კოსმოსი

ჩინეთი კოსმოსში ქვეყნის პირველ ქალ ასტრონავტს გაგზავნის

ჩინეთში იმ ქალბატონის ვინაობა დაასახელეს, ვინც შაბათს კოსმოსური პროექტის ფარგლებში კოსმოსში გაემგზავრება და ამგვარად ქვეყნის პირველი მდედრობითი სქესის ასტრონავტი გახდება.

ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოს, სინხუას ცნობით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების 33 წლის პილოტი ლიუ იანგი ორ მამაკაც ასტრონავტთან ერთად კოსმოსური ხომალდის Shenzhou 9 ბორტზე ავა.

ჩინეთი აღნიშნულ პროექტს მუდმივი კოსმოსური სადგურის შექმნის მიზნით ახორციელებს.

”პირველივე დღიდანვე მეუბნებოდნენ, რომ არაფრით განვსხვავდებოდი მამრობითი სქესის ასტრონავტებისგან. მჯერა, რომ, თუ რაღაცისკენ ჯიუტად ისწრაფვი, წინ წარმატება გელის”. - განაცხადა ლიუ იანგმა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან საუბარში.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის პირველი ასტრონავტი ქალბატონი ქვეყნის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიაში 1997 წლიდან მსახურობს. კოსმოსურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იგი 2010 წელს შეარჩიეს.

2012 წლის აპრილის მონაცემებით, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე კოსმოსში ფეხი 54 ასტრონავტ ქალს დაუდგამს.

 

კომენტარები