ღვინო

სამხრეთაფრიკული ღვინის შესავალი

უცხოურ ღვინოებს რომ საქართველოში ცუდად იცნობენ, ახალი ამბავი არაა და გამონაკლისი არც სამხრეთაფრიკული ღვინოებია, რომლებმაც სულ რამდენიმე წელიწადში მოახერხეს გლობალური ბაზრის დაპყრობა. მსოფლიომ ეს სიახლე გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოაჩინა და იმ დროიდან მოყოლებული, სამხრეთ აფრიკა სტაბილურად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ხარისხიანი ღვინის მწარმოებელთა რიგებში.

სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი და აღმოსავლეთი სანაპირო კარგი ღვინის მისაღებ ხელსაყრელ ტერიტორიად არ მიიჩნევა, ვინაიდან იქ ძალიან ცხელი და მშრალი ჰავაა. საუკეთესოდ ითვლება სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო, სადაც ღვინის წარმოებისთვის შესანიშნავი პირობებია. ქვეყანაში ათზე მეტი მეღვინეობის რეგიონია და მათ შორის ყველაზე ცნობილია – სტელენბოში, პაარლი, ვორჩესტერი, რობერტსონი.

რაც შეეხება ტერიტორიის დაყოფას, 1973 წლის კანონის შესაბამისად, რომელიც სამხრეთ აფრიკის მეღვინეობას არეგულირებს, გამოიყოფა შემდეგი ტერმინები: Estate (მამული) – მეღვინეობის კერძო მეურნეობა, რომელიც ფრანგული Chateau-ს ან Domaine-ის ანალოგია. Ward (ოლქი) – ტერიტორია, რომელიც მეღვინეობის მეურნეობის ნაწილთან ერთად მოიცავს მეღვინეობის რაიონის ნაწილსაც და District (რაიონი), სადაც, ხშირ შემთხვევაში, მეღვინეობის რაიონების საზღვრები ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს ემთხვევა.

სამხრეთაფრიკულ ღვინოთა ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ყურძნის მრავალფეროვნებაა, თუმცა დომინანტად მაინც თეთრი ღვინოები მიიჩნევა: მათზე მთელი წარმოების 80% მოდის. კულტივირებული ჯიშებიდან ყველაზე დიდი ადგილი შენენ ბლანს უჭირავს (30%), მას გაცილებით დაბალი მაჩვენებლით (6%) მოსდევს სოვინიონ ბლანი და შარდონე. თეთრი ყურძნის სხვა სახეობებია: კოლომბარი, კეიპ რისლინგი, სემიიონი. ასევე სხვადასხვა მუსკატი.

წითელთაგან ყველაზე პოპულარულია კაბერნე სოვინიონი და მერლო, ასევე შირაზი და პინო ნუარი. ეს უკანასკნელი ძალიან ფაქიზი, ჭირვეულია და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ამის მიუხედავად, მეღვინეთა ნაწილმა ყველაფერი იღონა, რომ სამხრეთი აფრიკა პინო ნუარის მეორე სამშობლოდ ექცია.

სამხრეთ აფრიკაში მოდის ვაზის წითელი ჯიში, პინოტაჟი, რომლის მსგავსსაც მსოფლიოში ვერსად შეხვდებით. პინოტაჟი 1926 წელს გამოიყვანეს ორი ფრანგული ჯიშის – პინო ნუარისა და სინსოს შეჯვარებით. მისგან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა კარგი ღვინის დაყენება, თუმცა ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა, რაზეც სხვადასხვა გამოფენებზე მიღებული ჯილდოებიც მეტყველებს. იმის მიუხედავად, რომ არც ყველაზე ძვირადღირებულია და არც განსაკუთრებულად პოპულარული, პინოტაჟი სამხრეთ აფრიკის მეღვინოების სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. დღეს მეღვინეთა დიდი ნაწილი მას იმედის თვალით შეჰყურებს, თუმცა მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავს. ისინი თვლიან, რომ სამხრეთაფრიკული ღვინის მხოლოდ პინოტაჟის იმედად ყოფნა მართებული არაა, რადგან საუკეთესოდ დაყენების შემთხვევაშიც კი, ეს ჯიში ვერ აღწევს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას. გამოცდილმა მეღვინეებმა კარგად იციან, რომ პინოტაჟი სხვა ჯიშებში არ უნდა აურიონ, რადგან ეს არა მარტო მის ჰარმონიას არღვევს, სრულიად ანადგურებს კომპანიონების საუკეთესო თვისებებსაც.

სამხრეთაფრიკულ ღვინოზე დიდი ხნის განმავლობაში ბოიკოტი იყო გამოცხადებული აპარტეიდის გამო, თუმცა, როგორც ვთქვით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უკვე 1993 წელს ბრიტანეთის ბაზარზე მან ახალ ზელანდიასა და ჩილეს გადაასწრო, დღეს კი, ექსპორტზე გატანილი ღვინოების მკაცრი კონტროლის გამო, ბევრისთვის იქაური ღვინო მაღალი ხარისხის განსახიერებაა.

თბილისის მაღაზიებში მხოლოდ რამდენჯერმე გადავეყარე სამხრეთაფრიკულ ღვინოებს. ეს იყო საშუალო დონის შენენ ბლანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გავსინჯე და ერთი-ორი კაბერნე, ასევე არაფრით გამორჩეული. არადა, ქართველ მომხმარებელს შეიძლება გაცილებით კარგი არჩევანი შევთავაზოთ, რომ სამხრეთაფრიკული ღვინოებითაც გაიფართოონ თვალსაწიერი.

 

კომენტარები