Facebook

Facebook-მა, შესაძლოა, Opera web browser-ი შეიძინოს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი ვებბრაუზერ Opera-ს შესყიდვით არის დაინტერესებული. მთლიანი ბრაუზერის შესყიდვა კომპანიას, ცხადია, ძვირი დაუჯდება, მაგრამ სავარაუდოდ, ეს დანახარჯი გამართლებულია – სოციალური ქსელის მეპატრონეები უკეთ შეძლებენ მომხმარებლისთვის საკუთარი პროდუქტის მიწოდებას. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე Opera-ს საბაზრო ფასმა ოცი პროცენტით მოიმატა.

ამჟამად ვებბრაუზერის ფასი 800 მილიონ დოლარზე მეტია. თუმცა, როგორც ჩანს, მისი დამაარსებელი ჯონ ფონ ტეშნერი, რომელიც ამჟამად კომპანიის აქციების 10%-ს ფლობს, Opera-ს გაყიდვას არ მიესალმება. „ჩემი აზრით, კარგი იქნება Opera-მ მეტი ძალისხმევა მიმართოს ზრდასა და განვითარებაზე, და არა გაყიდვაზე, რადგან მას ამ მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია”, – თვლის ტეშნერი. სხვა, ოფიციალური კომენტარი Opera-ს მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ ერთი საკითხია ვებბრაუზერის ცალკე „განვითარება და ზრდა” და მეორე, მისი მიყიდვა Facebook-ისთვის, რომლის ფასიც, შედარებისთვის, 87 მილიარდ დოლარს შეადგენს და მომხმარებლების რაოდენობითაც აღემატება ამ ვებბრაუზერის მოყვარულებს.

საკითხავი ისაა, რატომ გადაწყვიტა Facebook-მა ვებბრაუზერის შეძენა – სავარაუდოდ, საკუთარი საიტის გავლენის კიდევ უფრო გასაზრდელად. მართლაც, როდესაც ისეთ მასშტაბებზე გადიხარ, როგორზეც Facebook-ია და მილიონობით მომხმარებელი გყავს, საიტზე მორგებული ვებბრაუზერის ფლობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

თანამედროვე ვებსტანდარტები – html5 და css3, ძალიან დიდ როლს ასრულებენ Facebook-ის წარმატებაში. სწორედ მათი საშუალებით ხერხდება ქსელის მრავალი აპლიკაციის შექმნა ისე, რომ მათი გამოყენება უამრავ სხვადასხვა მობილურ პლატფორმაზე იყოს შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აპლიკაციების შექმნისას გათვალისწინებული იყოს იმ მომხმარებელთა ინტერესებიც, რომლებიც ბოლო მოდელის მობილურ მოწყობილობებს არ ფლობენ. ამ სტანდარტებთან შეთავსებაში კი, უნდა ვაღიაროთ, რომ Opera-ს მცირედი პრობლემები აქვს. არადა, Opera mini მობილურ მოწყობილობებზე საკმაოდ გავრცელებულია (აქ არ იგულისხმება Apple-ის პროდუქტები, რომელიც საკუთარ ოპერაციულ სისტემაში Safari-ს ვებბრაუზერის გარდა სხვას არავის აკარებს) და Safari-ს მერე პირველ ადგილს იკავებს.

Opera-ს შეძენით Facebook-ს შესაძლებლობა მიეცემა, საკუთარი ვებსტანდარტები შექმნას. Opera გავრცელებით საკმაოდ ჩამორჩება სხვა ბრაუზერებს, რაღა თქმა უნდა, მობილური მოწყობილობების გარდა, თუმცა ის მაინც ითვლის რამდენიმე ათეულ მილიონ მომხმარებელს. „ვებფუტურისტებში” მისი პოპულარობა განსაკუთრებით მაღალია. Facebook-ი კი, როგორც ჩანს, სწორედ მომავალში იხედება და ახალი ინტერნეტსტანდარტების შექმნასაც არ ერიდება.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან Facebook-ის და Bing-ის გაერთიანება მოხდა. თუკი ეს ტენდენციები ასე გაგრძელდა, საბოლოოდ მივიღებთ ორ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ გიგანტს. ერთი მხრივ არის Google-ი, საკუთარი ვებ ბრაუზერით, სოციალური ქსელითა და, ცხადია, საძიებო სისტემით, მის საპირისპიროდ კი თანდათან ყალიბდება Facebook-ი, ასევე საკუთარი ვებბრაუზერ Opera-თი და საძიებო სისტემა Bing-ით. თუკი სოციალური ქსელების განხრით Facebook-ი Google-ს ჯერჯერობით უგებს, ამ უკანასკნელის უპირატესობა საძიებო სისტემასა და ვებბრაუზერ Chrome-შია. პოპულარობით მათთან Bing-ი და Opera ახლოსაც ვერ მივა. თუმცა ჯერჯერობით...

 

კომენტარები