული, ფართოდ აღებს კარს და დემონსტრაციულად აბიჯებს. იცის, რომ იქ მას გაროზგავენ, დასჯიან, მაგრამ იმდენად დიდია პროტესტის გამოხატვის სურვილი, რომ მას ეს სულ ცალ ფეხზე კიდია. თუ ამ ადგილს ერთხელ მაინც შეხედავთ, მასში აუცილებლად ამოიცნობთ ბერჯესის არასრულწლოვან, თავხედ მეამბოხეს.

არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ საათზე იწყებოდა გადაღება, მოედანზე დილის 7-ზე უნდა ყოფილიყო – რეპეტიცია იწყებოდა. მართალია, მითხრა ასეთი კარგი დრო არსად გამიტარებიაო, მაგრამ Guardian-ის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს – “კუბრიკი ისეთი ტიპი იყო, რომელიც გამოგიყენებდა და მერე მოგისროდა. ჯერ ბოლომდე გამოგწურავდა და მერე... მერე მისთვის ყველაფერი დამთავრდებოდა”.

სტენლის დუბლის დუბლზე გადაღება უსასრულოდ შეეძლო. როდესაც მწერლის სახლში შერბიან, ასაკოვან კაცს სასტიკად სცემენ და ცოლს მის თვალწინ აუპატიურებენ – ამ ეპიზოდს 3 დღე იღებდნენ. ბოლოს სტენლიმ ჰკითხა – შეგიძლია იმღერო? მალკოლმს მაშინვე ჯინ კელი გაახსენდა, აი ის ადგილი ფილმში Singing in The Rain, ჯინი ყველაზე ბედნიერი რომაა, რომ მღერის, წვიმაში ცეკვავს... დუუ დუ დუ დუუ, დუდუ დუ დუდუ – დაიწყო უცებ ღიღინი და გაკოჭილ მწერალს მუცელში ფეხი სთხლიშა; I’m singing in the rain გააგრძელა ბედნიერად და ისევ ბრახ... სცენა გადაიღეს. 3 საათში სტენლის სიმღერაზე უფლება უკვე ნაყიდი ჰქონდა.

სტენლი კუბრიკი და მალკოლმ მაკდაუელი გადასაღებ მოედანზე
„რამდენ ხანს გაჩერდებით ასე – ხელებგაკრული და თვალებში რკინებშერჭობილი? – კითხულობს ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი და იმ სცენას იხსენებს, როდესაც მეცნიერები ალეკსზე სადისტურ ექსპერიმენტს ატარებენ – ამ სცენის გადაღებისას ის კინაღამ დაბრმავდა. გადაღება დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ყვიროდა, ცდილობდა თავი დაეღწია და ამასობაში რკინა თვალში შეერჭო. მალკოლმმა მაგრად გაძლო, რთული იყო სტენლისთან მუშაობა”.

“მექანიკურ ფორთოხალზე” საკმარისად უკითხავთ. და მაინც, არის ისეთი რამ, რაც ჯერ არ გითქვამთ? – ვეკითხები იმ რაღაც “ჯერ არგაგონილის” მოსასმენად; „რა თქმა უნდა. არის რაღაცები, რასაც არავის და არასოდეს ვეტყვი. ყველას ყველაფერს ვერ მოუყვები”.

ფილმის დასრულების შემდეგ სტენლიმ მალკოლმთან ურთიერთობა გაწყვიტა, ალეკსის როლმა კი ძალიან დიდი გავლენა იქონია მის კარიერაზე. თითქოს განწირული გახდა უარყოფითი როლებისთვის და იმისთვის, რომ ასეთი წარმატება მის კარიერაში აღარ იქნებოდა. “უარყოფითი პერსონაჟების თამაში ყოველთვის საინტერესოა. არ შეიძლება მოგბეზრდეს იმ ქარიზმატული, მომხიბვლელი, საინტერესო ადამიანების განსახიერება, რომლებიც არასწორ გზაზე აღმოჩნდნენ. მათი ხასიათი მრავალნაირად შეგიძლია გახსნა და ეს თამაში ხახვის გათლას ჰგავს. იმ ხახვის, რომელიც უსასრულოდ შეგიძლია ფცქვნა და ფცქვნა. “ფორთოხალშიც” ყველაფერი გამძაფრებული იყო. არ მახსოვს, ასეთი რამ მანამდე მინახავს თუ არა კინოში. ეს იყო ფილმი ამორალურ ტიპზე, რომელზეც მაყურებელს უთხრეს – შენ ის უნდა მოგეწონოს. სტენლიმდე ეს, მგონი, არავის გაუკეთებია”.

“არა! არ გვაქვს “მექანიკური ფორთოხალი!” – ასეთ წარწერას 70-იანების დასაწყისში ინგლისის თითქმის ყველა ვიდეოგაქირავების ვიტრინაზე შეხვდებოდით. ფილმი ბრიტანეთში 1971 წელს გამოვიდა და სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, სტენლი კუბრიკმა ის გაქირავებიდან ამოიღო.

ამის მიზეზი ის თავდასხმა იყო, რასაც მაშინდელი პრესა და საზოგადოება ახორციელებდა კუბრიკის მიმართ: “უნდა დავადანაშაულოთ თუ არა “მექანიკური ფორთოხალი” ძალადობაში?”, “თავდასხმა, როგორც “მექანიკურ ფორთოხალში” – ბრიტანულ პრესაში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა ასეთი სათაურები. საქმე ის იყო, რომ ფილმის გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში, ლანკაშირში დანიელი გოგო გააუპატიურეს, მოძალადე I’m singing in the rain-ს ღიღინებდა; 16 წლის ბიჭმა თეთრ კოსტიუმში, ცილინდრში და შავ ბათინკებში ლამის სიკვდილამდე სცემა მასზე ბევრად უმცროს ბავშვს; მოგვიანებით, იგივე მოხდა საფრანგეთში, ლიონში... არადა, კუბრიკი სისასტიკეს ამხელდა, უნდოდა მაყურებელში ძალადობის მიმართ აღშფოთება და ზიზღი გამოეწვია. სტენლის სახლში მისდიოდა მუქარის წერილები, სადაც მისი ოჯახის წევრებს სასტიკად ემუქრებოდნენ.

“მექანიკური ფორთოხალი” ბრიტანეთში ხელმეორედ მხოლოდ 27 წლის შემდეგ, სტენლი კუბრიკის გარდაცვალების მერე გამოვიდა ეკრანებზე. 2000-ში.

“ზოგჯერ ისეთი რაღაცები გიყვარდება, რაც სხვას არ მოსწონს. ხდება ხოლმე. ბევრი ფილმი მომწონს, რომელშიც მითამაშია და მათ, სამწუხაროდ, არავინ უყურებს. ნანახი გაქვს კარენ შახნაზაროვის “მეფის მკვლელი”? ამერიკაში ის არავის უნახავს. თითქოს არც არსებობს. როდესაც ჩემს რეტროსპექტივას მართავენ,

კადრი ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი”
სულ ვეუბნები, ჩართეთ ესა და ეს ფილმიც; ოო, ეგ ფილმები ხომ არავინ იცის – მპასუხობენ; – ჰოდა, მაგიტომაც უნდა აჩვენოთ, ვუმტკიცებ მე”. თვლის, რომ მისი საუკეთესო როლი, მისი შემდეგი როლი იქნება. არც საყვარელი გმირი ჰყავს – “ყველა მიყვარს, მაგრამ მათ აღარ ვუყურებ. ერთხელ უკვე ვიცხოვრე მათი ცხოვრებით და რატომღა უნდა ვნახო?”.

1979 წელს ეკრანებზე ტინტო ბრასის “კალიგულა” გამოვიდა. რომის იმპერატორს მალკოლმ მაკდაუელი თამაშობდა. ხშირად უკითხავთ, როგორ აღმოჩნდა ჰელენ მირენთან და პიტერ ო’ტულთან ერთად ბრასის ამ პორნოგრაფიაში. ფილმი, რომელიც სავსეა სექსუალური აქტებით და რომელსაც არტ-პორნო დაარქვეს, ბევრ ქვეყანაში აკრძალული იყო. რა თქმა უნდა, ტინტო ბრასის თავდაპირველი ჩანაფიქრი სულ არ განიცდიდა სექსის ნაკლებობას, მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა პროდიუსერმა, პენტჰაუსის დამაარსებელმა ბობ გუჩიონემ სტუდიაში დამატებით გადაიღო ვიდეომასალა და ფილმში თავად ჩასვა კადრები. “ჩვენ ყველანი გორ ვიდალის არაჩვეულებრივი სცენარის გამო დავთანხმდით. საბოლოოდ მან ჩვენსავით მოტყუებულად იგრძნო თავი. სწორედ ამიტომ ამოაღებინა თავი ტიტრებიდან. გუჩიონემ სრულიად უაზროდ, ალოგიკურად ჩაამონტაჟა ფილმში სექსის სცენები. თუმცა, მეორე მხრივ, მე არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად ვითამაშე”.

სულ ეგონა, რომ აი, ამ ფილმსაც მორჩება და მერე დაბრუნდება უკან, ბრიტანეთში. მაგრამ ასე არ მოხდა. ამბობს, ამინდის გამო დავრჩი ამერიკაში, აქ უკეთესიაო. 1975 წელს მარგო ბენეტზე დაქორწინდა, 5 წელიწადში მსახიობი მერი სტინბერგენი მოიყვანა ცოლად, რომელთანაც ორი შვილი გაუჩნდა – ლილი ამანდა და ჩარლი. ლილი მსახიობია, ჩარლი რეჟისორი და, როგორც მალკოლმი ამბობს, ძალიან ჰგავს მამას – „ფორთოხალში” როგორიც ვარ, ზუსტად ისეთია. გინახავს მისი ფოტო ინტერნეტში?”.

უკვე 30 წელია, არ ეწევა სიგარეტს და არ ეკარება ალკოჰოლს. ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კლინიკაში 29-დღიანი მკურნალობა გაიარა. “80-იანებში ჰოლივუდში ბევრი გახდა ნარკოტიკზე დამოკიდებული, განსაკუთრებით კოკაინზე. მაშინ ამტკიცებდნენ, რომ კოკაინი შეჩვევას არ იწვევდა და ეს არ იყო საშიში. სისულელეა. ვინ თქვა?! ტვინზე მოქმედებს და დამოკიდებული ხდები. ისევეა, როგორც ნიკოტინი”. იმის მერე, აღარასდროს მოუწევია, არ დაულევია და აღარ გაკარებია ნარკოტიკს – “მივხვდი, რომ თუ ამ შანსს არ გამოვიყენებ, ისევ იქ, უკან აღმოვჩნდები”.

თავისი ფილმები შვილებისთვის არასდროს უჩვენებია. „იცოდნენ, რომ მსახიობი ვიყავი, მაგრამ რატომ უნდა მეჩვენებინა ჩემი სისხლიანი ფილმები. მე ხომ მათთვის მამა ვარ, მამა”. ლილი 18 წლის იყო, როდესაც აღმოსავლეთ სანაპიროზე, კოლეჯში გადავიდა სასწავლებლად. მამის არცერთი ფილმი არ ჰქონდა ნანახი. ერთ დღეს დაურეკა – მამ, გაგიკვირდება, შეიძლება არც დაიჯერო, მაგრამ... აქ ბავშვებს შენი პლაკატები აქვთ გაკრული; აზრზე არ იყო, ვინ ჯანდაბა ვიყავი, – მეუბნება მალკოლმი. მერე კოლეჯიდან დაურეკეს და რეტროსპექტივის გამართვა სთხოვეს. ლილიმ იქ პირველად ნახა მამა “მექანიკურ ფორთოხალში”. “რა სახე ჰქონდა, უნდა გენახა – გაფითრებული, ატუზული იდგა...”.

განსაკუთრებით მოსწონს ანიმაციებში თამაში: Robot Chiken, Pinoccio 3000, South Park... მაშინ, როდესაც ტელევიზორში მისი გახმოვანებული მულტფილმი გადის, სამი ბავშვი ერთად იწყებს სირბილს და ხმამაღლა ყვირილს. მალკოლმ მაკდაუელს მესამე ცოლთან, კელი მაკდაუელთან სამი ვაჟი ჰყავს: 3, 5 და 8 წლის. სანტა ბარბარასთან, მაღლობზე, საკუთარი დიზაინით აშენებულ უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. გარშემო ლიმონის და ფორთოხლის ხეებია გაშენებული. ქვედა სართულზე კინოდარბაზია. იქვეა მისი გადასახსნელთავიანი იაგუარები, ოსტინ ჰელი და კიდევ, რაღაცები. თავისუფალ დროს კი გოლფის თამაშში ატარებს ან ოჯახთან ერთად, მეგობრებს სტუმრობს.

საუბარი დასასრულისკენ მიდის. ბოლო სცენა უნდა გადაიღონ – მალკოლმმა, ახალგაზრდებთან ერთად, ტექნოზე უნდა იცეკვოს.

“გაგიჟდება ჩემი ცოლი, არადა, მკითხა – ხომ არ უნდა იცეკვოო. შენ ხომ ცეკვა არ იციო... – ბუტბუტებს თავისთვის. – მოგწონს ახლა ეს მუსიკა? რა? მართლა? კომპიუტერში აწყობილი რაღაცა, უუფ...” – თქვა და ცოტა მოიჯღანა.

იღბლიანია, ზუსტად იცის. ადრე უფრო ფრთხილობდა და ბევრს ფიქრობდა, სანამ ვინმეს რამეს იტყოდა. ახლა საერთოდ არ აინტერესებს რას იტყვის მასზე ხალხი, ფეხებზე მკიდია, უკვე გვიანიაო... არადა, სულ ეუბნება ამ სცენარისტებს, რატომ წერთ ამდენ რაღაცას, რა საჭიროა... მოიტანეთ კამერა ჩემს სახესთან, აჩვენეთ ჩემი თვალები და ყველას ეცოდინება, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ, საით მივდივარ.

 

კომენტარები