ევრო 2012

გერმანია 2:1 დანია

ევროპის სამგზის ჩემპიონის გერმანიის და ევრო 92-ის ტრიუმფატორის დანიის ნაკრებთა გზები 26-ედ გადაიკვეთა. აქამდე გამართული მატჩებიდან ბუნდესგუნდმა 14 მოიგო და 8-ჯერ დამარცხდა. კონტინენტის პირველობებზე გერმანია მესამედ დაუპირისპირდა დანიას: 1988 წელს, ჯგუფში იურგენ კლინსმანის და ოლაფ ტონის გოლებით 2:0 აჯობა მეტოქეს, ოთხი წლის შემდეგ, ფინალში კი ამავე ანგარიშით დამარცხდა. სკანდინავიელთაგან გოლები ჯონ იენსენმა და კიმ ვილფორტმა გაიტანეს...

მეხუთე წუთზე გერმანიის ნაკრები ძალიან ახლოს იყო გოლთან, მაგრამ ანგარიში ვერ გახსნა. დანიელთა მცველებმა ცუდად ითამაშეს, ვერც შეტევა ჩაშალეს და საჯარიმოშიც შეცდნენ, თუმცა სტივენ ანდერსენის პირისპირ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა თომას მიულერმა ცუდად დაარტყა და მეკარემ ბურთი გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაიჭირა.

ევროპის ვიცე-ჩემპიონებმა მე-19 წუთზე მაინც გაიტანეს გოლი: თომას მიულერმა მარჯვნიდან ჩააწოდა საჯარიმოში, მარიო გომესი ბურთს ვერ მიწვდა, თუმცა დაახლოებით პენალტის ნიშნულთან მეურვის გარეშე მყოფმა ლუკას პოდოლსკიმ უძლიერესად და ზუსტად დაარტყა - 1:0. დანიელების წინააღმდეგ ლონდონის არსენალის ფორვარდმა საიუბილეო, მეასე შეხვედრა ჩაატარა გერმანიის პირველ გუნდში და 44-ე გოლი მიითვალა. ბუნდესგუნდის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში პოდოლსკი ახლა მეექვსეა: მხოლოდ გერდ მიულერს, მიროსლავ კლოზეს, იურგენ კლინსმანს, რუდი ფიოლერს და კარლ-ჰაინც რუმენიგეს ჩამორჩება.

ხუთ წუთში სკანდინავიელებმა საპასუხო ბურთი შეაგდეს: მიქაელ კრონ-დელიმ თავით დალაშქრა მანუელ ნოიერის კარი.  გერმანელებს საჯარიმოდან ბურთის გამოტანა დაუგვიანდათ, არეულობით კი ოლსენის გუნდმა ბრწყინვალედ ისარგებლა - ნიკლას ბენდტნერმა მცველებს აჯობა და თავით დაარტყა კარში, კრონ-დელიმ კი ბურთს მიმართულება შეუცვალა. ნოიერი უძლური იყო - 1:1. ეს მისი მეორე გოლია ამ ტურნირზე - პირველ ტურში დანიელებმა ჰოლანდიელები მისი ზუსტი დარტყმით დაამარცხეს.

ტაიმის მიწურულს გერმანელებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მეკარის საჯარიმოს მიახლოვებულმა მარიო გომესმა მცველის მოტყუება გადაწყვიტა, რაც, ცხადია, არ აცალეს - მეკარე ფეხებში ჩაუვარდა და ბურთი აართვა.

მეორე ტაიმის შუაში ბუნდესგუნდის კიდევ ერთი კარგი იერიში მოიგერია დანიელთა მეკარემ. ლუკას პოდოლსკის ნაცვლად თამაშში ჩართულმა ანდრეას შიურლემ მარცხენიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ანდერსენმა საიმედოდ ითამაშა.

მე-80 წუთზე გერმანელებმა მაინც გაიხარეს: სწრაფად გადაიტანეს ბურთი მეტოქის ნახევარზე და შეტევაში ჩართულმა ლარს ბენდერმა მეკარესთან პირისპირ გასვლის შემდეგ ზუსტად დაარტყა - 2:1. ეს მისი პირველი გოლია ეროვნულის მაისურით. ლევერკუზენის ბაიერის უკანახაზელმა დანიელებთან დისკვალიფიცირებული ჯერომ ბოატენგი შეცვალა.

საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებმა ჯგუფი ასპროცენტიანი შედეგით მოიგო: სამი თამაში, სამი გამარჯვება. იოახიმ ლიოვის გუნდი მეოთხედფინალს 22 ივნისს, გდანსკში ჩაატარებს - საბერძნეთს შეხვდება.

* * *

17 ივნისი, 2012. ევრო 2012 – B ჯგუფი, III ტური. ლვოვი, არენა

გერმანია 2:1 დანია

გოლი: 1:0 ლ.პოდოლსკი (19), 1:1 მ.კრონ-დელი (24), 2:1 ლ.ბენდერი (80)

გერმანია: მ.ნოიერი, ლ.ბენდერი, მ.ჰუმელსი, ჰ.ბადშტუბერი, ფ.ლამი (კაპ), ს.ხედირა, ბ.შვაინშტაიგერი, თ.მიულერი (ტ.კროოსი 85), მ.იოზილი, ლ.პოდოლსკი (ა.შიურლე 64), მ.გომესი (მ.კლოზე 74)

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

დანია: ს.ანდერსენი, ლ.იაკობსენი, ს.კიაერი, დ.აგერი (კაპ), ს.პოულსენი, ვ.კვისტი, ი.პოულსენი (ტ.მიკელსენი 82), ნ.ციმლინგი (კ.პოულსენი 79), კ.ერიკსენი, მ.კრონ-დელი, ნ.ბენდტნერი

მწვრთნელი: მორტენ ოლსენი

მსაჯები: კ.ვ.კარბალიო (ესპანეთი); რ.ა.ფერნანდესი (ესპანეთი), ხ.კ.ი.ხიმენესი (ესპანეთი)

კომენტარები