ჩინეთი

ცხელი ზაფხულის მოლოდინში

ბო სილაი

ბო სილაი
შემოდგომაზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესზე ქვეყნის მართვის სადავეებს ახალი ლიდერი ჩაიბარებს. გადაწყვეტილია, რომ ჰუ ძინტაოს სი ძინპინი შეცვლის, თუმცა ძალაუფლებისთვის ბრძოლა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კვლავ მიმდინარეობს.

მარტში დაწყებული ბო სილაის ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ჩუნცინის მუნიციპალიტეტის კომპარტიის მდივანი ბო თანამდებობიდან გადააყენეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ მძიმე სამართალდარღვევების მოტივით, გამოძიება დაიწყეს. ამას გარდა, დაპატიმრებულია ბოს მეუღლე, რომელსაც ბრიტანელი ბიზნესმენის, ნილ ჰეივუდის მკვლელობაში ედება ბრალი.

გავლენიან და პოპულარულ ბოს მოკავშირეები ჰყავდა როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ელიტაში. მის თანამოაზრედ ითვლებოდა პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი და ჩინეთის უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი ჟუ იონკანი. ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟუ თავის ყოველდღიურ მოვალეობებს ჩამოაცილეს. კითხვის ნიშნის ქვეშაა კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, პოლიტბიუროს წევრისა და ჩინური სახელმწიფო პროპაგანდის შეფის, ლიუ იუნშანის მდგომარეობა – ირკვევა, რომ ლიუ პოლიტიკური რეფორმების მომხრეთა

პრეზიდენტი ჰუ ძინტაო
მოსაზრებებს საინფორმაციო საშუალებებამდე არ უშვებდა. The Wall Street Journal-ის ცნობით, მთავრობამ დაკითხა სამხედრო მაღალჩინოსნები, გენერალი ლიუ იანი და გენერალი ჟანგ ჰაიანი. დაკითხვის მთავარი თემა მათი ბოსთან კავშირი იყო.

ჩინეთის პოლიტიკურ ელიტას ახსოვს კულტურული რევოლუცია და მას ამ მოგონებებს უმძაფრებდა ბო, რომელმაც ჩუნცინის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ადგილებში მაოისტური სიმღერები დააბრუნა. მისი პოპულიზმი და მედიდური იმიჯი ოპონენტებს მაოს პიროვნების კულტს ახსენებდა. ბოს სახით ელიტამ შეაჩერა ადამიანი, რომელიც საკუთარი კულტის ჩამოყალიბებას ცდილობდა.

ცნობილი ექსპერტი ფრენსის ფუკუიამა აღნიშნავს, რომ ჩინეთის ლიდერებმა ბო მოიშორეს, თუმცა ე.წ. ცუდი იმპერატორის დილემა არ მოუგვარებიათ – ჩინეთი ხომ თავისი არსებობის 2000 წლის მანძილზე ცენტრალიზებულ, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მის საფუძველს – ავტორიტეტის პატივისცემასა და მორჩილებას –

პრემიერი ვენ ძიაბაო
კონფუციანიზმი განსაზღვრავდა. ხელისუფლების სათავეში დადებითი პიროვნების ყოფნის შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა მუშაობდა, თუმცა ცუდი იმპერატორი ქვეყანას ქაოსში ხვევდა. ფუკუიამას აზრით, ჩინეთის ბოლო ცუდი იმპერატორი იყო მაო, რომლის მიერ ინიცირებული კულტურული რევოლუცია სწორედ კონფუცის მოძღვრების ამოძირკვას ისახავდა მიზნად, მაოს შეშლილმა ეკონომიკურმა რეფორმებმა კი სახელმწიფო სიღატაკემდე მიიყვანა. ფუკუიამა იმასაც აღნიშნავს, რომ ამჟამად ჩინეთში ხელისუფლების ტრანზიციას არ აქვს მყარი ინსტიტუციონალური საფუძველი და ის ეფუძნება შიდაპარტიულ წესებს, რომელსაც ბოს მსგავსი პიროვნება მარტივად შეცვლიდა. ცუდი იმპერატორის პრობლემას ჩინეთს მხოლოდ პოლიტიკური ლიბერალიზაცია და დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა მოუგვარებს.

ცუდი იმპერატორობის კანდიდატი ბო პოლიტბიუროში ნეომაოისტი, რეტროგრადი შეხედულებების მქონე პოლიტიკოსების ლიდერი იყო. ეს ჯგუფი კომპარტიის მარცხენა ფლანგზეა განლაგებული და მასში ძველი რევოლუციონერებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების შთამომავლები შედიან – თავად ბო რევოლუციონერ ბო იუბოს შვილია. მომავალი ლიდერი, სი ძინპინიც რევოლუციონერთა შთამომავლებს მიეკუთვნება, თუმცა მას ბოს მხარდამჭერებში არ მოიხსენიებენ.

რეტროგრადებს ე.წ. რეფორმისტების ფრაქცია უპირიპირდება, რომელიც პრეზიდენტ ჰუსა და პრემიერ ვენის გარშემოა გაერთიანებული. ამ ჯგუფის წევრები კომპარტიის ახალგაზრდული ლიგიდან მოდიან.

დაპირისპირებულ ბანაკებს შორის ბრძოლის შედეგებს, პირველ რიგში, ჩინეთის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ექნება გავლენა. ბოს თანამოაზრეები ჩინეთის ეკონომიკის ლიბერალიზაციას ეჭვის თვალით უყურებდნენ – ისინი ეკონომიკაში

ჟუ იონკანი
სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებასა და აქტიური რედისტრიბუციული პოლიტიკის განხორციელებას ემხრობიან. მათი ხედვა იაფი მუშახელის და სახელმწიფო კორპორაციებისთვის დიდძალი სუბსიდიების პირობებში ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას გულისხმობს. ეკონომიკის მსგავსად, ისინი ცენტრალური კონტროლის გაძლიერებას პოლიტიკურ სისტემაშიც ემხრობიან.

ჰუსა და ვენის ბანაკს კი ეკონომიკური ლიბერალიზაციის ნელი ტემპებით გაგრძელება სურს, რადგან ისინი ხვდებიან, რომ ქვეყნის ექსპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკას რებალანსი სჭირდება. გარდა ამისა, პრემიერი ვენი პოლიტიკური ცვლილებების მოწოდებითაც გამოდის, თუმცა მიმომხილველები აღნიშნავენ – ნებისმიერი ფრაქციის უპირველესი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება იქნება. შესაბამისად, შესაძლო სურვილის მიუხედავად, პოლიტიკურ ლიბერალიზაციასთან რეფორმისტულად განწყობილი პოლიტიკოსებიც უკიდურესად ფრთხილად იქნებიან.

ბოს ჩამოცილებით და მისი თანამოაზრეების დათრგუნვით, ძალთა ბალანსი ჰუს ფრაქციის სასარგებლოდ გადაიხარა. მიუხედავად ამისა, კომუნისტურ პარტიას მაინც დაძაბული კონგრესი ელის, ვინაიდან სასწორზე პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ადგილებია. კომიტეტი 9 წევრისგან შედგება და ჩინეთში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს. ის გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს. 9 წევრიდან კონგრესზე 7 უნდა შეიცვალოს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ 7 ვაკანსიიდან ორს სი ძინპინი და ლი კექიანი დაიკავებენ. ეს უკანასკნელი ჩინეთის პრემიერი უნდა გახდეს.

კომიტეტში ჟუ იონკანი ბოს უნდა შეეცვალა. თუმცა ამ ადგილს, სავარაუდოდ, კომუნისტური პარტიის გუანდონის კომიტეტის მდივანი ვან იანი დაიკავებს. გუანდონი ჩინეთის ეკონომიკურად მოწინავე პროვინციაა და სხვა რეგიონებთან შედარებით, პოლიტიკური თავისუფლებებითაც გამოირჩევა, თავად ვანი კი ეკონომიკური ლიბერალიზაციის მომხრე პოლიტიკოსად ითვლება.

შესაძლოა, კომიტეტში ადგილი მიიღოს ვიცეპრემიერმა ვან ქიშანმაც, რომელიც ჩინეთის პარლამენტის, ნაციონალური სახალხო კონგრესის თავმჯდომარედაც მოიაზრება. კომიტეტის პირველი ქალი წევრი შეიძლება გახდეს ლიუ იანდონი, რომელმაც ჩინეთის პოლიტიკურ ელიტაში კომპარტიის ახალგაზრდული ფრთიდან შეაბიჯა.

სი ძინპინი
კომიტეტში მოხვედრის გარკვეული შანსები აქვთ მენ ძიანჟუსა და ჟან დეძიანს. მენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის პოსტი უკავია და, როგორც ამბობენ, ჟუს მოვალეობებიც გადაიბარა, ჟანი კი ჩუნცინში ბოს ნაცვლად მიავლინეს. კიდევ ერთი კანდიდატი ლიუ იუნშანი იყო, თუმცა ბოსთან სიახლოვის გამო მისი შანსები შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე კანდიდატები ჰუსა და მისი თანამოაზრეების მოწინააღმდეგეებად არ ითვლებიან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი თანამდებობიდან წასვლამდე მნიშვნელოვან რეფორმას გეგმავს – მას სურს მუდმივი კომიტეტის წევრთა რაოდენობა 7-მდე შეამციროს და ნაკლებ მოწინააღმდეგეს დაუტოვოს კომიტეტში მოხვედრის შანსი. ამ შემთხვევაში თანამოაზრეებს შორის კონსენსუსიც უფრო ადვილი გახდება. ამ საკამათო ცვლილების გამო, გავრცელდა ვერსია, რომ პარტიის კონგრესი სექტემბრის ნაცვლად შეიძლება ნოემბრამდე, ან სულაც, 2013 წლის იანვრამდე გადაიდოს.

ახლანდელი პოლიტიკური კრიზისი ჩინეთისთვის ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე მძაფრია. ექსპერტ ფრანსუა გოდმონის აზრით, ქვეყანა გზაგასაყარზეა. რეფორმების გაგრძელების გზის არჩევით, მას ეკონომიკის გაჯანსაღების შანსი მიეცემა, სხვა შემთხვევაში კი ისევ გეგმიური ეკონომიკისა და მაოიზმის ბრჭყალებში აღმოჩნდება.

 

 

 

კომენტარები