ახლო აღმოსავლეთი

ახალი ძველი ეგვიპტე

აჰმად შაფიქი, მუჰამედ მორსი

ეგვიპტის პირველი თავისუფალი საპრეზიდენტო რბოლა ძველი დაპირისპირებით დასრულდა. 16-17 ივნისს დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურში მუსლიმური საძმოს კანდიდატი მუჰამედ მურსი და ძველი რეჟიმის წარმომადგენელი აჰმედ შაფიქი გავიდნენ. გასული ათწლეულების მსგავსად, მოსახლეობას ახლაც ორ გავლენიან პოლუსს შორის უწევს არჩევანის გაკეთება – ან პოლიტიკური ისლამი ან სეკულარული ერთმმართველობა. არაბულმა გაზაფხულმა ისტორიული ტრადიციის დარღვევა ვერ შეძლო.

არჩევნების პირველ ტურში ხმების დაახლოებით მეოთხედი მუსლიმური საძმოს სტრატეგმა, მუჰამედ მურსიმ მიიღო. მას რამდენიმე პროცენტით ჩამორჩა მუბარაქის მთავრობის უკანასკნელი პრემიერმინისტრი და ყოფილი გენერალი აჰმედ შაფიქი. სეკულარი სამხედროს და ისლამისტის დაწინაურებით ძალაუფლებისთვის ბრძოლა ძველი სცენარით განვითარდა და არჩევნების შედეგებმა გააქარწყლა იმედი, რომ გასული წლის რევოლუცია ლიბერალურ, საშუალო გზას წარმოაჩენდა. ეგვიპტის მოსახლეობის არჩევანს კვლავ რელიგიური რადიკალიზმის ან პოლიციური რეჟიმის დამყარების შიში განაპირობებს.

მრავალი ეგვიპტელისთვის არჩევნები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა. ამომრჩეველთა უმეტესობისთვის პირველი ტურის გამარჯვებულები მისაღები არ იყო, რადგან მათ სხვა კანდიდატებს მისცეს ხმა. ზომიერ ისლამისტ აბდელ აბულ ფოტუჰს, ზომიერ ლიბერალ ნაციონალისტ ამრ მუსას და სოციალისტ ჰამდინ საბაჰის შორის ხმების დაყოფამ მეორე ტურში ეგვიპტელების უმრავლესობა არჩევანის გარეშე დატოვა. ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ვეტერანი დიპლომატის, ამრ მუსას დაბალი მაჩვენებელი – წინასაარჩევნო გამოკითხვებში ის გამოკვეთილი ფავორიტი იყო.

მუსლიმური საძმოს ყოფილ წევრ აბდელ აბულ ფოტუჰს მხარს უჭერდა ვრცელი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ერთდროულად სალაფისტ მორწმუნეებს და რევოლუციის ახალგაზრდა მონაწილეებს მოიცავდა. ამრ მუსას და აბულ ფოტუჰს შორის გამართულმა სატელევიზიო დებატებმა ორივეს შანსები შეარყია, რადგან მათ გამოკვეთილი პოზიციების წარმოდგენა ვერ შეძლეს. არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე არნახული აღმასვლა ჰქონდა პოპულისტ ნასერისტს ჰამდინ საბაჰის, რომელმაც რევოლუციის მთავარ კერებში (კაირო, ალექსანდრია, პოსტ-საიდი) გაიმარჯვა და უმთავრეს მოულოდნელობად გადაიქცა.

აჰმედ შაფიქის პრეზიდენტობაზე განაცხადი უმთავრესად დაფუძნებულია ისლამისტების მიერ ძალაუფლების მონოპოლიის თავიდან აცილებაზე და წესრიგის დამყარების პირობაზე. მის ელექტორატს ძველი რეჟიმის მხარდამჭერი ბიუროკრატები და ბიზნესმენები, კოპტური ქრისტიანული უმცირესობა, ყოფილი სამხედროები და რევოლუციის შედეგად დანაშაულის მატებით შეშფოთებული სოფლის მოსახლეობა შეადგენს. მისდამი კეთილგანწყობილია სახელმწიფო მედიაც.

შაფიქმა ფინანსური ხელშეწყობა მიიღო მუბარაქის ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიისგან, რომელმაც მისი კანდიდატურის უკან სახელმწიფო ბიუროკრატიული მანქანის მობილიზება მოახერხა. ძველი რეჟიმის ზედა წრეებს, მუსლიმური საძმოს გაძლიერებით უსაფრთხოების და ბიზნესის ინტერესებზე არსებული სტატუსკვოს დარღვევა აშინებთ. შაფიქს ეგვიპტის სამხედრო მმართველობის მხარდაჭერაც აქვს და მუსლიმური საძმოს ეკონომიკურ აქტივობას „სტრატეგიულ აუცილებლობას” უწოდებს.

აჰმედ შაფიქი მისაბაძ ადამიანად ჰოსნი მუბარაქს მიიჩნევს. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ მომხდარ რევოლუციას კი მოიხსენიებს უპატივცემულო ბავშვად, რომელიც მზრუნველ მამას სახეში სილას ურტყამს. მუბარაქის მსგავსად, შაფიქიც მებრძოლი პილოტი იყო და პოლიტიკაში წასვლამდე ეგვიპტურ საჰაერო ძალებს მეთაურობდა. სამოქალაქო ავიაციის მინისტრობის პერიოდში მან ეფექტური ტექნოკრატის რეპუტაცია მოიპოვა, რომელმაც წარმატებული მოდერნიზაციული პროგრამები განახორციელა. შაფიქის სახელს კორუფციისა და რეპრესიების მრავალი შემთხვევა უკავშირდება. მათ შორისაა „აქლემების ბრძოლა” 2011 წლის 2 თებერვალს, როდესაც მუბარაქის მცველები ტაჰრირის მოედანს თავს დაესხნენ და რამდენიმე დემონსტრანტის სიცოცხლე შეიწირეს.

კრიტიკოსები შაფიქს დაცინვით ძველი რეჟიმის „გადმონაშთს” (ფელულ) უწოდებენ. მრავალი ეგვიპტელისთვის ის უაღრესად წინააღმდეგობრივი ფიგურაა, რომლის არჩევა წარსულში დაბრუნებას ნიშნავს. საჯარო გამოჩენისას ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები მას ფეხსაცმელებს ესვრიან, „ფელულს” ყვირიან ან ტაჰრირის მოედანზე დაღუპული დემონსტრანტების სურათებს აჩვენებენ. შაფიქის გამარჯვება გააგრძელებს 1952 წლის შემდეგ არსებულ ტრადიციას, რომლითაც ეგვიპტეს ყოფილი ან მიმდინარე სამხედროები მართავენ.

საპრეზიდენტო რბოლაში შემთხვევითი კანდიდატია პირველი ტურის გამარჯვებული ისლამისტი მუჰამედ მორსი. ის მუსლიმური საძმოს არჩევანი მთავარი დამფინანსებელის, ხაირათ ელ-შატერის დისკვალიფიკაციის შემდეგ გახდა, რის გამოც უნივერსიტეტის ყოფილ პროფესორს „სათადარიგო საბურავს” ეძახიან. ეგვიპტელი ანალიტიკოსების თქმით, ის ორგანიზაციის დომინანტი კონსერვატორული ფრთის მიმართ ერთგულების გამო აირჩიეს. საარჩევნო კამპანიის დროს, მორსიმ საკუთარი თავი ღმერთის კანდიდატად შერაცხა და ყურანის მომავალი კონსტიტუციის საფუძვლად გამოცხადების, ასევე შარიათის მკაცრი ვერსიის შემოტანის პირობა დადო. The Washington Post-თან ადრეულ ინტერვიუში, მორსიმ ეგვიპტის მოდელად საუდის არაბეთი გამოაცხადა, ისრაელის მოქალაქეებს კი გამუდმებით „მკვლელებსა და ვამპირებს” უწოდებს.

მორსის წარმატება მუსლიმური საძმოს გამართული და გამოცდილი ქსელის დამსახურებაა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი საპატრონაჟო სისტემა ქველმოქმედებას და ათასობით მეჩეთთან დაკავშირებულ მომსახურებას, მათ შორის, განათლებას და ჯანდაცვას მოიცავს. ამას გარდა, სხვადასხვა სახის საქმიანობა ათი ათასობით ეგვიპტელს ასაქმებს. საძმოს დისციპლინირებული ინფრასტრუქტურა მორსის სხვა კანდიდატების წინააღმდეგ საგრძნობ უპირატესობას აძლევს.

აჰმად შაფიქი, მუჰამედ მორსი
პირველი ტურის შემდეგ გამარჯვებულმა კანდიდატებმა პოლიტიკური ცენტრისკენ გადანაცვლება დაიწყეს. აჰმედ შაფიქის თქმით, ის მზადაა იმ კოალიციურ მთავრობასთან სამუშაოდ, რომელშიც მუსლიმი ძმებიც იქნებიან. მორსი გამოხატვის თავისუფლების, ტურიზმის წახალისების, ქალებისა და ქრისტიანების უფლებების სრული დაცვის პირობით გამოდის. სამხედრო ჰოსპიტალიდან კი კანდიდატებზე მუბარაქის ასეთი კომენტარი გავრცელდა: „მათ სიგარეტის ჯიხურიც რომ მართონ, აუცილებლად გაკოტრდებიან”.

ეგვიპტის მომავალ პრეზიდენტს უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში მოუწევს მუშაობის დაწყება. უცხოური ვალუტის რეზერვები სულ უფრო მცირდება, ინფლაცია 12%-ს აღწევს, ტურიზმი მესამედით შემცირდა. გაფიცვებმა, დანაშაულმა და გაურკვევლობამ, უცხოური ინვესტიციები 2007 წლის მაჩვენებლის მეოცედამდე ჩამოიყვანა. სასწრაფოდ მისაღებია ახალი ბიუჯეტიც. მზარდ ეკონომიკურ კრიზისზე კონცენტრირების ნაცვლად, არჩევნების შედეგებმა ეგვიპტე შეიძლება ახალ უწესრიგობაში ჩაითრიოს.

ქვეყნისთვის უმთავრეს თავის ტკივილად სამხედრო საბჭო (SCAF) რჩება. პრეზიდენტის მანდატი 2011 წლის მარტის კონსტიტუციური დეკლარაციით შემუშავდა, თუმცა სამხედრო მმართველების გადაწყვეტილებით, უფრო დეტალურად მისი უფლებამოსილებები არჩევნების მერე განისაზღვრება, რაც, შეიძლება, ძალაუფლების პრეზიდენტისთვის შემცირებას და არმიისთვის დატოვებას ნიშნავდეს. გენერლებს აღმასრულებელი ძალაუფლების პრეზიდენტისთვის გადაცემა ივლისის დასაწყისში უწევთ. არსებობს ეჭვი, რომ ისინი არეულობის განზრახ შექმნით ამომრჩეველს შაფიქის სასარგებლოდ დააფრთხობენ.

მუბარაქის რეჟიმის დაზვერვის უფროსი, ომარ სულეიმანი ვარაუდობს, რომ მუსლიმური საძმოს გამარჯვების შემთხვევაში არმია გადატრიალებას მოახდენს. ამის საპირისპიროდ, შაფიქის გამარჯვება შეიძლება სამხედროთა ინტერესების გატარებად და რევოლუციის მონაპოვრის დაკარგვად შეფასდეს, რაც დემონსტრანტებს ქუჩაში დააბრუნებს. პოსტრევოლუციურ ეგვიპტეში ჯერჯერობით ყველაფერი უცვლელია.

 

კომენტარები