თეატრი

ქართველების თავისუფლება „გლობუსში”

0 კომენტარი

„საუკუნის პროექტში” მონაწილეობისთვის მარჯანიშვილის თეატრი თანამედროვე „გლობუსის” სამხატვრო ხელმძღვანელმა, დომინიკ დრომგულმა შეარჩია – სწორედ ლევან წულაძე და მისი შემოქმედებითი ჯგუფი მიიწვიეს „შექსპირის გლობუსში” სათამაშოდ.

შექსპირის საერთაშორისო ფესტივალში, სახელწოდებით „მსოფლიო გლობუსში”, 37 ქვეყნის თეატრალური დასი ჩაერთო. ღონისძიებაზე, რომელიც 21 აპრილიდან 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა, ქართველებმა ღია ცის ქვეშ, ხელოვნურ განათებას მოკლებულ ფიცარნაგზე, მშობლიურ ენაზე ითამაშეს (ფესტივალის წესის თანახმად) შექსპირის პიესა „როგორც გენებოთ”.

ლევან წულაძის დადგმის მხატვრულ ხარისხზე ვერ ვისაუბრებთ, რამდენადაც სპექტაკლი საქართველოში ჯერ არ გვინახავს. როგორც თეატრის დასი გვპირდება, წარმოდგენის შეფასების საშუალება ქართველ მაყურებელს თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მიეცემა.

საკუთარი წერილები ჯერ მხოლოდ უცხოელმა თეატრის მკვლევრებმა, ჟურნალისტებმა და კულტურის მიმომხილველებმა

გამოაქვეყნეს. როგორც მათი შეფასებებიდან ირკვევა, ქართველი რეჟისორის გადაწყვეტამ, „თეატრში თეატრის შექმნის” ხერხი გამოეყენებინა, გაამართლა და არტისტებს გარდასახვის, სამსახიობო ოსტატობის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მისცა. შექსპირის შემოქმედებას ლევან წულაძე მესამედ შეეხო: პირველად იყო ვაკის თეატრალურ სარდაფში დადგმული „ვენეციელი ვაჭარი”, რომელშიც შაილოკის როლის განსახიერებისთვის გერმანიიდან საგანგებოდ ჩამოვიდა მსახიობი მერაბ ნინიძე, მეორე გახლდათ მარჯანიშვილის თეატრის „ზაფხულის ღამის სიზმარი” (2006) და მესამედ – „როგორც გენებოთ”.

დადგმის კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე გახლავთ, ქორეოგრაფი – გია მარღანია, კოსტიუმების მხატვარი – ნინო სურგულაძე, ტექსტზე კი დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ქეთევან ცხაკაია, ნატა მურვანიძე, მანანა კაზაკოვა, ქეთევან შათირიშვილი, ნატუკა კახიძე, ნიკა კუჭავა, ონისე ონიანი, ნიკოლოზ თავაძე, მალხაზ აბულაძე, დავით ხურცილავა, ზურა ბერიკაშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი, ბესო ბარათაშვილი, როლანდ ოქროპირიძე.

საინტერესოა, რომ თეატრი „გლობუსი” 1599 წელს, მსახიობთა გაერთიანების – Lord Chamberlain’s Men – სახსრებით აიგო და მასში როგორც ფინანსური, ისე შემოქმედებითი წილი უილიამ შექსპირსაც ჰქონდა ჩადებული. „გლობუსის” თავდაპირველი ნაგებობა, ჩვენამდე მოღწეული ვერსიის თანახმად, 1613 წლის 29 ივნისს, ხანძრისგან განადგურდა. ამის შემდეგ „გლობუსი” მალევე, 1614 წლის ივნისში აღადგინეს, თუმცა, იმ დროისათვის, შექსპიროლოგების ცნობით, დრამატურგი ლონდონიდან უკვე სტრატფორდში იყო წასული. თეატრმა 1642 წლამდე იარსება. „გლობუსის” თანამედროვე შენობა კი, რომელიც გათხრების შედეგად ნაპოვნ საძირკველზე დააშენეს, ოფიციალურად 1997 წელს გაიხსნა. „შექსპირის გლობუსის” პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი მარკ რაილენსი იყო, 2006 წლიდან – დომინიკ
დრომგული.

შექსპირის ფესტივალის მასშტაბურად აღნიშვნით და მასში 37 ქვეყნის შემოქმედებითი ჯგუფის ჩართვა-წარმოჩენით, „გლობუსის” ხელმძღვანელები ცდილობენ, რომ ისტორიულ ადგილს ფუნქცია და მნიშვნელობა შეუნარჩუნონ, თეატრი პრაქტიკული თუ თეორიული კვლევების ცენტრად აქციონ.

როგორც მარჯანიშვილის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამუნა ლალიაშვილმა გვითხრა, შექსპირის ფესტივალისთვის დადგმული ლევან წულაძის სპექტაკლი უკვე მიწვეულია ინდოეთსა და ბუენოს აირესში. მისივე თქმით, პროექტის სპონსორობა თბილისის მერიამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ითავა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები