საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვა

წარმოთქმული გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

წელს ჩვენ აღვნიშნავთ გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავს. ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის ერთობლივი ისტორია აქვთ. პირველად დიპლომატიური ურთიერთობა 1919 წელს დამყარდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდ კურზონმა ამიერკავკასიაში ბრიტანეთის პირველ მთავარ რწმუნებულად სერ ოლივერ უორდროპი დანიშნა. ვიცი, რომ სერ ოლივერი დღემდე დაფასებულია საქართველოში ისევე, როგორც მისი და მარჯორი, რომელმაც რუსთაველის შედევრი ”ვეფხისტყაოსანი” თარგმნა ინგლისურად.

გაერთიანებული სამეფო საქართველოს მხარს უჭერდა 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და მას შემდეგ ჩვენი მეგობრობა სულ უფრო ძლიერდება. თქვენი დიდი ისტორიის მქონე, მაგრამ ახალგაზრდა სახელმწიფო დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. მაგრამ ამავე დროს დიდი მიღწევებიც გაქვთ, რითიც უნდა ამაყობდეთ. წარუმატებელი სახელმწიფოდან საქართველო, ნატოს ასპირანტ და ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნად იქცა.

მე კვლავ ვუჭერ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მივესალმები წელს დაწყებულ მოლაპარაკებას ”ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების” შესახებ. ეს რთული მოლაპარაკებაა და დრო დასჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც წარმართავს საქართველოს ეკონომიკას. ჩვენ კვლავ მძიმე ეკონომიკური კრიზისის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით. ევროზონა დიდი პრობლემების წინაშე დგას. დღეს მძიმე პერიოდია, მაგრამ დარწმნუნებული ვარ, რომ ევროკავშირი კვლავ ძლიერი ძალაა კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის როგორც საკუთარ საზღვრებში, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მოხარული ვარ, რომ ჩიკაგოში მაისში ჩატარებულ ნატოს სამიტზე აღიარებული იქნა საქართველოს რეფორმები და კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსის გადაწყვეტილება, რომ ერთ დღეს თქვენ ნატოს წევრი გახდებით. იმედი მაქვს საქართველო გააგრძელებს ამბიციურ სვლას დემოკრატიზაციის გზაზე. საქართველოს კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების სფეროში ავღანეთში ნატოს მიერ ჩატარებულ ოპერაციებში მონაწილეობით. თქვენი ჯარის ნაწილები ჩვენს გვერდით იბრძვიან ჰელმანდის პროვინციაში და დიდ სიმამაცეს და ვაჟკაცობას ავლენენ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თქვენი მსხვერპლის, თექვსმეტი დაღუპული სიცოცხლის გამო. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს.

რაც შეეხება შემოდგომის არჩევნებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე. აუცილებელია, რომ ყველა მხარე იქცეოდეს თანამედროვე ევროპული დემოკრატიის შესაბამისად. მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული სამეფო მონაწილეობას მიიღებს არჩევნების დამკვირვებელთა მისიაში და თავის წვლილს შეიტანს ამ მიზნების მისაღწევად.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ გრიგოლ ვაშაძეს ჩვენი ბოლო შეხვედრისას ვუთხარი, გაერთიანებული სამეფო ყოველმხრივ დაუჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ გვსურს, რომ თქვენი ქვეყანა აყვავებული და წარმატებული იყოს. იმედი მაქვს ერთობლივად მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზანს და შევქმნით ყველასთვის უკეთეს და უსაფრთხო მომავალს.

უილიამ ჰეიგი

 

კომენტარები