ინტერნეტი

ინტერნეტი საერთაშორისო საფრთხის პირისპირ

ინტერნეტის გავლენის ზრდასთან ერთად, მატულობს მასზე კონტროლის მოპოვების სურვილიც. ამჟამად, ვების მართვის სადავეების ხელში ჩაგდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სურს. ამისათვის კი გაეროს მოუწევს, რომ ამერიკას ინტერნეტზე კონტროლის მექანიზმები ჩამოართვას. თავის მხრივ, აშშ პირობას დებს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს.

გლობალური ქსელის მომავალს დეკემბერში დუბაიში განიხილავენ – კონფერენციაზე გაეროს 193 ქვეყნის დელეგატი საერთაშორისო კომუნიკაციების რეგულაციებს გადახედავს. ამჟამად საერთაშორისო ტელეკომუნიკაციებზე მოქმედ „ძირითად პრინციპებს” ადგენს 1988 წელს მიღებული ხელშეკრულება, რომელზეც ხელი 178 ქვეყანას აქვს მოწერილი. თუმცა, ბოლო ათწლეულებმა ბევრი რამ შეცვალა: ტელეკომუნიკაციებმა სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი განიცადა, გაფართოვდა კონკურენცია ლიბერალურ ბაზრებს შორის და მოხდა ნაციონალური ტელეკომუნიკაციების პროვაიდერების პრივატიზაცია. შედეგად, პირველად მისი მიღების შემდეგ, დუბაიში ხელშეკრულების მოდერნიზება სურთ.

გაეროს ერთ-ერთი ორგანოს, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის მთავარი არგუმენტი შემდეგია: რადგან ინტერნეტი გლობალურია, მისი მართვა გლობალური სტანდარტებითვე უნდა მოხდეს. ამიტომ ქსელზე საერთაშორისო კონტროლი უფრო სამართლიანი იქნება, ვიდრე ერთი კონკრეტული ქვეყნის. წინადადებას რუსეთი და ჩინეთი ლობირებენ, მხარს უჭერენ ინდოეთი და ბრაზილიაც.

ამ მიმართულებით გაერო პირველად არ გააქტიურებულა. 2005 წელს ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტზე (WSIS), საერთაშორისო ორგანიზაციამ ინტერნეტის მართვის ინტერნაციონალიზების გზების მოძიებისთვის მანდატი მიიღო. გასულ ივნისს ვლადიმირ პუტინმაც განაცხადა, რომ მისი მიზანია დამყარდეს „საერთაშორისო კონტროლი ინტერნეტზე” და ამის საფუძველი სწორედ საერთაშორისო კომუნიკაციების ხელშეკრულება უნდა გახდეს. რუსეთისა და ჩინეთის აზრით, ინტერნეტის კონტროლის გაეროს კომპეტენციაში გადასვლა განვითარებად ქვეყნებს მეტ წონას შესძენს, თან აშშ-ისგან დამოუკიდებლად.

საქმე ისაა, რომ ინტერნეტი დღემდე რჩება თავისუფალი სიტყვის უმთავრეს სივრცედ. ამას ქსელის დეცენტრალიზებული ხასიათი და მის შინაარსზე მთავრობების მინიმალური გავლენა განაპირობებს, გარდა გამონაკლისი ტოტალიტარული სახელმწიფოებისა. როგორც წესი, ინტერნეტთან წვდომას, ვებჰოსტინგს თუ დომეინის (მისამართის) რეგისტრაციას კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.

კალიფორნიაში 1998 წლიდან არსებობს არასამთავრობო არასამეწარმეო ორგანიზაცია „მინიჭებული სახელების და ნომრების ინტერნეტკორპორაცია” (ICAAN), რომელიც ინტერნეტის რამდენიმე ფუნდამენტურ მექანიზმს აკონტროლებს. ერთ-ერთია დომეინების განაწილება – რაც ანალოგიური მისამართების მრავალჯერ დარეგისტრირებას გამორიცხავს. ორგანიზაცია აკონტროლებს IP მისამართებსაც, რომელიც ყველა კომპიუტერს საკუთარი აქვს. ეს ფუნქციები, ICAAN-ის შექმნამდე, მთავრობის კონტროლქვეშ იყო.

ინტერნეტზე საერთაშორისო კონტროლი ტარიფებისა და სხვა სახის შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ცვლილება უცხოურ სატელეფონო კომპანიებს მისცემს შანსს, ფასი დაადონ „საერთაშორისო” ინტერნეტტრაფიკს; ამასთან, დააწესებს ეკონომიკურ რეგულაციებსა და პირობებს ამჟამად არარეგულირებული ურთიერთობებისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებარებს ინტერნეტსაზოგადოებასა და სხვა ჯგუფებს, რომლებიც ინტერნეტის მუშაობის ტექნიკურ სტანდარტებს ქმნიან. საბოლოოდ, მსოფლიო ქსელი ცენტრალიზებული მართვის სისტემაში მოექცევა.

გასულ კვირას, კონგრესზე განხილვის შემდეგ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, კანონმდებლებმა და ტექნოლოგიურმა ლიდერებმა, ინტერნეტის გაეროს კონტროლქვეშ გადასვლას ერთმნიშვნელოვნად განუცხადეს „არა”. ობამას ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ ყველაფერს იზამს, რათა დუბაიში ეს წინადადება არ გავიდეს.

„ინტერნეტის წარმატებამ ზოგიერთი ქვეყანის მთავრობას გაუღვიძა მშფოთვარე სურვილი, შექმნას ახალი საერთაშორისო წესები, რომლებიც ქსელის განვითარებას და მის მრავალასპექტიან წარმატებას საფრთხეს შეუქმნიან”, – განაცხადა ვინტ სერფმა, მეცნიერმა, რომელსაც ხშირად „ინტერნეტის მამასაც” უწოდებენ. მისივე თქმით, გაეროს კონტროლი „შეიცავს საფუძვლიან და სარისკო შედეგებს ინტერნეტისა და მისი მომხმარებლის მომავლისთვის. თუ უყურადღებოდ დავტოვებთ იმას, რაც ხდება, მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები ღია და თავისუფალი ინტერნეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგებიან”.

შტატებში შიშობენ, რომ კომერციული საფრთხეების გარდა, დარტყმის ქვეშ დადგება გამოხატვის თავისუფლებაც, განსაკუთრებით, ავტორიტარულ ქვეყნებში. აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის რესპუბლიკელმა წევრმა, რობერტ მაკდაუელმა განაცხადა, რომ რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების მცდელობამ, ინტერნეტზე გაეროს კონტროლის ზრდას მიაღწიონ, შესაძლოა, ცენზურასთანაც მიგვიყვანოს.

შემთხვევითი არ არის, რომ წინადადებას რუსეთის და ჩინეთის მსგავსი არათავისუფალი ქვეყნები ლობირებენ. საბოლოო ჯამში, სწორედ მათ არ აძლევთ ხელს ამ მნიშვნელოვანი სერვისის ამერიკის მიერ კონტროლი. ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ ინტერნეტის პოტენციალს, შეარყიოს ავტორიტარული რეჟიმები.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის წევრთა ნაწილი, რომელიც ახლა ინტერნეტის კონტროლის არდაშვებას გვპირდება, გასულ წელს თავად უჭერდა მხარს გახმაურებულ SOPA-ს და PIPA-ს კანონპროექტებს, რომლებიც საავტორო უფლებების დაცვის მოტივით ფართო ვალდებულებებს დააკისრებდა ინტერნეტპროვაიდერებს და სხვა ჯგუფებს. თავის დროზე ობამას ადმინისტრაცია ამისთვის გააკრიტიკეს და გამოხატვის თავისუფლებასა და ღია ინტერნეტზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. აშშ-ში ხსენებული კანონპროექტები ჩავარდა, თუმცა უფრო სახიფათოა ინტერნეტზე გაეროს კონტროლი, რადგან მრავალ ძლიერ და არცთუ თავისუფალ სახელმწიფოს სურს გავლენის მოპოვება. თან ბევრად საფუძვლიანის, ვიდრე ეს SOPA-ს ან PIPA-ს შეეძლო.

მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში ინტერნეტზე ცენზურაა დაწესებული, მაგრამ ცალკეულ მთავრობებს დანარჩენ მსოფლიოზე ზემოქმედების ბერკეტები არ აქვთ: ჩინეთს შეუძლია, საკუთარ მოქალაქეებს კიბერთავისუფლება შეუზღუდოს, თუმცა ის ვერ შეზღუდავს დანარჩენ სახელმწიფოებს. საერთაშორისო კონტროლი მეტად სარისკოა: მაგალითად, შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი კრიტიკული ვებსაიტის არადემოკრატიულად ან არაპოლიტკორექტულად გამოცხადება და მისი ერთბაშად ყველასათვის აკრძალვა. დიდი ალბათობით, ამ შანსით სწორედ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მსურველი ქვეყნები ისარგებლებენ – საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირში თითოეულ წევრს თითო ხმის უფლება აქვს.

უკანასკნელი ათწლეულების მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-ში არსებული მინიმალური კონტროლის სისტემა მსოფლიო ქსელის თავისუფლების უზრუნველყოფას კარგად ახერხებს: 1992 წლიდან ვებგვერდების რაოდენობა 50-დან 377 მილიონამდე გაიზარდა. 1995 წელს სულ 16 მილიონი ინტერნეტმომხმარებელი არსებობდა, დღეს კი მათი რიცხვი 2 მილიარდზე მეტია. გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს იმ წესების ცვლილება, რომლებიც ისედაც კარგად მუშაობს, თუმცა სხვადასხვა ჯგუფებსა თუ რიგით მომხმარებელს სულ უფრო ხშირად უწევს ნერვიულობა საფრთხეებზე, რომლის წინაშეც თავისუფალი ვებსივრცე დგება.

კომენტარები