NATO

საქართველო NATO-ში: ორაზროვანი დაპირება

11 ივნისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი NATO-ს სპეცწარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, კიდევ ერთხელ შეეხო ალიანსის ჩიკაგოს სამიტის შედეგებს საქართველოსთვის. მისი თქმით, მართალია, სამიტზე ალიანსის გაფართოების საკითხი არ განიხილებოდა, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ „საქართველო დანახულია, როგორც NATO-ს მომავალი წევრი. ეს არის დიდი წარმატება და იმ რეფორმების დამსახურება, რომელიც ქვეყანამ გაატარა”.

ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები უკვე ტრადიციულად ქცეული ფორმით აისახა: „2008 წელს ბუქარესტში შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს შემდგომი გადაწყვეტილებებით ვადასტურებთ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საკუთარი ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად”. დეკლარაციაში ხაზგასმულია საქართველოს მიღწევები რეფორმების კუთხით, ასევე დიდი დამსახურება ISAF-ის

ოპერაციაში. თუმცა დოკუმენტი, ფაქტობრივად, უცვლელად ტოვებს იმ ფორმალურ პროცედურას, რომელიც ქვეყანამ ალიანსში გასაწევრიანებლად უნდა გაიაროს.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მიხედვით, საქართველო NATO-ს წევრი მომავალში გახდება. ამ ფორმულირების შეტანა სამიტის დასკვნით დოკუმენტში მას შემდეგ გადაწყდა, რაც ალიანსმა ვერ მიაღწია კონსენსუსს საქართველოსა და უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე. იმავე სამიტზე დადასტურდა, რომ ამ ქვეყნებისთვის MAP-ი NATO-ში ინტეგრაციის შემდეგ ნაბიჯად რჩება.

როგორც 2009 წელს სტრასბურგი-კელის, ასევე 2010-ში ლისაბონის სამიტზე, NATO-მ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების „ყველა ელემენტის” ერთგულება დაადასტურა. შესაბამისად, MAP-ის მიღება ქვეყნისთვის ალიანსში გასაწევრიანებლად კვლავაც სავალდებულოდ რჩებოდა.

იგივე პრინციპი ალიანსმა ჩიკაგოს დეკლარაციაშიც დატოვა ძალაში. ამავე დროს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრინციპული სიახლე გახდა სამიტის ფარგლებში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მაკედონიასთან და მონტენეგროსთან ერთად ალიანსის „ასპირანტებს” შორის მოხსენიება. თანაც, საქართველო ასპირანტი ქვეყნების სიის სათავეში დასახელდა. მაგრამ თანაასპირანტებისგან საქართველოს ის გარემოება განასხვავებს, რომ სამივე მათგანს, 2009-2010 წლებში, ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმა აქვს მიღებული. თავად „ასპირანტობის” სტატუსი კი არაფორმალური ხასიათისაა.

როგორც ჩიკაგოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, ალიანსის კარი კვლავ ღია რჩება და ჩიკაგოს სამიტი უკანასკნელი უნდა გახდეს, რომელზეც NATO-ს გაფართოება არ მომხდარა.

თუ რა შანსი აქვს საქართველოს, გაფართოების ახალ ტალღაში მოხვდეს, იმაზეც იქნება დამოკიდებული, მიაღწევს თუ არა ალიანსი მომავალ სამიტამდე კონსენსუსს საქართველოს ინტეგრაციის ფორმალურ პროცედურასთან დაკავშირებით.

გამოცემა EURASIA DAILY MONITOR-ში ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი ყურადღებას ამახვილებს გერმანიის როლზე ბუქარესტის სამიტისა და NATO-ს შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებში. სწორედ

ბერლინმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ 2008 წელს საქართველომ და უკრაინამ სამოქმედო გეგმა ვერ მიიღეს.

სოკორი აღნიშნავს, რომ ბოლო სამიტზეც, აშშ-სა და საქართველოს სხვა მხარდამჭერების აქტიურობის მიუხედავად, „გერმანია კვლავ ცდილობდა დაბრკოლებები შეექმნა საქართველოსთვის NATO-ს ღია კარისკენ მიმავალ გზაზე”.

კერძოდ, ჩიკაგოში სწორედ გერმანიის ძალისხმევით შევიდა დეკლარაციაში ჩანაწერი, რომელიც ბუქარესტის გადაწყვეტილების „ყველა ელემენტის” ერთგულებას ადასტურებს. ეს, სოკორის აზრით, წინა სამიტებზე გერმანიის პოზიციის კოპირებას წარმოადგენს, რომელიც „ერთი მხრივ, ითვალისწინებს MAP-ს, როგორც სავალდებულო საფეხურს ალიანსში გასაწევრიანებლად. მეორე მხრივ, წლიდან წლამდე, საქართველოსთვის MAP-ზე უარის თქმას გულისხმობს”.

შესაბამისად, ანალიტიკოსის აზრით, MAP-ი, საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანების გზის ნაცვლად (როგორც ეს გაფართოების წინა სამი რაუნდის დროს ხდებოდა), „ამ გზის ბლოკირების ინსტრუმენტად გადაიქცა”.

ვლადიმირ სოკორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მხარდამჭერებმა სამიტის წინ სცადეს, რომ დეკლარაციაში ბუქარესტის გადაწყვეტილების „ყველა ელემენტის” ხსენება არ ჩაედოთ.

მანამდე, აშშ-ის ზოგიერთი წარმომადგენელი ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თაობაზე მოწოდებით გამოდიოდა. კერძოდ, ასეთი განცხადება გასული წლის ოქტომბერში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა გააკეთა. ამავე დროს, ამერიკელი ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების ნაწილი საჭიროდ მიიჩნევდა, უკვე ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების ისეთი პროცედურის შემოთავაზებას, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემდა, ინტეგრაციის ყველა პროცედურა არსებული მექანიზმების ფარგლებში გაევლო და ალიანსს MAP-ის მიღების გარეშე შეერთებოდა. ასეთი რეკომენდაციით გასული წლის ბოლოს ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფი გამოვიდა. ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან სენატორები: ჯინ შაჰინი და ლინდსი გრეჰემი.

უშუალოდ სამიტის წინ დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველო წევრობის გზაზე პროგრესსა და წინსვლას იმსახურებდა და ამ ქვეყნის „დაჯილდოებით”, NATO დაადასტურებდა, რომ მისი ღია კარის პოლიტიკა ნამდვილია. თავის მხრივ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ილეანა როს-ლეტინენიც მიმართავდა ადმინისტრაციას, ემუშავა მოკავშირეებთან, რომ საქართველო ალიანსში მაქსიმალურად მალე გაწევრიანებულიყო.

MAP-ის ჩანაცვლებაზე თანამშრომლობის არსებული ინსტრუმენტებით – საქართველო-NATO-ს კომისიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით, დიდი ხანია თბილისიც საუბრობს. წლის დასაწყისში საქართველოს ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი, გამოცემა World Politics Review-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავდა, რომ საქართველოსთვის MAP-ის მიღება სასურველი იქნებოდა. მაგრამ თბილისი არ მიიჩნევს, რომ ეს NATO-ში გაწევრიანების ერთადერთი გზაა. მისი აზრით, „საქართველოს მოქმედი მექანიზმების ფარგლებში შეუძლია, ყველა აუცილებელ შედეგს მიაღწიოს”.

მართალია, ალიანსმა ჩიკაგოს სამიტზე MAP-ის პროცედურა ძალაში დატოვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა და NATO-საქართველოს კომისია „ცენტრალურ როლს თამაშობენ ბუქარესტის სამიტზე დაწყებულ პროცესზე მეთვალყურეობაში”.

რუსეთის ფაქტორზე, როგორც ალიანსის წევრთა ნაწილისთვის საქართველოს ინტეგრაციის გაჭიანურების მოტივაციაზე, ყურადღებას Heritage Foundation-ის ავტორი ლუკ კოფი ამახვილებს. ის აღნიშნავს, რომ საქართველო რთულ რეგიონში მდებარეობს და სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება უწევს. ამავდროულად, NATO თავს იკავებს მისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებისგან, რაც, ავტორის აზრით, უცნაურია იმ ფონზე, როცა ლიბიელ აჯანყებულებს, რომელთა ნაწილი აშკარად ალ-ყაიდასთან იყო კავშირში, ასეთი იარაღი მიეწოდებოდათ.

„ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მიიჩნევს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება გამოიწვევს რუსეთთან ომს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის, – აღნიშნავს ავტორი, – მაგრამ საქართველოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ NATO-ში გაწევრიანებისას მზად არიან კომპრომისზე წავიდნენ, რათა ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე NATO-ს ხელშეკრულების მეხუთე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელდეს მანამ, სანამ რუსეთის საკითხი მშვიდობიანად არ გადაწყდება”.

„ბოლოსდაბოლოს, ამ სიტუაციაში საქართველო აგრესორი არ ყოფილა. სააკაშვილმა კი ძალის გამოუყენებლობის პირობა დადო, რაც რუსეთს არ გაუკეთებია”, – დასძენს ავტორი.

როგორც, თავის მხრივ, ვლადიმირ სოკორი აღნიშნავს, „თუ NATO ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება, გაწევრიანების პერსპექტივები მხოლოდ ქვეყნების მიღწევებზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამ მხრივ საქართველო სხვა პრეტენდენტებს უსწრებს და NATO-ს ღია კარის წინ ლოდინს დიდხანს ვერ გააგრძელებს”.

კომენტარები