ამერიკა-საქართველო

სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება

0 კომენტარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, 5 ივნისს, საქართველოში ვიზიტის დროს, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ისაუბრა. კერძოდ – ვაშინგტონი აღიარებს სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებს, რომელსაც თბილისი ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებზე გასცემს. ასევე, კლინტონმა აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ახალი მიმართულებები გაახმოვანა. სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში თავისუფალი და გამჭვირვალე იქნება და საქართველოს ხელისუფლებას დამკვირვებლების გამოგზავნას დაჰპირდა.

ჰილარი კლინტონმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ბათუმში ყოფნისას კლინტონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და აღნიშნა, რომ აშშ კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით დარეგულირებას ემხრობა. მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები მთელ მსოფლიოში თბილისის მიერ გაცემულ სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებს მიიღებენ, რათა გასცენ ვიზები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას „წარმოუდგენელი დიპლომატიური მხარდაჭერა” უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის შემდეგ, სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებს ლეგალურ სამგზავრო საშუალებად სხვა სახელმწიფოებიც აღიარებენ.

კანონი ნეიტრალური დოკუმენტების შესახებ საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ზაფხულში მიიღო. ეს დოკუმენტი მფლობელს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის ყველა უფლებით ისარგებლოს (საზღვარგარეთ მოგზაურობის ჩათვლით), თან საქართველოს მოქალაქეობის აღიარების გარეშე. დღემდე მას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა – იაპონია, ჩეხეთი, ლატვია და ლიტვა აღიარებდა და ამ დრომდე დაახლოებით 200 ასეთი დოკუმენტია გაცემული.

ჰილარი კლინტონი ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვისთვის ორი სამხედრო კატარღის გადაცემას დაესწრო. მათი მოდერნიზაცია აშშ-ის დახმარებით განხორციელდა.

კლინტონის განცხადებით, თბილისი და ვაშინგტონი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. კერძოდ, აშშ საქართველოს დახმარებას გაუწევს საზღვაო და საჰაერო სივრცის გაკონტროლებაში, სამხედრო ვერტმფრენების მოდერნიზაციაში და ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ოფიცრებისა და პირადი შემადგენლობის გაწვრთნაში.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ბათუ ქუთელიას განმარტებით, გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ იანვარში აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტები შეთანხმდნენ. ამის შემდეგ მხარეები კონკრეტულ გეგმებზე მუშაობდნენ. ქუთელიას განცხადებით, აშშ მზადაა საქართველოს დაეხმაროს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში და ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში, რათა ქვეყანა არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

სამხედრო თანამშრომლობის ახალი მიმართულებები აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მიდგომის ცვლილებაზე მეტყველებს – თუ აქამდე ვაშინგტონი თბილისს მხოლოდ ავღანეთის ოპერაციის საჭიროებისთვის უწევდა დახმარებას, ამჯერად მზადაა, ხელი საკუთრივ ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას შეუწყოს.

საქართველოში ყოფნისას სახელმწიფო მდივანმა თბილისს მოუწოდა, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება: „მჯერა, ეს იქნება ძალიან დიდი ინდიკატორი იმ პროგრესისა, რაც საქართველომ განიცადა დემოკრატიის გზაზე... ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ეს იქნება სანიმუშო არჩევნები”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ არჩევნები ქვეყანაში სამართლიანად ჩატარდება და, იმავდროულად, ვაშინგტონს დამკვირვებლების გამოგზავნა სთხოვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან კლინტონისგან პირობა მიიღო, რომ შეერთებული შტატებიდან საქართველოში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებელი ჩამოვა. მისი აზრით, მომავალ არჩევნებზე „ნამდვილი და არა ყალბი დამკვირვებლების” ყოფნა, „რომლებსაც ვერ მოისყიდიან და ვერ დააშანტაჟებენ”, იმის გარანტი გახდება, რომ „შიდა სიტუაციით მანიპულაციის მსურველები” პროვოკაციებს ვერ მოაწყობენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართა. მათ შორის, ახალი მემარჯვენეებისა და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერებთან და ქართული ოცნების წევრებთან. ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კლინტონთან პირისპირ შეხვედრას ითხოვდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ივანიშვილს სახელმწიფო მდივანთან საუბარი სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად მოუწევდა, კოალიციამ კლინტონთან დავით უსუფაშვილი, თეა წულუკიანი და მანანა კობახიძე მიავლინა.

როგორც ივანიშვილმა Associated Press-ს განუცხადა, მას „მიხეილ სააკაშვილის აგენტებთან” ერთად შეხვედრაში მონაწილეობა არ სურდა. როგორც მოგვიანებით წულუკიანმა განმარტა, „როდესაც ლიდერის და ხელმძღვანელის ადგილი სადღაც არ არის, მისი რანგიდან გამომდინარე და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ფსევდოოპოზიციას გისვამენ გვერდით... ლიდერის გვერდში მდგომი ადამიანები სწორედ იმას ემსახურებიან, რომ იყონ იქ, სადაც ლიდერი ვერ იქნება”.

ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, კლინტონთან ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, მომავალ არჩევნებზე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები