Facebook

გაქრება თუ არა სოციალური ქსელი

Facebook-ის აქციების ფასი 28 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ეს მაშინ, როცა ბირჟაზე Facebook-ის აქციებით ვაჭრობა 38 დოლარიდან დაიწყო. ვაჭრობის პირველივე საათში აქციების ფასი 11.8%-ით დაეცა. შედეგად, სოციალური ქსელის მფლობელმა მარკ ზაკერბერგმა და დანარჩენმა ინვესტორებმა 11 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. აქედან პირადად ზაკერბერგმა – 2.6 მილიონი აშშ დოლარი. მან ეს ამბავი პირდაპირ საკუთარ ქორწილში გაიგო. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ საფონდო ბირჟაზე სოციალური ქსელის აქციების წარუმატებელი დებიუტი უფრო ძვირიც დაუჯდა: მსოფლიოში ყველაზე მდიდრების რეიტინგში პირველი 40 გავლენიანი და მდიდარი ადამიანის ჩამონათვალიდან ამოვარდა.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ამის მიზეზი იყო ის, რომ სინამდვილეში Facebook-ი არც 100 მილიარდი აშშ დოლარი ღირს და არც ისეთი საჭიროა, როგორც ეს ბევრს ჰგონია. დღეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, სოციალური ქსელი მორიგი დიდი საპნის ბუშტია.

ამერიკის ეკონომიკის შესახებ 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში ორი უდიდესი მითი გაჩნდა: ერთი ის, რომ უძრავ ქონებაზე ფასები მუდმივად გაიზრდებოდა და მეორე ის, რომ ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ინტერნეტი სულ მალე გახდებოდა ეკონომიკის მამოძრავებელი ახალი ძრავა.

პირველი მითი 2007-2008 წლებში დაიმსხვრა, როცა უძრავი ქონების სექტორში საპნის ბუშტი გასკდა და მთელი ფინანსური სექტორი ქვეშ მოიყოლა, ეს ყველაფერი კი ამერიკის ფარგლებს გასცდა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა. ბევრი ქვეყანა ამ კრიზისის შედეგებს ჯერ კიდევ იმკის.

ინფორმაციული სფერო ერთ-ერთი ის ეკონომიკური სექტორია, რომელიც კრიზისის გავლენას ჯერ კიდევ ვერ დაუძვრა. აშშ-ის შრომითი სტატისტიკის ბიუროს მონაცემები აჩვენებს, რომ უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ სექტორშია, მეტიც, ეს ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმუშევრობა, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა.

ეს მონაცემები ინტერნეტის რევოლუციურ როლს ვერანაირად ვერ აკნინებს, თუმცა ფაქტია, რომ ის კულტურული განვითარების მამოძრავებელი უფრო გამოდგა, ვიდრე ეკონომიკის.

სოციალური ქსელის აქციების სტაბილურმა ვარდნამ უკვე მეორედ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ინტერნეტის კომერციული შესაძლებლობები სინამდვილეში საკმაოდ შეზღუდულია. პირველად ეს ეჭვი 1995 წელს გაჩნდა, როცა კორნელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მეზობლებმა ტოდ კრიზელმანმა და სტივენ პეტერნომ გლობალურ ქსელში TheGlobe.com ჩატვირთეს.

TheGlobe.com ადამიანებს შესაძლებლობას აძლევდა, შეექმნათ პირადი ონლაინსივრცე, აეტვირთათ ფოტოები და ის, რასაც მოგვიანებით ბლოგი დაერქვა. 1998 წლისთვის მომხმარებელთა რაოდენობა 2 მილიონამდე გაიზარდა – მაშინდელი საზომით ეს ძალიან შთამბეჭდავი ზრდა იყო, თუმცა ამას შემოსავლების საგრძნობი მატება არ მოჰყოლია.

TheGlobe.com-მა დოტ-კომის კრიზისს დაუდო საფუძველი და საპნის ბუშტის გასკდომამ თვითონ ტერმინის დისკრედიტაცია მოახდინა. ეს ბუნებრივიცაა, თუმცა საკმაოდ სამწუხარო, რადგან ეს ტერმინი გამოხატავდა დამოკიდებულებას, რომელიც კაცობრიობას ონლაინკომუნიკაციებისა და ონლაინკომერციის განუსაზღვრელი შესაძლებლობებისადმი გაუჩნდა.

Facebook-მა ონლაინსივრცის მიმართ 90-იანი წლების უკვე მიძინებული დამოკიდებულებები გააღვიძა. საფონდო ბირჟაზე გატანილი პირველი აქციები კი ამ ოცნებების მიმზიდველობის და დამღუპველი ზეგავლენის პირველი სიგნალი აღმოჩნდა.

ახლადშექმნილი Facebook-ის მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ ერთმანეთთან დააკავშირა ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში ვერაფრით შეხვდებოდნენ. ეს უდავოდ ინოვაციური მიდგომა აღმოჩნდა, თუმცა ინტერნეტქსელის განვითარებაში უფრო დიდი წვლილი შეიტანეს, მაგალითად, Google-ის საძიებო სისტემამ, ფოტოების და ვიდეოების ატვირთვის და ბლოგების დაპოსტვის ცალკეულმა სერვისებმა. ამ უნივერსალური სერვისებით დღეს მთელი მსოფლიო სარგებლობს და მათზე გლობალური ეკონომიკაა დამოკიდებული.

შარშან Google-მა, რომელიც 200 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, 10 მილიარდის მოგება ნახა. Apple-მა, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად ითვლება (მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 500 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს) 25 მილიარდი მოიგო, ხოლო Microsoft-ი, რომლის ღირებულებაც Apple-ის ნახევარია, მხოლოდ გასულ წელს 23 მილიარდით გამდიდრდა. აი, 100-მილიარდიანმა Facebook-მა კი, შარშან მხოლოდ 1.2 მილიარდი მოიგო.

კომპანიის ინფორმაციით, სოციალურ ქსელს ყოველთვიურად 1 მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს, ნახევარი მილიარდი ადამიანი კი მას ყოველდღიურად ამოწმებს და ქსელში რამდენიმე საათს ატარებს. ყოველდღიურად სოციალური ქსელის მომხმარებლები 3.2 მილიარდჯერ „ალაიქებენ” და „აკომენტებენ”. Facebook-ის მომხმარებლებს 125 მილიარდი „მეგობარი” ჰყავთ.

ეს სწორედ ის ციფრები და მომხმარებელთა ჩართულობაა, რომელსაც რეკლამის დამკვეთები სანთლით ეძებენ. თუმცა, თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, ამ კომპანიამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, მომხმარებელთა უზარმაზარი ბაზა ისე გამოიყენოს, რომ რეკლამებიდან გაცილებით მეტი მოგება ნახოს.

უახლესი კვლევები აჩვენებს – 25 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დიდ უმრავლესობას Facebook-ი უკვე მობეზრდათ, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვები არც ინტერესდებიან. ხოლო თუ 2009-2010 წლებში ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 154%-ით გაიზარდა, 2011-2012 წლებში რიცხვი თითქმის განახევრდა.

იმავე კვლევებით, Facebook-ის ხარჯები მის შემოსავლებზე უფრო სწრაფად იზრდება. 2011-2012 წლების პირველ კვარტლებს შორის, სოციალურმა ქსელმა რამდენიმე ახალი ინჟინერი და გაყიდვების მენეჯერი დაიქირავა, ამასთან, საიტში სხვა მიმართულებით ინვესტირებაც გრძელდებოდა – ბოლო ორ თვეში კომპანიამ 1 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა ფოტოების გაზიარების სერვისი Instagram-ი და ონლაინშესყიდვების პროგრამა Karma.

სხვადასხვა შეფასებით, Facebook-ი ცდილობს თანამედროვე ინტერნეტკომპანიების სამი თაობის მახასიათებლები და ფუნქციები შეითავსოს. რაც არასწორი მიდგომაა.

ინტერნეტკომპანიების პირველი თაობა ძირითადად საძიებო სისტემების განვითარებაზეა ორიენტირებული – მაგალითად, Google-ი და Yahoo. მეორე თაობაში წამყვანი ვების სოციალური ფუნქციაა, ხოლო მესამე თაობა ისეთ კომპანიებს წარმოადგენს, რომელთა ერთადერთი მიზანი მობილური ტელეფონების მომხმარებელთა ბაზრის ათვისებაა.

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ერთი თაობიდან მეორეში გადანაცვლება ადვილი საქმე არ არის. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ბოლო ორი თვის შენაძენების გათვალისწინებით, Facebook-ი აშკარად ცდილობს მესამე თაობის ფუნქციებს გადასწვდეს, თუმცა ეს ინოვაციები მხოლოდ Facebook-ის ხარჯებს დააწვა (97%-ით გაიზარდა) და შემოსავლებზე, შესაბამისად, არ აისახა. ჯამში, ერთი წლის მანძილზე, მოგება 28 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.

ზაკერბერგმა არაერთ საჯარო გამოსვლაში გაიმეორა, რომ პირადად მისთვის კომპანიის სოციალური როლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება. ამ მოტივით ის აქტიურად აფინანსებდა პრეზიდენტ ობამას კამპანიასაც. სხვადასხვა შეფასებით, ასეთმა კავშირებმაც გამოიწვია ის, რომ ბირჟაზე აქციების განთავსების დროს საჯარო და კერძო ინვესტორებს შორის ბუნებრივი ბალანსი დაირღვა. როცა ეს ბალანსი ირღვევა და მთელი მოგება იმათ რჩებათ, ვისაც მეტი გავლენა აქვს და ვინც კომპანიასთან დაახლოებულია, ჩვეულებრივი ინვესტორები თამაშიდან გადიან. შედეგად, ბაზარზე აქციების ფასი ეცემა.

Facebook-ის აქციების ფასის დინამიკის გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ის შეიძლება საერთოდ გაქრეს.

კომენტარები