ფოტოგრაფია

სტენლი გრინი: ჩემი აპარატი ჩემი საყვირია

სანამ პირადად გავიცნობდი, მის შესახებ მეგობარს მოვუყევი. ფოტო რომ ნახა, მითხრა – ეს კაცი ომის ფოტოგრაფს კი არა, ჯაზმენს უფრო ჰგავსო. იმ დღეს, თბილისის ფოტოფესტივალზე, ამ „ჯაზმენის” გამოფენა ბევრმა დაათვალიერა – სტენლი გრინის „ჩეჩნეთის გზაზე” ვინ არ შეგხვდებოდათ, ომის სისასტიკისგან გონებაარეული ადამიანები, ქალაქის ალყაში მოხვედრილი პატარა კატია და მარინა თავიანთი სასაცილო ნახატებით, თავად შამილ ბასაევი, რუსული ბომბებისგან დანგრეული სახლები, ომისგან დაინვალიდებული ადამიანები...

„რა თქმა უნდა, ჯაზს ვუსმენ, – ამბობს გრინი, – ისევე, როგორც ჯაზში, ჩემს საქმეშიც რიტმია მთავარი. მნიშვნელოვანია ის, კამერა როგორ მიჭირავს. ჩემი აპარატი ჩემი საყვირია. კიტ რიჩარდსმა თქვა, რომ მისი გიტარა იყო ინსტრუმენტი, რომელიც გარშემო ყველა ბგერას იჭერდა. ჩემი კამერა კი ის ინსტრუმენტია, რომელიც გარშემო ყველანაირ გამოსახულებას იჭერს”.

სტენლი გრინი სამოცდასამი წლისაა და რამდენიმე ათწლეულია ფოტოებს იღებს. სამუშაოდ, ძირითადად, ისეთ ადგილებს ირჩევს, სადაც ადრენალინის დიდი დოზა გარანტირებული ექნება – ჩეჩნეთი, სომალი, რუანდა, ერაყი, ლიბანი. მუქი სათვალით დადის. როგორც თვითონ ამბობს, თვალების გადამეტებული მგრძნობელობის გამო, მათი მოხსნა არ შეუძლია. ისე, საკმაოდ სევდიანი მზერა აქვს და კიდევ, ხელზე ბევრი ბეჭედი. არ მოსწონს ქენონის ლინზები, თანაც, ბრძოლის ველზე ნიკონი ურჩევნია – უფრო სწრაფია. მაინცდამაინც არც ციფრული ტექნოლოგიითაა აღფრთოვანებული, ფოტოგრაფიის მომავალს კი ეჭვის თვალით უყურებს: „ამდენი აპლიკაციებით დღეს შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რაც მოგინდება. ისღა დაგრჩენია, წინასწარ მიუთითო, რა გინდა, რომ გამოვიდეს და დააჩხაკუნო. წლების წინ გადაღებულ კადრს ისე დაამუშავებ, თითქოს დღეს გადაიღე. ამიტომ, ფოტოგრაფიაში სიმართლე აღარაა. სააგენტოები და ადამიანები ამ უკანასკნელს ადვილად აყალბებენ. თუ ფოტოგრაფებს გვინდა, რომ სამყარო სერიოზულად აღგვიქვამდეს, პატიოსნები უნდა ვიყოთ, სიმართლის მხარეზე უნდა ვიდგეთ”.

თურმე თავიდან მართლა მუსიკოსობა უნდოდა. ეს სურვილი ბავშვობაში გაუჩნდა, როდესაც ჯიმი ჰენდრიქსს მოუსმინა. „მერე გავაცნობიერე, რომ ჰენდრიქსივით ვერასოდეს დავუკრავდი, ჰოდა, რაღა აზრი ექნებოდა ჩემს მუსიკოსობას”. ამიტომ, კარიერა ხატვით დაიწყო. იხსენებს, ცუდ აბსტრაქტულ სურათებს ვხატავდიო. „ეს მაშინაც ვიცოდი და თავი დავანებე. მერე, როდესაც ხელოვნების სკოლაში დავდიოდი, მივხვდი, რომ ისეთი ელეგანტური ფოტოების გადაღება შემეძლო, რომლებიც სურათებს ჰგავდნენ”. ფოტოგრაფობაც მაშინ გადაწყვიტა...

ნიუ იორკში, ბრუკლინში დაიბადა 1949 წელს. ახალგაზრდობაში ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი და „შავი პანტერების” წევრი იყო. თავიდან იღებდა როკჯგუფებს, პარიზში – მოდას. 1989 წელს შემთხვევით გახდა ბერლინის კედლის დაცემის მოწმე – მისი ფოტო Kisses To All, Berlin Wall ამ მოვლენის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

გროზნო
მას შემდეგ სიკვდილის საფრთხის წინ ბევრჯერ მდგარა. ჰქონდა ფსიქიკურ მდგომარეობასთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემებიც. ამ ყველაფერს ირიბად, მაგრამ მაინც, ომს უკავშირებს. „ეს სამოციანებში ხდებოდა. ვიეტნამის ომი იყო, ანდერგრაუნდის მოძრაობა, პანტერები... ომი სამყაროს ცვლის. მამაჩემმა მეორე მსოფლიო ომი გამოიარა და ეს ჩემდამი დამოკიდებულებაში იგრძნობოდა...”

როდესაც მეგობარი ფოტოგრაფის, იუჯინ სმიტის ცხოვრებას იხსენებს, ამბობს: „დიდი ხელოვანები იმდენად იხარჯებიან საკუთარი საქმის კეთებისას, რომ საბოლოოდ ყველაფერს გასცემენ. სულით ეცემიან, როდესაც აღარაფერი რჩებათ გასაცემი. ესაა მიზეზი, რომ ნარკოტიკების მიღებას იწყებენ, ეტანებიან ალკოჰოლს, გიჟდებიან... რთულია, როცა უყურებ ფოტოებს და ხედავ შენ მიერ გადაღებულ ადამიანს, რომელიც მეორე წუთში დაიღუპა, მანამდე კი ალბათ შენნაირი იყო, ცხოვრობდა, მუსიკას უსმენდა... ეს ხანდახან მეტისმეტად აუტანელია”.

ჩეჩნეთის ხსენებისას მხრებს იჩეჩავს, თითქოს აქ სალაპარაკო არც არაფერია: „რა უნდა თქვა ჩეჩნებზე, მონსტრების ხელში აღმოჩნდნენ. იქ სამასი ათასი კაცი მოკლეს. არავინ იმსახურებს ისეთ მოპყრობას, როგორც იქ ქალებს და ბავშვებს მოექცნენ. ახალგაზრდა გოგონებს ქუჩაში იჭერდნენ და აწამებდნენ, მსოფლიო კი ამ ყველაფრისგან ზურგშექცევით იდგა – ჩეჩნეთი მარტო დატოვეს. შამილ ბასაევზე ამბობენ, რომ მონსტრი იყო. არა, ის უბრალოდ ადამიანი იყო, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რისიც სჯეროდა. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, რისი თქმა უნდა CNN-ს. ჩეჩნები არ იბრძვიან ჩეჩნეთის გარეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებენ ამას, თუ რუსებს ებრძვიან. ისინი არ ყოფილან ერაყში, ავღანეთში... გუანტანამოში ჩეჩენი არ ყოფილა, ეს ფაქტია. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ საქართველოში პატარა ინციდენტი მოხდა და ამბობდნენ, რომ ამის უკან ჩეჩნები იდგნენ – რა ნონსენსია. უნდათ, ყველაფერი ჩეჩნებს დააბრალონ”.

გრინი ჩეჩნებს თავისუფლებისთვის მებრძოლებს უწოდებს. რუსეთის მეტროში მომხდარ ტერორისტულ აქტზეც სიფრთხილით საუბრობს: „ამბობენ, რომ ამ დანაშაულთან დაკავშირებული დეტალები მთელმა მსოფლიომ იცის. ჩვენ არაფერი ვიცით. საინტერესოა, რომ სწორედ რუსებმა უბიძგეს ჩეჩნებს რადიკალიზმისკენ, ისლამის მარწუხებში მოაქციეს. მანამდე ჩეჩნებს სულ არ ადარდებდათ ისლამი, იგივე შამილ ბასაევი და მისი მებრძოლები ძალიან ბევრს სვამდნენ და სულაც არ იყვნენ კარგი მუსლიმები.

არ ღირს ამაზე საუბარი. ვისაუბროთ ანა პოლიტკოვსკაიაზე, რა გაუკეთეს მას რუსებმა? ვისაუბროთ სამას კაცზე, რომლებიც მოსკოვში დახოცეს, რომ ჩეჩნეთის ომისთვის გამართლება მოეძებნათ. ამაზე რატომ არ ვსაუბრობთ? ვისაუბროთ ჰილარი სუონკზე, რომელსაც ამ დამნაშავეებთან ერთად შეუძლია იჯდეს ისე, თითქოს ამით არც არაფერი შავდება. ვისაუბროთ ჟერარ დეპარდიეზე, რომელსაც აქვს ნერვები, იჯდეს მაგიდასთან პუტინთან ერთად. ჩვენ მივეცით ამ ნაძირლებს უფლება, მოქცეოდნენ ამ დამნაშავეებს ისე, თითქოს ისინი ადამიანები იყვნენ. არა, ისინი არ არიან ადამიანები.

ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გაუკეთეს რუსებმა თქვენს ქვეყანას, ისინი ხომ ასე ახლოს იყვნენ მიზანთან. რუსები არ დგანან სირიაში დატრიალებული ამბების უკან? ასე რომ, გინდათ ვისაუბროთ რა გაუკეთეს ჩეჩნებმა რუსებს? გსურთ ვილაპარაკოთ რა მოხდა მოსკოვის მეტროში? კარგი, ვილაპარაკოთ. მაგრამ ვისაუბროთ სხვა თემებზეც, რომლებზე საუბარიც არ გვინდა ხოლმე. ჩვენ ყოველთვის წვრილმან დამნაშავეებს დავსდევთ, ნამდვილ დამნაშავეებზე კი არასოდეს ვსაუბრობთ. არ ვახსენებთ მათ, ვინც რეალურად არის მსოფლიოში გამეფებული ტანჯვისა და სიღარიბის მიზეზი... რატომ? იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში ყველას ბიზნესინტერესები ამოძრავებს, სხვა არაფერი აწუხებთ”.

სტენლი გრინი აღელვებას ვერ მალავს. რომანტიკოსი იდეალისტი გეგონებათ, თუმცა, თავად ალბათ ასე არ თვლის. ფიქრობს, რომ მისი პროფესიის კაცის მთავარი ფუნქცია სწორედ იმ სიმართლეზე საუბარია, რომელზეც სხვებმა არაფერი იციან. „წარმოვიდგინოთ ქვის ხანის ადამიანები, რომლებიც სხედან თავიანთ გამოქვაბულში და უცებ უჩნდებათ აზრი, რომ გარეთ გავიდნენ და ბოსტნეული იპოვონ. ერთ-ერთი დგება და გარეთ გადის, იქ კი, შესასვლელთან, კბილებალესილი ვეფხვი ხვდება. ის უკან შერბის, ცდილობს სხვებს აუხსნას, რა ხდება, მაგრამ ისეთ პანიკაშია, ვერ ახერხებს. ამიტომ მიდის კოცონთან, ნაკვერჩხალს იღებს და კედელზე ხატავს – „გარეთ ვეფხვია და ცდილობს შემჭამოს”. გარეთ გასვლის რომ შეშინებოდა და რისკი არ გაეწია, ვეფხვის შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა. ფოტოგრაფიც ასეთი უნდა იყოს –

გზა სამაშკისკენ
გარისკოს იმისთვის, რომ მერე ამბავს მოჰყვეს, არ უნდა შეეშინდეს. იყო ერთი ფოტოგრაფი, საშინელ ომებს იღებდა, დაღესტანს, ღაზას და იცით როგორ მოკვდა? თავში გაჩენილი ანევრიზმით. ვიღაცებმა თქვეს, რომ მის სიკვდილზე უფრო დიდი ტრაგედია ის იყო, რომ ბრძოლის ველზე არ დაიღუპა. თუმცა, იცით რა, სიკვდილი – სიკვდილია. ეს უკვე ტრაგედიაა...”

სტენლი გრინის აზრით, ყველაზე რთული მის პროფესიაში ემოციების კონტროლია. „წესით, უნდა იყო დამკვირვებელი, რომელიც განზე დგას და მოვლენებს აშუქებს. იმ ადამიანების ხმად უნდა იქცე, რომლებსაც ხმის ამოღების საშუალება არ აქვთ და როდესაც ამ უბედურ ხალხს ხვდები, ისე ბრაზობ, რომ საქმეზე კონცენტრირება, სუნთქვაც კი გიჭირს. იცით, არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც ვიღაცას სიკვდილით სჯიან და ფოტოგრაფები ყვირიან, მიდით, მიდით, ძალიან მაგარი ფოტო გამოვა. ეს მეორე უკიდურესობაა. ვფიქრობ, ჯერ საფრთხეში მყოფ ადამიანს უნდა დაეხმარო და მერე იფიქრო ფოტოს გადაღებაზე”.

„ყველაფერს რომ თავიდან ვიწყებდე, სახლში დავბრუნდებოდი და გიტარაზე დაკვრას გავაგრძელებდი. კარებს დავხურავდი, ბევრ ყავას მოვიმარაგებდი, ჯენის ვნახავდი... არავინ იცის, როგორი ცხოვრება მექნებოდა, იქნებ სცენაზეც აღმოვჩენილიყავი და ოზი ოსბორნივით გემრიელად გავსუქებულიყავი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ფოტოგრაფი გავხდი. არც მდიდარი ვარ და თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ომის ფოტოგრაფობით გამდიდრება შეიძლება, უნდა იცოდეს, რომ ცდება. იქნებ შემეძლო კიდეც ცოტათი გამდიდრება, მაგრამ ჰონორარი ჩემთვის მთავარი ფაქტორი არ ყოფილა”.

„რაო, რაო? რა გინდათ თქვათ, როცა ამბობთ, რომ ჩეჩნეთში წასვლისთვის ფულს არ გადამიხდით? ოჰ, კარგი, მაინც წავალ”, – ამბობდა გრინი და მიდიოდა, ავტომატიანი ქალების, ომის ინვალიდების, დანგრეული ქალაქების გადასაღებად...

რვეულში კი ჩანაწერს ტოვებს: „თავს გაუფრთხილდი. იმედია, ყველა ოცნება აგისრულდება”. იქნებ გრინსაც აუსრულდეს ოცნება – ჰენდრიქსივით დაიწყოს დაკვრა, გასუქდეს და ჯენი იპოვოს. მაშინ მაინც, როცა ომები აღარ იქნება.

 

კომენტარები