ამერიკა

ამერიკის გეოპოლიტიკის გამოწვევები

საბიუჯეტო ასკეტიზმის ერაში

აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალები გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა – ამერიკულ ფლოტს ერთდროულად ჩინეთის და ირანის დაბალანსება უწევს. აზიურ გიგანტს 100 ათასამდე საზღვაო ნაღმი აქვს განთავსებული წყნარ ოკეანეში, სადაც ახლახან 6 ამერიკული ავენჯერკლასის გამნაღმველი ხომალდი გაიგზავნა. თავის მხრივ, ირანი სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის გადაკეტვით იმუქრება. შესაბამისად, ამ კლასის არსებული 14 ხომალდიდან, 8 სპარსეთის ყურეში განთავსდება. აშშ-ის საზღვაო კორპუსის გენერალი და ცენტრალური სარდლობის მეთაური, ჯეიმს მატისი, ყურეში ავიამზიდი ხომალდების მესამე ჯგუფის დისლოცირებასაც ითხოვდა, თუმცა ობამას ადმინისტრაციამ შეთავაზება უარყო.

ბოლო დროს პენტაგონი ამერიკული „ორი ომის” დოქტრინის შეცვლაზე ალაპარაკდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც შემცირებული სამხედრო ბიუჯეტია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში აშშ საერთო ეროვნული პროდუქტის უპრეცედენტოდ მაღალ – 42%-ს თავდაცვაში ხარჯავდა, მომდევნო წლებში კი ეს მაჩვენებელი 7-დან 15%-მდე მერყეობდა.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პრიორიტეტი სოციალური უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ამერიკის მშპ-ის 13% განათლებასა და ჯანდაცვას ხმარდება, ხოლო სამხედრო ხარჯები 2015 წლისთვის 4,6%-მდე შემცირდება. თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში 800 მილიარდით შეიკვეცა. ასე თუ გაგრძელდა, 10 წელიწადში მაჩვენებელი ისტორიულ ქვედა ზღვარს – 3%-ს ჩამოსცდება.

შეერთებული შტატების საზღვაო ინსტიტუტის თავმჯდომარე, პიტერ დალი, შიშობს, რომ მალე აშშ-ს მტკივნეული არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადგან შემცირებული დაფინანსების ფონზე, საზღვაო ძალები ორი სტრატეგიული პოზიციის ერთდროულად გამაგრებას ვეღარ შეძლებს. ფლოტი ახლა უკვე გაძლიერებული დატვირთვით მუშაობს. შედარებისთვის, 11 სექტემბრის ტერაქტებამდე, ხომალდების მხოლოდ 28% იყო დისლოცირებული, დღეს კი ეს რიცხვი 10%-ით მაღალია. შემოდგომისთვის მოსალოდნელია ბაზებზე განთავსების ხანგრძლივობა რეკორდულ მაჩვენებლამდე – 9 თვემდე გაიზარდოს. ეს, ერთი მხრივ, გაართულებს ხომალდების შეკეთება-შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო გაზრდის ჯარისკაცების დატვირთვას და შეამცირებს მათ ბრძოლისუნარიანობას.

აშშ-ის მთავარი კონკურენტი – ჩინეთი, სამხედრო ბიუჯეტს ყოველწლიურად ზრდის. 2010 წლისთვის, ეკონომიკის სიდიდით მეორე ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 2,1%-ს შეადგენდა, ხოლო წელს ჩინეთი თავდაცვაზე 2001 წლის მაჩვენებლის 200%-ს – 140 მილიარდ დოლარს დახარჯავს. აშშ-ის სამხედრო ხარჯებთან (687 მილიარდი 2012 წლისთვის) შედარებით ჩინეთის მაჩვენებელი მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ სამხედრო აღჭურვილობის მშენებლობა იქ ბევრად იაფი ჯდება. 2015 წლისთვის ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის 238 მილიარდამდე გაზრდა ივარაუდება. გამოდის, რომ ამ პერიოდში ჩინეთის სამხედრო ხარჯები მთელი რეგიონის მაჩვენებელს რამდენიმე მილიარდით გადააჭარბებს.

ჩინეთის სამხედრო პოტენციალის ასეთი გაძლიერება რეგიონის სხვა სახელმწიფოებს აშინებს და ამერიკას მათთან პარტნიორობის ხელსაყრელ პირობებს უქმნის. ვიეტნამს, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, ამერიკასთან ჩინეთის განეიტრალების სურვილის გარდა მზარდი ფინანსური ინტერესებიც აერთიანებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 6-ჯერ, 18 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

რამდენიმე კვირის წინ ფილიპინებს ჩინეთთან ტერიტორიული პრობლემები შეექმნა – მეზობლები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე მცირე ზომის კუნძულებს ვერ იყოფენ. აქამდე ჩინეთის „მორჩილი” კამბოჯა კი, წინააღმდეგობის მიუხედავად, ცდილობს ტერიტორიულ წყლებზე სუვერენული უფლებები განიმტკიცოს.

კონფლიქტებში პირდაპირ ჩართვას აშშ არ გეგმავს, თუმცა შეუძლებელი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ სამხრეთ ჩინეთის ზღვის ეკონომიკურ მნიშვნელობას – მსოფლიო ვაჭრობის ნახევარი მისი გავლით ხორციელდება.

ამ ფონზე, ამერიკული საზღვაო ძალების მზაობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. შემცირებული ბიუჯეტის გამო ახალი ხომალდების მშენებლობა რთულდება, ხოლო ავღანეთსა და ერაყში გამოთავისუფლებული სამხედრო ძალა ძირითადად სახმელეთო საბრძოლო ტექნიკას შეიცავს და საზღვაო დისლოცირებისათვის არ გამოდგება.

პიტერ დალი იმედებს ახალი ტიპის „ლიტორალურ საბრძოლო ხომალდებზე” ამყარებს. შედარებით მოკრძალებული ზომისა და ღირებულების გემები საზღვაო ნაღმების და წყალქვეშა ნავების გასანადგურებლადაა გამიზნული და ფლოტს 2014 წელს შეუერთდება. მანამდე კი, ამერიკას ჩინეთის დაბალანსება სირთულეების ფონზე მოუწევს.

თებერვალში ჩინეთის ვიცეპრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობა „ორმხრივ უნდობლობად” შეაფასეს. ახლო მომავალში ორ სუპერძალას შორის ომს ნაკლებად ვარაუდობენ, თუმცა მწირი სამხედრო ბიუჯეტის გათვალისწინებით, ამერიკას გაუჭირდება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმ მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება, რომელიც მის ეკონომიკურ წარმატებას განაპირობებს.

 

 

კომენტარები