Facebook

ამერიკელი კონგრესმენები 13 წლამდე ბავშვების მიერ Facebook-ით სარგებლობას აპროტესტებენ

ამერიკელმა კონგრესმენებმა ედუარდ მარკმა და ჯო ბარტონმა, სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ზაკერბერგს წერილი გაუგზავნეს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ სოციალური ქსელის 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომობის გამო.

დემოკრატი ედუარდ მარკი და რესპუბლიკელი ჯო ბარტონი ბავშვების მიერ Facebook-ით სარგებლობას აპროტესტებენ და პასუხს ითხოვენ კითხვაზე, გეგმავს თუ არა Facebook-ი მცირეწლოვანი მომხმარებლების პირადი მონაცემების გამოყენებას. წერილში სულ 14 კითხვაა ჩამოთვლილი, რომელთაც მარკ ზაკერბერგმა 25 ივნისამდე უნდა გასცეს პასუხი.

კონგრესმენები განმარტავენ, რომ სოციალურ ქსელში ბავშვების პირადი მონაცემების დაცვის კანონის შესაბამისად, ბავშვების მონაცემების გამოყენება ნებისმიერ ორგანიზაციას მხოლოდ მათი მშობლების თანხმობით შეუძლია.

რამდენიმე დღის წინ გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Facebook-ი ახალი ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს, რომლის მეშვეობითაც, მცირეწლოვანი ბავშვების Facebook ანგარიშები მშობლების ანგარიშზე იქნება მიბმული, შესაბამისად ისინი სოციალური ქსელით სარგებლობას მხოლოდ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებენ.

Facebook-ის ადმინისტრაციას კონგრესმენების წერილზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები