ვატიკანი

'მისი უწმინდესობა' ვატიკანში აგორებული სკანდალი

ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაოლო გაბრიელე

რომის პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს მსახურთუფროსის პაოლო გაბრიელეს დაკავება ვატიკანისათვის სკანდალური კვირის კულმინაცია აღმოჩნდა. ეს ალიაქოთი გასულ კვირას გამოქვეყნებული წიგნით დაიწყო, სადაც ავტორმა, ჯანლუიჯი ნუძიმ, ვატიკანიდან გამოჟონილ დოკუმენტებს მოუყარა თავი. ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციის საიდუმლო დოკუმენტები ვატიკანის სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და ინტრიგებს აღწერს. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, გაბრიელეს დაკავებისას მის მაგიდაზე საეჭვო დოკუმენტები აღმოჩნდა, თუმცა რამდენად არის ეს ჟურნალისტისათვის მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციის წყარო, ჯერ კიდევ გამოძიების დასადგენია.

გაბრიელე, რომელიც 2006 წლიდან პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს მსახურთუფროსია, ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც პონტიფექსთან ყველაზე აქტიურ კონტაქტშია. გაბრიელე გახლდათ ე.წ. პაპის ოჯახის წევრი, რომელშიც პონტიფიკოსის პირადი მდივნები და ოთხი ქალი შედის – მათ პაპის სამყოფელის მოვლა-პატრონობა ევალებათ.

გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ვატიკანის ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან დათხოვნაც იყო – გოტი ტედეჩის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ პრეზიდენტი ნაკისრ ვალდებულებებს თავს ვერ ართმევდა, რეგულარულად აცდენდა საბჭოს სხდომებს და ავლენდა „შეუფერებელ პიროვნულ საქციელს”. გარდა ამისა, საბჭო მას საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ხელშეწყობაშიც ადანაშაულებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტედეჩი, განსხვავებით მსახურთუფროსისგან, არ დაუკავებიათ.

აგორებული სკანდალი და შემდგომ განვითარებული მოვლენები ვატიკანისთვის სერიოზული დარტყმაა. ის მსოფლიო ფინანსურ საზოგადოებაში სანდო რეპუტაციის მოპოვებას ცდილობს, გაჟონილმა საბუთებმა კი წარმოაჩინა კორუფცია და ფინანსური მაქინაციები, რომელიც მის შიგნით დომინირებს. ასევე ისიც, თუ როგორ აქტიურად ცდილობენ ვატიკანის მაღალჩინოსნები ფულის გათეთრების და სხვა მსგავსი „სენის” დამარცხებას. ფინანსურ სფეროში გამჭვირვალობა საგრძნობი პროგრესი იქნება ე.წ. თეთრ სიაში შესვლის გზაზე, სადაც ის სახელმწიფოები მოიაზრებიან, რომლებიც გადასახადებისგან თავის არიდებასთან ბრძოლის პროცესში ერთმანეთს ფინანსურ ინფორმაციებს უზიარებენ. სავარაუდოდ, ივლისისთვის გახდება ცნობილი, თუ რამდენად აკმაყოფილებს ვატიკანი ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) ფინანსური გამჭვირვალობის კრიტერიუმებს.

რომის კათოლიკე ეკლესიის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი იანვარში დაიწყო, რიდესაც იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუიჯი ნუძიმ გაავრცელა პაპისა და მისი ქვეშევრდომების პირადი მიმოწერა, სადაც საუბარი იყო ეკლესიაში არსებულ კორუფციაზე. ნუძიმ მოგვიანებით გამოსცა წიგნი – „მისი უწმიდესობა”, სადაც პაპისა და მისი მდივნის მიმოწერა უარყოფითად წარმოაჩენს ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ ტარჩიციო ბერტონეს. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ დოკუმენტაცია მას ვატიკანის რამდენიმე წყაროდან აქვს მიღებული და ამაში არაფერი გადაუხდია. ჯანლუიჯი ნუძიმ არ დააკონკრეტა, იყო თუ არა პაპის მსახურთუფროსი მისი ინფორმაციის წყარო, თუმცა აღნიშნა, რომ ესაა ადამიანი, ვინც დაიღალა ვატიკანში გაბატონებული სიცრუითა და სიყალბით. როგორც ჩანს, ჯგუფის წევრებს ბენედიქტე მეთექვსმეტეს მიერ დაწყებული რეფორმების დაჩქარება სურდათ.

უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად აგორებული სკანდალისა, მორწმუნეებში არსებული მოლოდინები მაინც ოპტიმისტურია. ამერიკის ყველაზე დიდი კათოლიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანდერსონის შეფასებით, ვატიკანი შეძლებს ამ „შტორმთან” გამკლავებას და მისი ცენტრალური ბანკი, ახალი ხელმძღვანელით ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. მისივე თქმით, ეს იქნება ახალი თავი ვატიკანის ისტორიაში, რომელიც ბანკის სანდო იმიჯის დაბრუნებით დაიწყება.

კომენტარები