კომპიუტერი

Chromebook და Chrome Box

0 კომენტარი

Chrome OS არის ოპერაციული სისტემა, რომელიც Google-მა შარშან გამოუშვა და წარმოადგენს იმავე სახელის მქონე ვებბრაუზერზე მიბმულ ოპერაციულ სისტემას. მისი მოქმედების პრინციპი „ღრუბლოვანია”, ანუ ფაილების უმეტესობას – მუსიკას, დოკუმენტებსა და ფოტოებს კომპიუტერის ნაცვლად ინტერნეტსერვერზე ინახავს. Chrome-ის დახმარებით კომპანია Microsoft-ის შევიწროებას გეგმავდა ოპერაციული სისტემების ბაზარზე, თუმცა მცდელობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ბაზარზე მყარად დამკვიდრებული Windows-ის შემცვლელის პოვნა ასე ადვილი არ არის.

Google-მა ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა და Windows-ის შევიწროებას კვლავ განაგრძობს. ამისთვის მან იმის მსგავსი ტაქტიკა აირჩია, რაც iPhone-ის წინააღმდეგ Android-ის სისტემის უპირატესობის გასაზრდელად გამოიყენა – შექმნა საკუთარი მოწყობილობა, რომელიც Google-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. თუკი ტელეფონების შემთხვევაში ეს Nexus-ი იყო, კომპიუტერულ ბაზარზე Google-ი ახალი ვერსიის Chromebook-ითა და ნოვატორული Chromebox-ით გამოდის.

Chromebox-ი, ისევე როგორც Chromebook-ი, სახელიდან გამომდინარე, Chrome-ის ოპერაციულ სისტემაზე აწყობილი კომპიუტერია. მათ Google-ი კომპანია Samsung-თან ერთად აწარმოებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი კომპანიის პარტნიორობამ უახლოეს წარსულში უკვე აჩვენა საკმაოდ კარგი შედეგი Nexus-ის და Samsung Galaxy-ს ტელეფონების სახით. ორივე მათგანი Google-ის მიერ შექმნილ სისტემას, Android-ს იყენებს. პირველად Chromebook-ი შარშან გამოჩნდა ბაზარზე, ის ვერსია კი, რომელიც ახლახან წარადგინეს, მისი საკმაოდ შეცვლილი ვარიანტია. „ამ წლის განმავლობაში ჩვენ ოპერაციული სისტემის (Chrome OS) რვა სტაბილური განახლება გამოვუშვით, რითიც რამდენიმე მნიშვნელოვანი და ასეულობით მეორადი ფუნქცია შევძინეთ”, – აცხადებს Google-ის პრესმდივანი.

თუკი Chromebook-ი თითქმის ჩვეულებრივი ნეტბუქის მსგავსია, მისი Box ვერსია საოფისე კომპიუტერთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოწყობილობას წარმოადგენს. გარეგნულად იგი Mac mini-ს იმდენად წააგავს, რომ ეს შეიძლება მორიგი სასამართლო გარჩევის საგანიც კი გახდეს Samsung-სა და Apple-ს შორის. თუმცა ისინი ფუნქციონალურად განსხვავდება. Mac mini-სგან განსხვავებით, Chromebox-ის წინა და უკანა პანელები აღჭურვილია უამრავი პორტით, რომელთა შორისაა 6 USB პორტი კლავიატურის, მაუსის და სხვა პერიფერიული აღჭურვილობის შესაერთებლად, ასევე კომბინირებული 3,5 მმ-იანი კონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის. ვიდეოსიგნალისთვის DVI ინტერფეისი გამოიყენება, მისი შეერთება კომპიუტერის მონიტორზეც შეიძლება და ტელევიზორზეც, გარე ქსელის შესაერთებლად კი სტანდარტული ქსელის კონექტორი აქვს. შიდა მეხსიერებად მასში მყარი დისკის ნაცვლად ფლეშ კარტაა ჩამონტაჟებული.

თავად კომპიუტერის ზოგადი ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: 1,9 გიგაჰერციანი Intel Celeron-ის ორბირთვიანი პროცესორი, 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 16 გიგაბაიტი ფლეშ მეხსიერება. ვინაიდან Chrome OS-ის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაილების უმეტესობა კომპიუტერში არ ინახება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქსელურ ნაწილს. ამისთვის Box-ს, გარდა სტანდარტული ქსელისა, შეუძლია Wi-fi და Bluetooth 3.0 შეერთებების დამყარება. ამ უკანასკნელის დახმარებით უსადენო კლავიატურის და მაუსის ამუშავებაა შესაძლებელი, ზოგიერთ მოდელს კი 3G მობილური ინტერნეტის დაჭერაც შეუძლია.

ახალი Chromebook-ის ფასი ჯერჯერობით 449 დოლარია მხოლოდ Wi-fi მოდელისთვის და 549 დოლარი – Wi-fi + 3G მოდელისთვის, მაგრამ ის ნეტბუქია და ამიტომ 12-დუიმიანი მონიტორი და კლავიატურაც აქვს. Chromebox-ის ფასი კი, რომელსაც გარე მონიტორი, კლავიატურა და მაუსი ესაჭიროება, მხოლოდ 329 დოლარს შეადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები