კანი 2012

ისევ მიხაელ ჰანეკე

მიხაელ ჰანეკე

მიხაელ ჰანეკე
ჟიურის ბევრი არ უფიქრია, რა კრიტერიუმით გამოევლინა წლევანდელი გამარჯვებული და არჩევანი, უბრალოდ, საუკეთესოზე შეაჩერა. წინა წერილში აღვნიშნე, რომ კანის ფესტივალზე მიხაელ ჰანეკეს ფილმები არასდროს რჩება პრიზების გარეშე და ჟიურის არც წელს დაუტოვებია უყურადღებოდ ავსტრიელი რეჟისორის ახალი ნამუშევარი „სიყვარული”, რომელიც ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა. ჰანეკეს ფილმს, კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, მართლაც არ ჰყავდა კონკურენტი და საერთაშორისო პრესა უპირობო ლიდერად მიიჩნევდა, თუმცა კრიტიკოსთა ნაწილი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ ჟიური ჰანეკეს რეპუტაციის ზეგავლენის ქვეშ მოექცა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი რეჟისორი მატეო გარონე ფესტივალის განმავლობაში კინოკრიტიკოსთა მხრიდან პოპულარობით არ სარგებლობდა, ჟიურის დიდი პრიზი გადაეცა მის ტრაგიკომიკურ „რეალითი შოუს”, რომელიც პოპულარობაზე მეოცნებე თევზით მოვაჭრე უბრალო მამაკაცის ამბავს იუმორით გვიყვება.

საუკეთესო სცენარისათვის პრიზით დაჯილდოვდა რუმინელი კრისტიან მუნჯიუს ფილმი „გორაკებს მიღმა”. როგორც რეჟისორი ამბობს, სიუჟეტი ერთ-ერთი პროვინციის მართლმადიდებლურ მონასტერში რწმენის სახელით ჩადენილმა ძალადობამ შთააგონა. ფილმი ახალგაზრდა გოგონას ტრაგიკული აღსასრულით მთავრდება, რაც ეკლესიის მსახურთა სისასტიკითაა გამოწვეული, მაგრამ ამ ისტორიით რეჟისორმა სათქმელი განაზოგადა და ადამიანის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის მიმართ საკუთარი პროტესტი გვიჩვენა. აღსანიშნავია, რომ „გორაკებს მიღმა” საერთაშორისო პრესის ერთ-ერთი ფავორიტი იყო და კიდევ ერთი წარმატება ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ხვდა წილად. ამ ნომინაციაში პრიზი მთავარი როლის შემსრულებლებმა, რუმინელმა მსახიობებმა კრისტინა ფლუტურმა და კოსმინა სტრატანმა დაიმსახურეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წლევანდელ კანზე ამ ჯილდოს მისაღებად დიდი კონკურენცია ნამდვილად არ ყოფილა.

ფესტივალის მეორე ნახევარში აჩვენეს არაერთი ფილმი, რომელსაც მაყურებელი, მათ შორის ქართველი კინომოყვარულები, განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ. დევიდ კრონენბერგმა წარმოადგინა ახალი ნამუშევარი „კოსმოპოლისი”. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მილიარდერი, კაპიტალისტური სისტემის მსხვერპლი ხდება – მისი ფსიქიკა დაზიანებულია, არასწორი გადაწყვეტილების გამო შეიძლება რამდენიმე საათში სრული ფინანსური კრახი განიცადოს. თანაც, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ფილმის მოქმედება, ძირითადად, ლიმუზინში ხდება, სადაც მთავარი გმირი მორიგეობით ესაუბრება თავის ახლობელ ადამიანებს. მთავარ როლს ასრულებს რობერტ პატინსონი, რომელმაც დევიდ კრონენბერგის დახმარებით, წარმატებით გაიარა ტრანსფორმაცია ვამპირის როლიდან საავტორო კინომდე.

კრისტინა ფლუტური და კოსმინა სტრატანი
კონკურსში რუსეთის სახელით მონაწილეობდა უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას „ნისლში”, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ ბელორუსიის ოკუპაციის პერიოდია აღწერილი. ფილმი ბელორუსი ავტორის, ვასილ ბიკოვის რომანის მიხედვითაა გადაღებული, თუმცა ლოზნიცამ, სავარაუდოდ ფართო აუდიტორიის მისაზიდად, ყურადღება „დასავლეთისათვის” გაცილებით გასაგებ, ეგზისტენციალურ საკითხებზე გაამახვილა. ამ ფილმმა კინოკრიტიკოსთა აღიარება FIPRESCI-ს დიპლომი აიღო.

ყველასთვის მოულოდნელი არჩევანი გააკეთა ჟიურიმ, როდესაც პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის მიანიჭა მექსიკელი რეჟისორის, კარლოს რეიგადასის ფილმს Post Tenebras Lux. კანის აუდიტორია არასოდეს ყოფილა ისეთი ერთსულოვანი, როგორც ამ ნამუშევრის შეფასებისას, „უცნაური და ნაკლებად შთამბეჭდავი” ფილმი საერთაშორისო პრესამაც ერთხმად გააკრიტიკა. აუდიტორიისთვის გაუგებარი აღმოჩნდა არა მარტო ამ ფილმისათვის პრიზის მინიჭება, არამედ საკონკურსო პროგრამაში მისი ჩართვა. ვფიქრობ, ჟიურიმ ეს არჩევანი იმ აზრის განსამტკიცებლად გააკეთა, რომ კანის ფესტივალი ყველა ტიპის ფილმისთვის ღიაა, მათ შორის ისეთი არაორდინარული გაუგებრობისთვის, როგორც რეიგადასის Post Tenebras Lux-ია.

ტომას ვინტერბერგის ფილმში „ნადირობა” შესანიშნავად გაართვა თავი დრამატულ როლს დანიელმა მსახიობმა მადს მიქელსენმა და დამსახურებულად მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

კონკურსგარეშე აჩვენეს ბერნარდო ბერტოლუჩის ახალი ფილმი „შენ და მე”, რომელიც მისი შემოქმედებისგან აშკარად განსხვავდება. ინტიმური სცენების ნაცვლად რეჟისორმა ამჯერად გადაიღო ისტორია და-ძმის შესახებ, რომლებსაც ახლო ურთიერთობა არ აქვთ, თუმცა უცნაური შემთხვევის წყალობით ბევრ საერთოს აღმოაჩენენ და ერთმანეთზე ზრუნვას

მადს მიქელსენი
იწყებენ. რეჟისორი, რომელიც თავად ესწრებოდა ფილმის პრემიერას, აუდიტორიამ ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

წლევანდელი ფესტივალის დახურვისთვის ფრანგი რეჟისორის, კლოდ მილერის ფილმი „ტერეზა დესკეირუ” შეარჩიეს. ფრანსუა მორიაკის რომანის ეკრანიზაციაში ოდრი ტატუ ასრულებს ძლიერი და სასტიკი ტერეზას როლს, რომელიც ოჯახურ მშვიდ, რუტინულ ატმოსფეროს ვერ ეგუება და მძაფრი გრძნობებისა და თავისუფლებისკენ მიილტვის.

კენ ლოუჩის ჯილდოებს კიდევ ერთი პრიზი დაემატა – ფილმმა „ანგელოზის ხვედრი” ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ის მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც ორი არჩევანი აქვს – დაუბრუნდეს კრიმინალურ წარსულს, ან დაადგეს სწორ გზას და მშვიდად განაგრძოს ცხოვრება მეგობარ გოგონასთან და შვილთან ერთად. ფილმს კენ ლოუჩისათვის დამახასიათებელი ბედნიერი დასასრული აქვს – ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან და ყველაფერი კარგად მთავრდება.

 

კომენტარები