ველოსპორტი

ჯირო დ’იტალია 2012: პირველი კანადური ტრიუმფი

წლის პირველი დიდი ველოტური ჯირო დ’იტალია კანადელმა რაიდერ ჰესიედალმა (გარმინ- ბარაკუდას გუნდი) მოიგო. ის პირველი კანადელია, რომელმაც სამი მთავარი შეჯიბრებიდან – ჯირო, ტურ დე ფრანსი, ვუელტა – ერთ-ერთში იმარჯვა.

„ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ტიტული მოვიგე! განვლილმა დღეებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი ასე კარგად დასრულდა. მადლობელი ვარ გუნდის – მათ გარეშე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი”, – განაცხადა ჩრდილოამერიკელმა მილანში, წლევანდელი რბოლის ბოლო პრესკონფერენციაზე.

რაიდერ ჰესიედალმა, რომელიც ბოლო 15 წელიწადში ჯიროს მესამე არაიტალიელი ტრიუმფატორია, წლევანდელი რბოლის უკანასკნელი ეტაპი ლიდერთან ხოაკინ როდრიგესთან 31-წამიანი ჩამორჩენით დაიწყო, მაგრამ როცა ფინიში გადაკვეთა, გაირკვა, რომ კანადელმა ესპანელი საერთო ჩათვლაში 15 წამით ჩამოიტოვა.

ჩრდილოამერიკელმა ჯირო დ’იტალიას წლევანდელი ტრასის გავლას – 3502,1 კილომეტრი – 91 საათი, 39 წუთი და 2 წამი მოანდომა.

„გულახდილად რომ გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ ჯიროს მოვიგებდი. უბრალოდ, მსურდა მთელი ტრასა კარგად გამევლო. ბოლო ეტაპებზე, როცა კვლავ მოწინავეთა შორის ვიყავი, იმედი მომეცა, რომ საუკეთესო ათეულში მოვხვდებოდი, მაგრამ პირველი ადგილი? არა, ამაზე მართლა არ მიოცნებია”, – აქამდე ჰესიედალის საუკეთესო შედეგი გრანდ-ტურში 2010 წელს, ტურ დე ფრანსზე დაკავებული მეექვსე ადგილი იყო. ეს იყო კანადელი ველომრბოლების

უმაღლესი ადგილი მთავარ ტურებში 22 წლის განმავლობაში.

„ცხადია, გული მწყდება: ახლა, როცა რბოლა დასრულებულია, ვხვდები, რომ გამარჯვების ძალიან დიდი შანსი მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. პირველ ადგილზე გასასვლელად ყველაფერი გავიღე, თუმცა მეტოქემ მაჯობა. იმედია, გაისად ოცნებას ავისრულებ”, – კატუშას ესპანელი ველომრბოლი ხოაკინ როდრიგესი ზედიზედ ათი დღე ატარებდა ლიდერის ვარდისფერ მაისურს, თუმცა მის შესანარჩუნებლად წამები დააკლდა.

გენერალურ კლასიფიკაციაში ჰესიედალის და როდრიგესის შემდეგ მესამე იყო ბელგიელი თომას დე გენდტი. ის კანადელს 99 წამით ჩამორჩა. შარშანდელმა გამარჯვებულმა მიკელე სკარპონიმ რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა – ჯირო დ’იტალიას პოდიუმზე იტალიელი სპორტსმენი 1995 წლის შემდეგ პირველად ვერ ავიდა.

თუ ჰესიედალმა რბოლა ვარდისფერი მაისურით დაასრულა, როდრიგესმა წითელი მაისური – მალია როსო პასიონე – შეინარჩუნა: საბოლოო კლასიფიკაციაში 139 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ესპანელმა ზუსტად ქულით გაუსწრო გაცილებით გამოცდილ და სახელოვან ბრიტანელს მარკ კავენდიშს.

მთების მეფის ტიტული ამჯერად მატეო რაბოტინიმ მოიგო, საუკეთესო ახალგაზრდისთვის (25-წლამდელები) განკუთვნილი თეთრი მაისური კი სქაის კოლუმბიელმა ველომრბოლმა რიგობერტო ურანმა მოიპოვა.

გაისად იტალიის ველოტური 96-ედ გაიმართება. ტურის ორგანიზატორები რუკას ოქტომბრის მიწურულს გამოაქვეყნებენ.

 

კომენტარები