ბაგრატის ტაძარი

ნიკა ვაჩეიშვილი: ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია არსებული პროექტით განახლდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ბაგრატის ტაძრის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებს გამოეხმაურა. მისი  განმარტებით, ტაძრის რესტავრაცია არსებული, ანუ არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის პროექტის მიხედვით გაგრძელდება.

"პროექტის დაწუნებაზე საუბარი არ არის. ვფიქრობ, გაუგებრობაა ლიფტის გამო, რომელიც სრულ დეზინფორმაციას ეფუძნება. ესეც გადაწყვეტადია. იგი ტაძარში არ არის. იგი კეთდება არასაეკლესიო, საერო ნაგებობასთან. ის არ ჩანს. არის მცირე ზომის და დაფარულია. ეს არის იმ ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომელთაც მოუნდებათ ასვლა და ბაგრატის ტაძრის ისტორიის გაგება. საბოლოოდ ყველა მოვითხოვთ, რომ ისე დაიგეგმოს ბაგრატის ტაძრის თვითეული კვანძი, თვითოეული ნიუანსი, რომ ხელი არაფერს შეეშალოს", - განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

ხელოვნებათმცოდნეებსა და რესტავრატორებს ლიფტი ბაგრატის ტაძრის მთავარ პრობლემად არ მიაჩნიათ. მთავარი პრობლემა, მათი აზრით, ბაგრატის ტაძრის ავთენტურობის დარღვევაა.

"ბაგრატის ტაძარი აღდგენის შემდეგ უკვე 21-ე საუკუნის ტაძარი იქნება და მას ის ღირებულება დაეკარგება, რის გამოც "იუნესკოს" მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლების ნუსხაშია შეყვანილი. იმდენად ბევრი ახალი მასალაა გამოყენებული, რომ ტაძარს ავთენტურობა სრულიად დაკარგული აქვს", - აღნიშნა ხელოვნებათმცოდნე ირინა ელიზბარაშვილმა.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და მისი საზეიმო გახსნა 2012 წლის შემოდგომაზე იყო დაგეგმილი. პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი ივანე გრემელაშვილია, საპატრიარქომ მოიწონა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შემდეგ ტაძრის რესტავრაცია ისე წარიმართა, რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გუშინდელი ქადაგებისას ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა.

დღის განმავლობაში ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებებს გაავრცელებს.

 

კომენტარები