საქართველო-აშშ

აშშ-ს კონგრესმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს, სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებებით გაღრმავებას.

კონგრესმენები მხარს უჭერენ აშშ-ს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოში თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი მეთოდებით აღდგენისკენ.

,,ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მისი საზღვრების ურყევობას, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას.’’-ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ, ხოლო ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს მოუწოდებს პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეცვალონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება.

,,მივუთითებთ რუსეთსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მმართველებს, უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული, ნებაყოფლობითი და უსაფრთხო დაბრუნება და დაუშვან საერთაშორისო მისიები აღნიშნულ რეგიონებში. ვაღიარებთ საქართველოს წინ გადადგმულ ნაბიჯებს და ვამხნევებთ, რათა მან განაგრძოს დემოკრატიის გაძლიერება და რეფორმების განხორციელება, რომლებიც გაზრდიან მედიის გამჭვირვალობასა და თავისუფლებას, მთავრობის გამჭვირვალობას, პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას -ხელი შეუწყოს თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციას და დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებს, სასამართლო რეფორმების გაგრძელებას.’’-ნათქვამია რეზოლუციაში.

 

 

 

კომენტარები