კინო

დიქტატორი ბორატ ბრუნო G კოენი

წელს მხსნელი დაიბადა. მესია, სახელად ალადინი. სახელმწიფო ვადიის მმართველი. ეგოისტი, უმოწყალო, სექსისტი, ანტისემიტი დიქტატორი, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს. ადამიანი, რომელსაც მეგან ფოქსიდან დაწყებული, არნოლდ შვარცენეგერით დამთავრებული, ასობით ცნობილ ადამიანთან ჰქონია სექსი, მმართველი, რომელსაც მხოლოდ წაწვეტებული რაკეტის ფორმის ბირთვული იარაღი სურს და ახალშობილი თუ ბიჭი არ არის, ნაგავში ისვრის. ის ოსამა ბინ ლადენის უახლოესი მეგობარია (დიახ, ოსამა დღემდე ცოცხალია), მუამარ კადაფი მისი მუზა იყო, სადამ ჰუსეინი – მისაბაძი მაგალითი, კიმ ჩენ ირი კი ინსპირაციის წყარო...

„დიქტატორი” რეჟისორ ლარი ჩარლზის ახალი ფილმი გახლავთ. ეს სწორედ ის რეჟისორია, რომელმაც „ბორატი” და „ბრუნო” გადაიღო. „დიქტატორი” ბრიტანელი კომიკოსის, საშა ბარონ კოენის პროექტია, სადაც მსახიობმა ოდნავ გადაუხვია თავის სტილს და ბოლო ფილმიდან დოკუმენტური კინოს ელემენტები საერთოდ ამოიღო. „დიქტატორი” თავიდან ბოლომდე წინასწარ დაწერილი დიალოგებითაა აწყობილი და დოკუმენტური კინოს ატმოსფერო არ იგრძნობა, ეს კი ნამუშევარს „ბორატთან” შედარებით ნაკლებ სახალისოს ხდის. „დიქტატორი” კარგი კომედიაა, უამრავი სასაცილო, საშა ბარონ კოენისთვის დამახასიათებელი პერფორმანსით. მაგრამ ფილმი რიგ შემთხვევებში ზედმეტად ვულგარულია, ზოგიერთი ეპიზოდი „ამერიკული ნამცხვარი 5”-ის დონის იუმორს ვერ აკმაყოფილებს. ის ოქროს შუალედი, რომელიც ლარი ჩარლზმა და საშა ბარონ კოენმა „ბორატში” იპოვეს, ვერც „ბრუნოსა” და ვერც „დიქტატორში” ვეღარ გაიმეორეს. თუმცა ყველაფერი თავიდან, პერსონაჟით, Ali G დავიწყოთ.

საშა ბარონ კოენი ისტორიაში მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსის სახელით მაინც შევა. ოცი წლის წინ კი მომავალ მსახიობს არჩევანი უნდა გაეკეთებინა, ან კემბრიჯის უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა, პროფესორის სტატუსი მიეღო და თავად გამხდარიყო ისტორიკოსი, ან საყვარელი საქმე ეკეთებინა, ახალი სახეები შეექმნა და ფილმებში ეთამაშა. კოენმა არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. 1998 წელს ბრიტანულ „11 საათის შოუში” ახალი პერსონაჟი, Ali G გამოჩნდა. გაუნათლებელი, სტერეოტიპების მსხვერპლი, თეთრკანიანი რეპერი ბრიტანეთიდან, რომელიც ცნობილ ხალხთან ინტერვიუებით გახდა ცნობილი.

ეს ინტერვიუები ყოველთვის პროვოკაციული და ხშირად სასაცილო იყო. საშა ბარონ კოენის პირველი წარმატება Ali G გახდა – ამ როლმა მას ბაფტას ჯილდო და საუკეთესო ახალბედა ბრიტანელი კომიკოსის წოდება მოუტანა.

„რუსეთში ყოფნისას ექიმი გავიცანი, მისი სახელი არ მახსოვს, წარმოუდგენლად სასაცილო კაცი იყო, ოღონდ მისდა უნებურად მაცინებდა. ბორატი ამ კაცის მიხედვით შევქმენი”, – მსახიობმა ეს თავის ყველაზე მნიშვნელოვან პერსონაჟზე განაცხადა. Ali G პოპულარული გახდა, ბორატი კი საკულტო ფიგურად იქცა. ჰომოფობი, სექსისტი, ანტისემიტი ჟურნალისტი ყაზახეთიდან, რომელიც ამერიკაში ადგილობრივი კულტურის შესასწავლად და ყაზახი ერის დასახმარებლად ჩავიდა. 2006 წელს ბორატმა ყველაფერი მოიცვა. ის ერთდროულად ამერიკის, ყაზახეთის, ანტისემიტების, ებრაელების, ფემინისტებისა და ანტიფემინისტების სიმბოლო იყო, ამერიკელ ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა და კანის პლაჟზე თითქმის შიშველი დადიოდა.

წლის ყველაზე პოპულარული ყაზახი გააკრიტიკა ყაზახეთის მთავრობამ, რომლის აზრითაც, ფილმში ასახული სიღატაკე, უვიცობა და ცუდი მანერები სრულიად არ შეესაბამებოდა რეალურ სურათს. თუმცა რამდენიმე თვეში განცხადება შეცვალეს და მსახიობი ყაზახეთშიც კი დაპატიჟეს. მიზეზი ტურისტების რაოდენობის ზრდა გახდა – ხალხი ბორატ საგდიევის სანახავად ყაზახეთში ჩადიოდა.

„ბორატი” XXI საუკუნის საუკეთესო კომედიაა, ფილმი, სადაც ამერიკელი ერის უვიცი, უაზროდ ამაყი და სტერეოტიპების მსხვერპლი ნაწილია გაშარჟებული. ბორატმა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და არაერთი უხერხული თუ სასაცილო ინციდენტის საბაბი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამბავი წელს მოხდა, როდესაც ქუვეითში, სპორტული სროლის ტურნირზე ყაზახ ჩემპიონს, ნამდვილი ყაზახეთის ჰიმნის მაგივრად „ბორატში” გამოყენებული სიმღერა ჩაურთეს. ამ ფილმისთვის მსახიობმა ოქროს გლობუსი მოიპოვა და „ბრუნოზე” მუშაობა დაიწყო.

ბრუნო საშა ბარონ კოენის ერთ-ერთი ძველი პერსონაჟია, რომელიც სხვადასხვა შოუში პერიოდულად ჩნდებოდა. ბრუნო გეიჰარდი ავსტრიელი ჰომოსექსუალი ჟურნალისტია და მოდის ამბებს აშუქებს. „ბრუნო” კარგი კომედიაა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც მაყურებელი „ბორატის” შემქმნელისგან ელოდა. ფილმი პროვოკაციულია და ხშირად ეს პროვოკაცია ამართლებს, ისევე, როგორც საშა ბარონ კოენის მთელი კარიერა.

კომიკოსს ბევრჯერ უთქვამს, რომ მისი მისაბაძი მაგალითი მსახიობი პიტერ სელერსია, მაგრამ თავისი პერსონაჟებით და კარიერით ის ენდი კაუფმანს უფრო ჰგავს, იმ ენდის, რომელზეც მილოშ ფორმანმა „ადამიანი მთვარეზე” გადაიღო. საშა ბარონ კოენი დღევანდელობის ენდი კაუფმანია. მისი პერსონაჟებიც პროვოკაციულები არიან, ისიც ხალხის გასულელებით და ამით სხვისი გაცინებით იღებს სიამოვნებას. კოენი, კაუფმანის მსგავსად, სტერეოტიპებს სტერეოტიპებით ებრძვის და

ამას ხალხი ხშირად ვერ იგებს – ხან ჰომოფობიაში, ხან ანტისემიტიზმში, ხანაც სექსიზმში ადანაშაულებენ, მაშინ როცა მთელი მისი კარიერა სწორედ ასეთი ხალხის დაცინვაა.

ებრაელი მსახიობი რეალურ ცხოვრებაში საერთოდ არ ჰგავს თავის პერსონაჟებს. კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა, იზლა ფიშერთან ერთად ორი შვილი ჰყავს და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს. ნანობს, რომ ბორატი, Ali G და ბრუნო ასეთი პოპულარული პერსონაჟები გახდნენ, რადგან ამის შემდეგ მათ ვეღარ გამოიყენებს – ყველა იცნობს და მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგა. ამიტომ სამივე „პენსიაზე” გაუშვა. კოენი ერიდება ხმაურიან წვეულებებს, პაპარაცებს, თითოეულ პროექტზე გულდასმით მუშაობს და ყველა დეტალს ბოლომდე ამუშავებს. ჯონი დეპს, ჯორჯ ქლუნისა და სტივ მარტინს „ბორატში” თამაშზე უარი უთხრა, რადგან თუ მსახიობებს ეცოდინებოდათ, რა მოხდებოდა, ეს ფილმის მთელ ატმოსფეროს გააფუჭებდა, მისთვის კი მოულოდნელობა უმნიშვნელოვანესია – ბუნებრივი ემოციები, მიმიკები და დიალოგები ყველაზე ძვირად ფასობს.

ახლა საშა ბარონ კოენი „დიქტატორის” მარკეტინგითაა დაკავებული, ფილმის DVD-ის გამოსვლასთან ერთად ამ პერსონაჟსაც დაივიწყებს და ახალი სახის შექმნას შეუდგება. ისე, როგორც ენდი კაუფმანი აკეთებდა.

კომენტარები