დანიელ იაილონი

ირანი არ შეიძლება ბირთვული იყოს. წერტილი

დანიელ იაილონი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და პარლამენტის (ქნესეთი) წევრია (პარტია ჩვენი სახლი – ისრაელი). 2002-2006 წლებში იყო ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, 2009 წლიდან კი ბინიამინ ნეთანიაჰუს ახალარჩეულ მთავრობაში საგარეო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მისი პროფესიონალიზმის გამო, ავტორიტეტული გამოცემა Foreign Affairs იაილონს დღევანდელ დიპლომატიურ არენაზე ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მოთამაშეს უწოდებს. ის ხშირად აქვეყნებს სტატიებს დასავლურ მედიაში, მათ შორის Foreign Policy-ში და Wall Street Journal-ში. გასულ კვირას, იაილონი რამდენიმე დღით ეწვია საქართველოს. ტაბულა დიპლომატს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე, ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებზე და საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებზე ესაუბრა.

რამდენიმე დღის წინ, ბაღდადში განახლდა მოლაპარაკებები მსოფლიოს ექვს უძლიერეს ქვეყანასა და ირანს შორის ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის თაობაზე. რა შედეგს ელით მოლაპარაკებათა ამ რაუნდიდან და, ზოგადად, რა დამოკიდებულება გაქვთ ბირთვული დიპლომატიის მიმართ?

მთავარია გვახსოვდეს, რომ ირანი საფრთხეს ყველას უქმნის. ეს კონფლიქტი უბრალოდ ირანსა და იერუსალიმს შორის დაპირისპირება კი არ არის, არამედ ირანის დაპირისპირებაა მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებთან. აშკარაა, რომ ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებით თუ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ნაკისრი ყველა საერთაშორისო ვალდებულება დაარღვია. ისიც აშკარაა, რომ ირანს მოწინავე ბირთვული სამხედრო პროგრამა აქვს. ამაზე მხოლოდ ჩვენ ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი არა, ყველა საუბრობს. ყველას კარგად ესმის, რომ ირანი ცრუობს. სწორედ ამიტომ უწესებენ სანქციებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია – თუ ბაღდადში რაიმე შეთანხმება შედგა, მან უსაფრთხოება უზრუნველყოს. ეს კი ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტას, ცენტრიფუგების დამონტაჟების შეჩერებას, უკანონოდ შეძენილი გამხლეჩი მასალების ამოღებას და ძალიან მკაცრი მონიტორინგის დაწესებას ნიშნავს. თუ შეთანხმებაში ეს კომპონენტები არ ჩაიდო, მაშინ ის არ ივარგებს.

ყველაზე ცუდი სცენარის, ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, როგორ იმოქმედებს ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და, კერძოდ, საქართველოზე?

ვფიქრობ, საქართველოს ეს საერთოდ არ ეხება. არ მიყვარს უარეს სცენარებზე მარჩიელობა, თუმცა ერთს ვიტყვი – გავიხსენოთ, რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ბირთვული ირანის შესახებ. მან თქვა, რომ ის საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას; ასევე თქვა, რომ არცერთი ვარიანტი არ მოხსნილა მოლაპარაკებათა დღის წესრიგიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და ვფიქრობ, აიათოლას ხალხი ამას გაითვალისწინებს.

ზოგ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ირანზე პრევენციული დარტყმა კონტრპროდუქტიული იქნება (აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სანქციებმა უკვე საკმაოდ დააზარალა ირანის ეკონომიკა, რიალი 40%-ით გაუფასურდა, აიათოლა ძალაუფლებას კარგავს, საზოგადოებაში იზრდება უკმაყოფილება, მათ შორის, ისლამური რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის ტრადიციულ მომხრეებში). პრევენციული დარტყმა შესაძლებლობას მისცემს რეჟიმს, გაძლიერდეს და მოსახლეობა დასავლეთის წინააღმდეგ დარაზმოს. გარდა ამისა, ეს დარტყმა პრობლემას კი არ გადაჭრის, მხოლოდ გადაავადებს. თქვენ რას ფიქრობთ?

რასაკვირველია, ყველას ურჩევნია ირანის პრობლემის პოლიტიკური, მშვიდობიანი გზით მოგვარება. თუმცა, ამავე დროს, ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაუშვებს, თუნდაც ყველაზე ცუდ სცენარში, ბირთვულ ირანს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან აგრესიული, უკიდურესად რადიკალური ქვეყანაა, რომელიც ეწევა პოლიტიკურ აგიტაციას, ჩართულია პოლიტიკურ მკვლელობებში, ტერორისტულ აქტებში – არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში. ასე რომ, ბირთვული ირანის არსებობა-არარსებობა საკამათო არ არის – ეს აბსოლუტურად დაუშვებელია.

მჯერა, რომ ამას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პოლიტიკური გზით მივაღწევთ, ვინაიდან ირანი ახლა მოწყვლადია – როდესაც საქმე პოლიტიკას ეხება, ეს რეჟიმი ძალიან დაუცველი გახლავთ. თქვენ ეკონომიკური პრობლემები, სოციალური უკმაყოფილება ახსენეთ. ირანის ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ დაწესებული სანქციების გამო მისი პოლიტიკური არსებობა ახლა ბეწვზე ჰკიდია. სწორედ ამიტომ დათანხმდა ბაღდადში ჩასვლაზეც და გასულ თვეს, სტამბოლში შეხვედრაზეც.

შექმნილი ვითარებით საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა ისარგებლოს და ირანთან კომპრომისზე კი არ უნდა წავიდეს, მოთხოვნები წაუყენოს. კრიმინალთან კომპრომისს ვერ მიაღწევ – კრიმინალმა დანაშაულის ჩადენა უნდა შეწყვიტოს და საერთაშორისო ნორმებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს. მჯერა, ამის მიღწევა შესაძლებელია, ვინაიდან აიათოლას მიზანი სანქციების მოხსნაა.

ირანის ხელისუფლებას ძალიან აშინებს დამატებითი სანქციები, რომლებიც 1 ივლისიდან ამოქმედდება და ნავთობზე სრულ ემბარგოს ითვალისწინებს. ეს ქვეყნის ეკონომიკას მართლაც დაასამარებს და რეჟიმს უამრავ პრობლემას შეუქმნის. ამიტომ ახლა ზეწოლის გაძლიერების და ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევის დროა და ეს შესაძლებელია, თუ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევ პოზიციაზე დადგება. დროა, ირანი

საერთაშორისო ნორმებსა და მოთხოვნებს დაემორჩილოს.

როგორ ფიქრობთ, ირანი რაციონალური მოთამაშეა?

ვითარებას გააჩნია. ირანი ირაციონალურია, როდესაც საქმე მის იდეოლოგიასა და ხედვას ეხება. სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლებას უკიდურესი, აპოკალიპტური ხედვა აქვს – ეს ხამენეის, აჰმადინეჟადის და სხვათა ქადაგებებიდან ჩანს. თუმცა, როდესაც საქმე საკუთარი თავის პოლიტიკურ გადარჩენას ეხება, ისინი რაციონალურები არიან და უკან იხევენ. ასე მოიქცნენ 2003 წელს, როდესაც ურანის გამდიდრება შეაჩერეს, რადგან ერაყის ომის დაწყების შემდეგ საფრთხე იგრძნეს – ერაყისა და ავღანეთის მხრიდან რკალში აღმოჩნდნენ და უკან დაიხიეს.

როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევია, ირანი უკან იხევს. თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ აშშ-ს მუქარით შეუთვალა, არ გაეგზავნა სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში. თუმცა აშშ-მა ხომალდები მაინც გააგზავნა და ირანმა უკან დაიხია. ასევე, სანქციების დაწესების შემთხვევაში, სრუტის გადაკეტვით იმუქრებოდა. საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით კი აშშ-მა, განუმარტა, რომ ეს ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა და ირანმაც ისევ დათმო. დაემუქრა საუდის არაბეთსაც, ირანული ნავთობის დანაკლისის შესავსებად ნავთობის მოპოვება არ გაეზარდა. თუმცა საუდის არაბეთმა ყური არ ათხოვა და ირანი კვლავ დათმობაზე წავიდა. მჯერა, რომ ურყევი და უკომპრომისო პოზიციის შედეგად წარმატება გარდაუვალი იქნება.

ირანის ბირთვული საფრთხის მიმართ ისრაელის პოლიტიკას დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსები (იუვალ დისკინი, მეირ დაგანი) მკაცრად აკრიტიკებენ. ისინი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს (ნეთანიაჰუს, ბარაკს) მოსალოდნელი საფრთხის გაზვიადებაში, „მესიანურ რწმენაზე” დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ მათ ირანთან დაკავშირებით პოლიტიკის წარმართვა არ უნდა ანდონ. რას უპასუხებდით ასეთ კრიტიკას?

ეს კრიტიკა საკმაოდ მახალისებს. ისრაელში, როგორც საქართველოში, ძალიან ღია საზოგადოებაა. ყველას შეუძლია თქვას ის, რაც მოესურვება. ერთი თუ ორი წელია, რაც მათ სამსახური დატოვეს და შეუძლიათ თქვან, რაც სურთ. მე კი მხოლოდ ვითარებიდან გამომდინარე ვმსჯელობ. ისრაელი და მისი ლიდერები, მოვლენების განვითარების შესაბამისად, პასუხისმგებლობით მოიქცევიან. ვფიქრობ, ერთი რამ, რაც ყველას ესმის, მათ შორის ბატონ დაგანსა და ბატონ დისკინს, არის ის, რომ ირანი არ შეიძლება ბირთვული იყოს. წერტილი.

გამოითქმის ვარაუდები, განსაკუთრებით დასავლურ მედიაში, რომ ობამას ადმინისტრაცია შეიძლება ირანს ურანის 5%-იან გამდიდრებაზე (ზედა დასაშვები ზღვარი სამოქალაქო დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში) დათანხმდეს, თუ ირანი გაეროს სხვა შეზღუდვებს შეასრულებს. რამდენად მყარი პოზიცია აქვს ისრაელს, რომ ასეთი კომპრომისი უარყოს და მსგავს შეთანხმებას შეეწინააღმდეგოს?

ძალიან მყარი პოზიცია აქვს. ჩვენ გამდიდრებას ვერ დავუშვებთ. ირანმა, ამდენი ტყუილის, ბირთვული თუ სამხედრო პროგრამების და ამბიციების შემდეგ, ურანის გამდიდრებაზე ყველანაირი უფლება დაკარგა. გარდა ამისა, იმის შემოწმება, 5%-ით ამდიდრებს თუ მეტით, უფრო ძნელი იქნება. ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას – ირანი არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ ივაჭროს.

ამ დღეებში, არაბული გაზაფხულის შემდეგ, ეგვიპტეში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არცერთ წამყვან საპრეზიდენტო კანდიდატს ისრაელისადმი დიდი სიმპათიები არ ამოძრავებს. როგორ ურთიერთობებს ელით ისრაელსა და ეგვიპტეს, ასევე სხვა არაბულ ქვეყნებს შორის ახლო მომავალში?

ველი ურთიერთპატივისცემის და პასუხისმგებლური ურთიერთობის გაგრძელებას. მშვიდობიანი ურთიერთობა ისრაელსა და არაბული სამყაროს ლიდერ ეგვიპტეს შორის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგვიპტის პრობლემები ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა და მისი სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტეს ბევრი პრობლემა აქვს. დასავლეთით მას ლიბია ეკვრის, სამხრეთით კი სუდანი, რაც ძალიან პრობლემატურია. ხოლო აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ერთადერთი სანდო, სტაბილური, მეგობრული ქვეყანა ისრაელი ესაზღვრება. ვფიქრობ, ძნელია ახლანდელი რიტორიკის მიხედვით მსჯელობა. ხომ იცით, არჩევნების დროს ზოგჯერ რიტორიკა გარკვეულწილად მძაფრია. მჯერა, ვინც არ უნდა აირჩიონ, ეგვიპტე ისრაელთან მშვიდობიან ურთიერთობას გააგრძელებს, ვინაიდან ამას ყველასთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ბოლოდროინდელი შეთანხმების შემდეგ, რომლის შედეგადაც კადიმა სამთავრობო კოალიციაში შევიდა, პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს მეტი შესაძლებლობა მიეცა პალესტინის მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის. პირველად ისტორიაში, მაჰმუდ აბასისათვის გაგზავნილ წერილში, ანუ ოფიციალურ დოკუმენტში, პრემიერმა ნეთანიაჰუმ დაადასტურა საკუთარი თანხმობა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს დაარსებით მოგვარების შესახებ. უნდა ველოდოთ ამ გაყინული პროცესის დაძვრას?

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პალესტინელებთან დაკავშირებული პროცესი ისრაელის გამო არ

გაყინულა – ეს პალესტინის ხელმძღვანელობის პოლიტიკის ბრალია. ისრაელის მთავრობაში ცვლილებები პალესტინასთან ურთიერთობებზე არ მოქმედებს, ვინაიდან ნაბიჯი ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობამ უნდა გადადგას. ჩვენ კვლავ ველოდებით, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდას მოუსხდებიან და ყველაფერს წინაპირობების გარეშე განვიხილავთ. ჩვენ ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვართ და ამ მზადყოფნას ბოლო 19 წელია, ოსლოს შემდეგ, ვადასტურებთ.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პალესტინის ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამშრომლობისთვის ახალი გზების ძიების ნაცვლად, პოზიციასა და რიტორიკას არ ცვლის – ყველგან პოლიტიკურად თავს გვესხმის – იქნება ეს გაეროში, თუ გაეროს სხვა სტრუქტურებში. მშვიდობის დამყარება ასე არ გამოვა. მშვიდობიანი ურთიერთობა ქაღალდზე კი არ უნდა გაფორმდეს, არამედ ხელმძღვანელებს შორის უნდა დამყარდეს. ხალხებს შორის ისტორიული შერიგება უნდა მოხდეს. გვინდა გარღვევა დავინახოთ პალესტინის ბანაკში. რასაკვირველია, გვახსოვს, რომ მათ ბევრი შიდა პრობლემა აქვთ – ჰამასისა და ღაზის, ფატჰისა და რამალას წინააღმდეგობა წინსვლას ძალიან ართულებს. თუმცა ჩვენ ცდას არ მოვაკლებთ და პალესტინელებთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზების ძიებას გავაგრძელებთ, ვინაიდან ეს ჩვენს ინტერესებშიცაა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთმა დაბლოკა ისრაელის მონაწილეობა NATO-ს სამიტში, ჩიკაგოში (2010 წელს ისრაელის მიერ „მშვიდობის ფლოტილიის” დაკავების გამო). როგორ განმარტავდით ამ ინციდენტს და შეიძლება თუ არა, ამან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბოს?

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს „მშვიდობის ფლოტილია” იყო ტერორის ფლოტილია, რომელიც გახლდათ შეიარაღებული, აგრესიული, გვიტევდა და საერთაშორისო კანონებს არღვევდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, ამ ინციდენტის გამოსაძიებლად საერთაშორისო კომიტეტი შექმნა და ჩვენ დავეთანხმეთ გამოძიების შედეგებს. იმ კომიტეტის ერთ-ერთი წევრი თურქი დიპლომატი იყო. შედეგებმა აჩვენა, რომ ფლოტილიის შემთხვევაში, ისრაელს თავდაცვის უფლება ჰქონდა. ჩვენ თურქებს შევთავაზეთ, ამ კომიტეტის გამოძიების დასკვნები ორივემ შევასრულოთ. ჯერჯერობით, თურქეთი უარზეა. დაველოდებით და ვნახავთ, როგორ მოიქცევა. მჯერა, საბოლოოდ საღი აზრი და საერთო ინტერესები გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, NATO-ში მათი ქმედებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. არა მგონია, რომ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, NATO-ს წევრი ქვეყნების საერთო ინტერესები უნდა შეეწიროს. ეს კარგი დიპლომატიის მაჩვენებელი არ არის. იმედია, ბოლოს რაღაცაზე შევთანხმდებით. ჩვენ მზად ვართ და ანკარის პასუხს ველოდებით.

როგორ ფიქრობთ, რა გაკვეთილები გამოადგებოდა საქართველოს ისრაელის გამოცდილებიდან?

ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ საქართველოში მეორედ ვარ და ამ ჩამოსვლაზე გამოვნახე დრო თქვენი მშვენიერი ქვეყნის დასათვალიერებლად. ხალხი და ქვეყნის განვითარების დონე, გეოპოლიტიკური სიტუაცია კავკასიაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ჩვენ ეს გვესმის. ასევე გვესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველოს ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება დგას, თუმცა მჯერა, რომ უწყვეტი ეკონომიკური განვითარება და დასავლეთზე ორიენტაცია საქართველოსთვის საუკეთესო პოლიტიკაა.

რასაკვირველია, ისრაელი ძალიან მეგობრული ქვეყანაა. ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდით და ეკონომიკურ, ტურიზმის, სამეცნიერო, ინვესტირების, ორმხრივი ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ჩვენს გამოცდილებას, რომელიც გამოგადგებოდათ – იცით, რომ ისრაელის ირგვლივ ვითარება მისი დაარსებიდან, 1948 წლიდან, ძალიან არასტაბილურია. მუდამ თავის დაცვა გვიხდებოდა. თუმცა, ამავე დროს, მხოლოდ თავს კი არ ვიცავდით, ინვესტიციასაც ვდებდით მომავალში. ყველაზე მძიმე წლებშიც კი. შედეგი ის არის, რომ დღეს ეუთოს წევრი, სტაბილური ეკონომიკის, მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური ინსტიტუტების მქონე, მაღალტექნოლოგიური ქვეყანა ვართ. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მონაცემი აქვს, რომ მაღალტექნოლოგიური ცენტრი გახდეს და ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვითანამშრომლოთ.

 

კომენტარები