ირანი

ირანის ელჩმა საქართველოში განცხადება გაავრცელა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მაჯიდ საბერმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე, ირანის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით.

,,ბოლო პერიოდის მანძილზე ქართულ მედია საშუალებებში გამოქვეყნებულ სტატიებში, ინტერვიუებსა და ანალიტიკურ პუბლიკაციებში გაიჟღერა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკასთან, განსაკუთრებით კი ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებულმა საკითხებმა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მცდარი და არარეალურია. ზოგიერთ ინტერვიუში კი რესპოდენტების მიერ გამოხატულია არასწორი და მიკერძოებული პოზიცია.‘’-აღნიშნულია განცხადებაში.

ცამეტ პუნქტიან განცხადებაში განმარტებულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამა სამშვიდობო ხასიათს ატარებს და პროგრამა ხორციელდება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) შესაბამისად.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანის ბირთვული პროგრამები, რომლებიც ამასთანავე ბირთვული მედიცინის განვითარებას უწყობენ ხელს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშაა და დღემდე არცერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო რეალურ საფრთხეს მსოფლიოსთვის სიონისტური რეჟიმი წარმოადგენს.

,,დიდ სახელმწიფოებს არ სურთ სხვა ქვეყნების კანონიერი უფლებების აღიარება. დასასრულს უნდა ითქვას, რომ კეთილი ნებისა და ნდობის გაძლიერების საფუძველზე, ირანი ყოველთვის მიესალმება თანაბარ პირობებში კონსტრუქციული დიალოგის გამართვას.’’-აღნიშნულია ირანის ელჩის განცხადებაში.

კომენტარები