ინოვაცია

ბანკომატებიდან თანხის გამოტანა საბანკო ბარათების გარეშე

ბრიტანელები ბანკომატებიდან თანხის გამოტანას საბანკო ბარათების გარეშეც შეძლებენ.

ნოუ-ჰაუ ბრიტანულმა ბანკმა - Royal Bank of Scotland-მა დანერგა. მისი კლიენტები ბანკომატებიდან თანხის გამოტანას სმარტფონების მეშვეობით შეძლებენ. თანხის განაღდებისთვის, ბანკის კლიენტები 6-ციფრიან კოდს მიიღებენ. შემდეგ ამ კოდს ბანკომატში შეიყვანენ და თანხას გამოიტანენ. მომავალში პლასტიკური ბარათის მონაცემები სმარტფონის სიმ-ბარათში ჩაიტვირთება და ბანკომატთან მიახლოებისას, აპარატი ინფორმაციას ავტომატურად წაიკითხავს.

Royal Bank of Scotland-მა თავისი ინოვაცია პირველ რიგში იმ ადამიანებზე გათვალა, ვისაც ბარათები ხშირად სახლში რჩებათ. თუმცა რადგან ეს მეთოდი ჯერ ძალიან ახალია, ბანკი კლიენტებს ურჩევს, რომ ამ გზით 100 ფუნტზე (155.6 აშშ დოლარი)  მეტი თანხა არ გამოიტანონ.

BBC-ის ცნობით, ტელეფონების მეშვეობით თანხის განაღდება უფრო გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. მის მიხედვით,  მობილური ტელეფონები ელექტრონულ საფულედ უნდა გადაიქცეს და მომავალში საბანკო ბარათები მთლიანად ჩაანაცვლოს. ამ დროისათვის ბრიტანეთში მობილური უკვე გამოიყენება უნაღდო ანგარიშსწორებისას.

კომენტარები