ეუთო

ეუთო უნდა დაბრუნდეს და დარჩეს საქართველოში

-14 მაისს, საქართველოს პარლამენტის მოწვევით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ეკონომიკური ფორუმი ჩაატარა. ეს პირველი პოლიტიკური შეხვედრა იყო, რომელიც ეუთომ 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული დრამატული მოვლენების შემდეგ საქართველოში გამართა. მას ეუთოს 56 წევრი ქვეყნიდან ასობით დელეგატი ესწრებოდა. მართალია, მსჯელობა ეუთოს სივრცეში ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით კი, ამ სფეროებში საქართველოს ბოლო წლების მიღწევებზე იყო ფოკუსირებული, შეხვედრაზე მაინც იგრძნობოდა აშკარა ინტერესი ერთ-ერთი მთავარი საკითხისადმი – საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენასთან დაკავშირებით.

1992 წლიდან მოყოლებული, ეუთოს მისია საქართველოში 17 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მანდატი მრავალ სფეროს მოიცავდა – კონფლიქტების მოგვარებით (1992 წლის ქართულ-ოსური და 1993 წლის ქართულ-აფხაზური კონფლიქტები. ამ უკანასკნელის მოგვარებაში ეუთო ასევე დახურული გაეროს მისიის დამხმარე მექანიზმი იყო) და ადამიანის უფლებათა დაცვით (სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ჩათვლით) დაწყებული, იარაღის მარაგების განადგურებით და პოლიციის რეფორმით დამთავრებული. მისიის საქმიანობის უმთავრესი ელემენტი იყო მონიტორინგის ჩატარება, რომლის შედეგადაც ეუთოს წევრი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოებრიობა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ღირებულ ინფორმაციას იღებდა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვა, რუსეთის ფედერაციამ მხარი არ დაუჭირა კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების ეუთოსეულ სისტემას. შედეგად, მისია საქართველოში დაიხურა მაშინ, როდესაც, ალბათ, ყველაზე მეტად იყო საჭირო – ათიათასობით ქართველი გამოიდევნა სამხრეთ ოსეთიდან და დღესაც იძულებით გადაადგილებულ პირად რჩება. მათ შინ დაბრუნების უფლებას არ აძლევენ.

სამწუხაროდ, ეს ეუთოს მისიის დახურვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ორი წლის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ უარი თქვა მინსკში ეუთოს წარმომადგენლობის მანდატის გაგრძელებაზე. ეს მოხდა მაშინ, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის წარმომადგენლები და თითქმის ყველა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, რომლებიც მოედანზე იყვნენ შეკრებილები, დაიჭირეს და მკაცრი სასჯელები მიუსაჯეს. რამდენიმე წამყვანი ოპოზიციური ფიგურა ბელარუსში დღესაც ციხეშია მხოლოდ იმის გამო, რომ 2010 წლის 19 დეკემბრის არჩევნების შესახებ ეუთოს დასკვნა გაიმეორა. არჩევნების მეორე დღეს, მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე, ეუთომ განაცხადა, რომ არჩევნები პრეზიდენტ ლუკაშენკოს სასარგებლოდ გაყალბდა.

ეს შემთხვევები მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც ეუთო დგას და რომელიც, თუ ორგანიზაციას სურს, რომ საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩეს, მალე უნდა გადაიჭრას. პრობლემა კი ის არის, რომ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევის წესი, რომელიც გარანტიაა გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არ შეიძლება დარჩეს დღეს არსებული ფორმით: ნებისმიერ საკითხზე ვეტოს უფლება ხომ ეჭვქვეშ აყენებს ეუთოს როლს. ეს დღევანდელი რეალობაა და ამის ასე დატოვება ძალიან სახიფათო იქნება როგორც რეგიონში უსაფრთხოების სფეროში მომავალი თანამშრომლობისათვის, ასევე თავად ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მომავლისათვის. ეს განსაკუთრებით საშიშია, თუ არ გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც ამ წინააღმდეგობების დაძლევას შეძლებს.

ეუთოს წარმატებული საქმიანობის მაგალითია კოსოვოში მცხოვრები სერბი მოქალაქეებისთვის სერბეთის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლების მინიჭება. ეს არჩევნები ეუთოს მეთვალყურეობით ჩატარდა, რათა უსაფრთხოება და მოქალაქეთა ფუნდამენტური პოლიტიკური უფლებები დაცული ყოფილიყო. ამ ძალისხმევის წარმატება იმ საერთო ნდობის შედეგია, რომელიც ეუთოს მიმართ იმ ქვეყნის მოსახლეობისა და ხელისუფლების მხრიდან არსებობს, სადაც იგი მოღვაწეობს.

დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ 1990-იანი წლების შემდეგ საქართველო რადიკალურად შეიცვალა და ეუთოს ნებისმიერი ახალი მისია ამ ქვეყანაში ახალ რეალობას უნდა მოერგოს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანა კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა დაძლევა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებით ჯერჯერობით ვერ მოხერხდა – მაგალითად, რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მკაფიო და ურყევი ვალდებულების აღება.

ეს კი ნიშნავს, რომ ევროპის ლიდერებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს ხელისუფლების მიმართვას ეუთოსადმი, ქვეყანაში წარმომადგენლობა აღადგინოს ისეთი მანდატით, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე გავრცელდება. გარდა ამისა, ისინი წინ უნდა აღუდგნენ რუსეთის ფედერაციის მოტივებს.

ეუთო მშვიდობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად შეიქმნა და არა კონფლიქტის რომელიმე მონაწილის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის საქართველოდან განდევნა ის შეუსაბამობაა, რომელსაც უარყოფითი შედეგები მოჰყვება. მშვიდობის დამყარება მხოლოდ ომის შემდეგ არ ხდება. ჩვენი, როგორც ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების პასუხისმგებლობა და მოვალეობაა მშვიდობის მშენებლობა და გაძლიერება – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვემეხები დუმს.

ჩვენ, როგორც პარლამენტარები, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი დემოკრატიული მთავრობები უმოკლეს ვადებში იკისრებენ ამ პასუხისმგებლობებს და გამოავლენენ ისეთ თვისებებს და პრინციპულობას, რომელიც ამ გამოწვევების დასაძლევადაა საჭირო.

მატეო მეკაჩი

მატეო მეკაჩი არის იტალიის პარლამენტის წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

 

კომენტარები