ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს

ბიძინა ივანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის. ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერმა "გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

"თანხის გადახდას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რამდენადაც ეს უკვე აბსურდია. სასამართლო დავიდა "რეალტივის", "რუსთავი 2"-ის, "იმედის" თუ გინდ პირველი არხის დონეზე. როგორც ისინი ჭორაობენ, ისე ხდება სასამართლოშიც. მათი ტერმინოლოგიაც ლამის ერთმანეთს ემთხვევა. მოსამართლე ვალდებულადაც აღარ თვლის, თავს ადვოკატს აუხსნას ვითარება იურიდიულად, კანონის საფუძველზე." – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ყველაფერი განვითარდება ლოგიკურად და ერთი კაცი ვერ შეძლებს საქართველოს მოსახლეობის შეჩერებას“.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული ოცნების ლიდერის დაჯარიმების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

"ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, მოქალაქეობის საკითხიდან დაწყებული, სახელმწიფო გავიდა სამართლებრივი სივრციდან და იქცევა, როგორც უნდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება", - განაცხადა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებს ძალაში დატოვებს, ისინი ჯარიმის ფაქტს საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 11 ივნისის გადაწყვეტილებებით, ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მთლიანობაში 148 მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდა.

საქალაქო სასამართლომ ამ თანხით ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილება კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე მიიღო.

 

კომენტარები