ევრო 2012

პორტუგალია 3:2 დანია

B ჯგუფის მეორე ტურის პირველი თამაში ევრო 2012-ის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი გამოდგა: დანიის ნაკრებმა ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება შეძლო, მაგრამ პორტუგალიამ მაინც გაიმარჯვა. ეს გუნდები საკვალიფიკაციო ტურნირშიც შეხვდნენ ერთმანეთს - პორტუგალიაში მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, დანიაში კი გამარჯვება მორტენ ოლსენის გუნდს დარჩა - 2:1. საკვალიფიკაციო ჯგუფი სკანდინავიელებმა მოიგეს.

პირველი, მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი პორტუგალიამ შექმნა: კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული ბურთი დანიელთა კარს აცდა. მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავმა რაულ მეირელეშის წამოწყებული შეტევა ვერ დაასრულა გოლით. მე-20 წუთზე მანვე მარცხენა ფლანგიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს გადაცდა.

24-ე წუთზე დანია გაშვებულ გოლს გადაურჩა. ელდერ პოსტიგას დარტყმული ბურთი მორტენ ოლსენის გუნდის კარს აცდა, თუმცა რამდენიმე წამში ანგარიში მაინც გაიხსნა: კუთხურის შემდეგ პეპემ თავური დარტყმით გაიტანა გოლი - 1:0. წარმოშობით ბრაზილიელმა მცველმა პორტუგალიის ნაკრების მაისურით მეოთხე ბურთი შეაგდო. მან პორტუგალიის მოქალაქეობა 2007 წელს მიიღო.

36-ე წუთზე სამხრეთელებმა მეორე გოლი გაიტანეს: მანჩესტერ იუნაიტედის გარემარბმა ნანიმ საჯარიმოში შეჭრილ ელდერ პოსტიგას შესანიშნავი პასი გაუკეთა და ესპანეთის სარაგოსას თავდამსხმელმაც ერთი შეხებით გაზარდა ანგარიში - 2:0. პოსტიგამ ევროპის მესამე ჩემპიონატზე მოახერხა გოლის გატანა: 2004 წელს, სამშობლოში ინგლისელთა კარი დალაშქრა, ოთხი წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში კი გერმანელებს გაუტანა.

შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე დანიის ნაკრების თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ერთი ბურთი გაქვითა: მიქაელ კრონ-დელის თავური პასის შემდეგ ასევე თავით შეაგდო გოლი. სხვათა შორის, ბენდტნერმა პორტუგალიელთა კარის დალაშქვრა მეხუთე მატჩშიც შეძლო: ინგლისის სანდერლენდის ფორვარდმა პირენეელთა დამწუხრება 2006, 2008, 2009 და 2011 წლებში გამართულ მატჩებშიც მოახერხა.

44-ე წუთზე პაულო ბენტუს გუნდს მესამე გოლის შეგდებაც შეეძლო, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს საიმონ კიაერმა ააცალა ბურთი. ტაიმიც ასე დასრულდა - 2:1.

თამაშის განახლებისთანავე, 51-ე წუთზე პორტუგალიელთა კაპიტანი უსწრაფესად შეიჭრა დანიელთა საჯარიმოში, დაარტყა კიდეც, მაგრამ მეკარე ანდერსენმა ჩინებულად ითამაშა - ბურთი მოიგერია. ესპანეთის ჩემპიონს უფრო ზუსტად რომ ეთამაშა, პორტუგალიელთა უპირატესობა გაიზრდებოდა.

74-ე წუთზე ნიკლას ბენდტნერს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო: საჯარიმოსთან კარგად მიიღო ბურთი, მცველიც ჩამოიშორა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა - ბურთი რუი პატრისიუს კარს მცირე მანძილით ასცდა.

მე-80 წუთზე ესპანეთის ჩემპიონატში ორმოცი გოლის გამტანმა კრიშტიანუ რონალდუმ ძალიან ხელსაყრელი სიტუაცია გაუშვა ხელიდან: ნანის პასის შემდეგ ანდერსენთან პირისპირ გავიდა, დაარტყა კიდეც, მაგრამ კარს ააცილა.

რამდენიმე წამში ანგარიში გათანაბრდა: ბენდტნერმა მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით შეაგდო პორტუგალიელთა კარში. ამ მომენტში პირველი გოლის ავტორმა პეპემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რის გამოც თავდამსხმელს ხელი ვერ შეუშალა - ბურთი თავზე გადააფრინდა.

მიუხედავად ამისა, პაულო ბენტუს გუნდმა თამაში მაინც მოიგო. ისევე, როგორც გერმანიასთან შეხვედრაში, სილვესტრე ვარელა ახლაც შეცვლაზე შევიდა, თუმცა წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად საგოლე მომენტი გამოიყენა: გოლი მეორე დარტყმით გაიტანა. ეს 87-ე წუთზე მოხდა.


13 ივნისი, 2012. ევრო 2012 – B ჯგუფი, II ტური. ლვოვი, არენა, 31840

პორტუგალია 3:2 დანია

გოლები: 1:0 პეპე (24), 2:0 ე.პოსტიგა (36), 2:1 ნ.ბენდტნერი (41), 2:2 ნ.ბენდტნერი (80), 3:2 ს.ვარელა (87)

პორტუგალია: რ.პატრისიუ, ჟ.პერეირა, ბ.ალვეში, პეპე, ფ.კოენტრაო, მ.ველოსო, რ.მეირელეში (ს.ვარელა 84), ჟ.მუტინიუ, ნანი (როლანდო 89), ე.პოსტიგა (ნ.ოლივეირა 64), კ.რონალდუ (კაპ)

მწვრთნელი: პაულო ბენტუ

დანია: ს.ანდერსენი, ლ.იაკობსენი, ს.კიაერი, დ.აგერი (კაპ), ს.პოულსენი, ვ.კვისტი, ნ.ციმლინგი (ი.პოულსენი 16), დ.რომედალი (ტ.მიკელსენი 60), კ.ერიკსენი, მ.კრონ-დელი (ლ.შიონე 90), ნ.ბენდტნერი

მწვრთნელი: მორტენ ოლსენი

გაფრთხილება: რ.მეირელეში, ი.მიკელსენი, ლ.იაკობსენი, კ.რონალდუ

მსაჯები: კ.ტომსონი (შოტლანდია); ა.როსი (შოტლანდია), დ.როუზი (შოტლანდია)

კომენტარები