სერბეთი

ბორის ტადიჩი

ტომისლავ ნიკოლიჩი და ბორის ტადიჩი

მაისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სერბეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა და არჩევნებში მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ ბორის ტადიჩმა განაცხადეს, რომ უთანხმოებების დაძლევა და ძლიერი, პროდასავლური მთავრობის ჩამოყალიბება შეუძლიათ.

სავარაუდოდ, ამ მთავრობას ბორის ტადიჩი უხელმძღვანელებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მზადაა პრემიერმინისტრის ფუნქციების შესასრულებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ტომისლავ ნიკოლიჩმა ტადიჩს, ორივე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში სძლია, შესაძლოა, ამ ერთთვიანი მარათონის საბოლოო გამარჯვებული სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი აღმოჩნდეს.

6 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად სერბეთის 250-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ მოახერხა. ნიკოლიჩის ბლოკი 73 მანდატით პირველ ადგილზე გავიდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ტადიჩი, რომლის ბლოკიც რეიტინგში მეორეა, დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს.

მოლაპარაკებები უკვე დაიწყო ივიცა დაჩიჩის სოციალისტურ პარტიასთან, რომელმაც 45 მანდატით არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა. 2008 წლიდან სოციალისტური პარტია ტადიჩის დემოკრატიულ პარტიასთან იყო კოალიციაში. მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც დაჩიჩი მხარს ბორის ტადიჩს უჭერდა. მოსალოდნელია, რომ ტადიჩი კოალიციას შექმნის, რის შემდეგაც ნიკოლიჩი მას პრემიერმინისტრად დაასახელებს.

სერბეთის კონსტიტუციით, პრემიერმინისტრს გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე პრეზიდენტს, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც არ გააჩნია. მას მცირე ზეგავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე. პრეზიდენტობის პერიოდში ტადიჩმა ამ „პრობლემას” ტექნოკრატი მირკო ცვეტკოვიჩის წამოწევით დააღწია თავი – ცვეტკოვიჩი პრემიერმინისტრი გახდა.

Associated Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტადიჩი „ახალ მთავრობაში ნიკოლიჩის ნაციონალისტების შეყვანას არ აპირებს”. პროგრესული პარტიის წევრების განცხადებით, ეს აუცილებლად შექმნის ლეგიტიმურობის პრობლემას.

დასავლურ მედიაში პროგრესული პარტიისა და მისი ლიდერის, ნიკოლიჩის მიმართ მრავალი კითხვა გაჩნდა. ევროპაში ბევრს აინტერესებს, რეალურად რამდენად „შეიცვალა” ტომისლავ ნიკოლიჩი, რომელიც 2008 წლამდე ვოისლავ შეშელის თანამოაზრე და პარტიის წევრი იყო. შეშელი სამხედრო დანაშაულის გამო ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგა.

უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებს მოსკოვში ყოფნისას გაკეთებული მისი ბოლო განცხადებები. Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას იმსახურებენ და შესაძლოა, სერბეთის პარლამენტმა მათი ცნობის საკითხი მალე განიხილოს. კოსოვო კი განსხვავებული თემაა და იგი სერბეთის შემადგენლობაში უნდა იყოს.

ნიკოლიჩთან შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სერბეთს 800 მილიონი ამერიკული დოლარის ტრანში გამოუყოს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ყოფილი პრეზიდენტების გაპრემიერების უკვე საკმაო მაგალითი დაგროვდა. ყველაზე ცნობილი ვლადიმირ პუტინის შემთხვევაა, მაგრამ ასევე შეიძლება გავიხსენოთ ლიტვის პრეზიდენტი (1993-1998) ალგირდას ბრაზაუსკასი, რომელიც 2001-2006 წლებში პრემიერი იყო, უფრო ადრე კი პაკისტანის პრეზიდენტი (1971-1973) ზულფიკარ ალი ბჰუტო, რომელიც 1973-1977 წლებში პრემიერი გახდა. ასეთი მაგალითები მრავლადაა ყოფილ იუგოსლავიაშიც - სერბეთის მეზობელ მონტენეგროში (რომელიც სერბეთს 2006 წელს გამოეყო) ფილიპ ვუიანოვიჩი ჯერ პრემიერ-მინისტრი (1998-2002) იყო, 2002 წლიდან კი პრეზიდენტია. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მისი ბოლო პრეზიდენტი (2000-2003) ვოიცლავ კოშტუნიცა, რომელიც 2004-2008 წლებში სერბეთის პრემიერი იყო.

 

კომენტარები