კონფლიქტი სირიაში

რუსეთი სირიაში სამხედრო ვერტმფრენების გაგზავნის ფაქტს უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფედერაცია უარყოფს მათი მხრიდან სირიაში თავდასხმისთვის განკუთვნილი სამხედრო ვერტმფრენების გაგზავნის ფაქტს.

უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთმა ის ვერტმფრენები შეაკეთა, რომელიც სირიას წლების წინ მიყიდა.

„როგორც უკვე განვაცხადეთ, რუსეთს სირიისათვის ახალი ვერტმფრენები არ მიუყიდია. სირიასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ამ ქვეყნისათვის მხოლოდ თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემით შემოიფარგლება. რაც შეეხება ვერტმფრენებს, ცოტა ხნის წინ იმ ტექნიკის გეგმიური რემონტი განხორციელდა, რომელიც ქვეყანას წლების წინ მივაწოდეთ,” - ნათქვამია ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის მიერ სირიის სამხედრო ვერტმფრენებით მომარაგების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა. მისი თქმით, „ეს კონფქლიტის ესკალაციას შეუწყობს ხელს.”

სირიაში ბოლო 15 თვეა ქვეყნის პირვე პირს, ბაშარ ალ-ასადსა და მის ოპონენტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობას. გავრცელებული ცნობით, ხელისუფლების და ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირებას 13,000 ადამიანი უკვე შეეწირა.

კონფლიქტის დასასრულის ერთადერთ იმედად მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ასადის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი წასვლის გეგმაზე შეთანხმება რჩება. მოსკოვი წინააღმდეგია სირიაში გარე ძალების ჩართვის და ბლოკავს კონფლიქტში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვის ყველა მცდელობას.

 

კომენტარები