განათლება

დიმიტრი შაშკინი: რეფორმა ველოსიპედია – როგორც გაჩერდები, ჩამოვარდები

0 კომენტარი

მომავალი წლიდან საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში გამოცდების სისტემა იცვლება. ერთიანი ეროვნული გამოცდების მაგიერ, უმაღლესში ჩასაბარებლად 8+1 სისტემა იმოქმედებს, რაც 8 საატესტატო და ერთ უნარების გამოცდას გულისხმობს. ამ საკითხზე, ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის გათავისუფლების თემაზე ტაბულა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.

დავიწყოთ თემით, რომელიც უკანასკნელ პერიოდში აქტუალური იყო – გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ვგულისხმობ. მაია მიმინოშვილის გაშვების მიზეზად პრინციპული შეუთანხმებლობა დასახელდა. რატომ გახდა გამოცდების წინ მისი გათავისუფლება საჭირო, ან აქამდე რატომ არ დაითხოვეთ?

საქართველოში სისტემებს მართავენ არა პიროვნებები, არამედ ინსტიტუციები. როდესაც ერთი ადამიანი წავა და სხვა მოვა, დემოკრატიულ ქვეყნებში ინსტიტუციაა გარანტი, რომ ქვეყანა განვითარდება.

ერთ-ერთი სსიპ-ის ხელმძღვანელის გათავისუფლება მინისტრის უფლებამოსილებაა. სამინისტროში შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, ასე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის გარდა, არსებობს სხვადასხვა პოლიტიკა. განათლების სისტემაში პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თუ მისი პოლიტიკა ერთია და ერთ-ერთი დეპარტამენტის – სხვა, ეს რეფორმებს შეაფერხებს.

თუმცა ქალბატონი მიმინოშვილი ამბობს, რომ ბოლო სიტყვა ყოველთვის მინისტრს ეკუთვნოდა. რა მოხდა განსხვავებული ახლა?

ეს შეკითხვა უსასრულოა: 6 თვის წინ რომ გამეთავისუფლებინა, მკითხავდნენ, რატომ არ ვეცადე, დამერწმუნებინა იგი. გამოცდების შემდეგაც შემეკითხებოდნენ – რატომ ახლა? და ა.შ. მინისტრს უნდა ჰქონდეს რწმენა და გარანტია, რომ მისი გადაწყვეტილება შესრულდება. საბოტაჟის მცდელობები მიუღებელია და ამის გაგრძელებას ვერ დავუშვებდი. ყველაფერი გავაკეთე, რომ ქალბატონი მაია განათლების სფეროში ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში დამერწმუნებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი იყო.

ახალი პოლიტიკა ახსენეთ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წელს ეროვნული გამოცდები უკანასკნელად ჩატარდება, ამის ნაცვლად 8+1 სისტემა იქნება. რატომ გახდა საჭირო ეს ცვლილება?

საზოგადოებას ახსოვს, რა სიტუაცია იყო 2003 წლამდე. ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანა იდგა გამოწვევის წინაშე – განათლების სფეროში არსებული კორუფცია სახელმწიფო სისტემებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო. გარდა ამისა, 2003 წელს მასწავლებლის ხელფასი იყო 28 ლარი. სკოლებში კომპიუტერზე საუბარიც არ იყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დანერგვის შემდეგ აშენდა ახალი სკოლები და მიმდინარეობს ძველების რეაბილიტაცია, მოსწავლეების კომპიუტერების რაოდენობით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ. ხარისხობრივად შეიცვალა ინფრასტრუქტურა, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლების ხელფასი და სკოლების დაფინანსება. სკოლები უსაფრთხო გახდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო ანტიკორუფციული ზომა და თავისი ამოცანა შეასრულა. რეფორმა ველოსიპედია – როგორც გაჩერდები, ჩამოვარდები. დადგა დრო, კიდევ გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი. ამისთვის ბავშვებმა უნდა ჩააბარონ 9 გამოცდა. 8 სავალდებულო საგანი და გამოცდა ზოგად უნარებში. ამ სისტემის დატვირთვა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა და გადმოღებულია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები სამ დისციპლინაში ტარდებოდა. შემდეგ დავამატეთ მეოთხე გამოცდა, შემოვიღეთ კიდევ ერთი საგანი – ბავშვები აქცენტს მაინც მხოლოდ ამ საგნებზე აკეთებდნენ. 2 წლის წინ დანერგილმა საატესტატო გამოცდებმა გვაჩვენა, რომ განათლების სისტემა ხარისხობრივად გაუმჯობესდა. მათემატიკაში წელს 1%-ზე ნაკლები ბავშვი ჩაიჭრა. ფიზიკაში ჩაიჭრა 3%-ზე ნაკლები, როცა შარშან იჭრებოდა 20%-მდე. ეს ძალიან კარგი შედეგია.

მთლიანობაში, შარშან 17% ჩაიჭრა საატესტატო გამოცდებზე, წელს 5% – ხომ არ განაპირობა ეს გამოცდების გამარტივებამ, ან ბავშვების გამოცდებამდე გაცხრილვამ – საეჭვოა, ერთ წელიწადში განათლების ხარისხის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა მომხდარიყო.

წელს, გამოსაშვები გამოცდები, პირიქით, გართულდა. ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც თეთრზე იტყვის შავს. ხარისხის ზრდა დასაჯერებელია, თუ შეხვალთ სკოლაში და დაელაპარაკებით ბავშვებს. ბევრს არ სჯეროდა, რომ ქურდული ინსტიტუტი დამარცხდებოდა. პატრულზეც, მანდატურებზეც ამბობდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა. მოსახლეობის 92% ახლა ხედავს, რომ სკოლა უსაფრთხოა.

საატესტატო გამოცდებზე დიდი წინააღმდეგობა იყო, მიტინგებსაც ატარებდნენ. ახლა აქებენ, რადგან ბავშვები დაბრუნდნენ სკოლაში და იქ იღებენ განათლებას. ყველას შეუძლია, ჰქონდეს თავისი მოსაზრება, მაგრამ განათლების სისტემაში, წახალისებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კომპონენტია დაძალება – არა ცუდი გაგებით, არამედ სკოლის, მშობლის, საზოგადოების მხრიდან, რომ ბავშვმა ისწავლოს.

გამოითქვა მოსაზრებები, რომ სკოლის საატესტატო გამოცდების როლის ზრდამ, შესაძლოა, რეპეტიტორების როლი გაზარდოს, როგორ გესახებათ ეს პროცესი?

ვერ გაზრდის. კამათით, ჩხუბით გავიტანეთ ეს ორი წელი: საატესტატო გამოცდების დანერგვის შემდეგ, მუდმივად იყო მცდელობა, ერთიანი ეროვნული გამოცდები გართულებულიყო. საბოლოო ჯამში, შეიძლება მივსულიყავით იქამდე, რომ გამოცდები აღარ ყოფილიყო ერთიან სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული. ეს გამოიწვევდა რეპეტიტორების ბუმს, რაც არავის გვჭირდება. სკოლაში მიღებული განათლება საკმარისი უნდა იყოს. საატესტატო გამოცდა ამას აგვარებს – მთლიანად ეროვნულ სასწავლო გეგმაზეა დაფუძნებული.

მომავალი წლიდან 8 გამოსაშვები გამოცდის ფორმატი შეიცვლება? შეჯიბრებითობა იქნება თუ კვლავ დაწესებული ბარიერის გადალახვა დასჭირდებათ მოსწავლეებს?

ექსპერტები მუშაობენ, რომ ყველა დეტალი სათანადოდ აიწონოს. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. კომისია მუშაობას აგვისტოში დაამთავრებს, შეიქმნება ტესტები და დეკემბერში დავიწყებთ მათ აპრობაციას. მთავარი ამოცანა, რაც ექსპერტების წინაშე დავსვი, ისაა, რომ ტესტი უნდა გამოდიოდეს ცოდნიდან, რომელიც გათვალისწინებულია ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით და არ უნდა იყოს დამოკიდებული რეპეტიტორთან სიარულზე.

აპრობაციებისა და პრეტესტების მეშვეობით დადგინდება გამოსაშვები გამოცდებისთვის საჭირო ბარიერი და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად საჭირო ქულები. რეგულირებად პროფესიებზე ბარიერს სახელმწიფო დააწესებს, მაგრამ უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, ეს ბარიერი კიდევ უფრო გაზარდონ.

ასევე, 8+1-ის სისტემა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მსოფლიოს საერთაშორისო სერტიფიკატების აღიარებისთვის. რატომ უნდა ვაწვალოთ ბავშვი, რომელმაც მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი და კიდევ ერთხელ ჩავაბარებინოთ მაგისტრატურის გამოცდები? თუ გაქვთ, მაგალითად, ტოეფელის სერტიფიკატი, ინგლისურს არ ჩააბარებთ – მის ქულას ექნება საატესტატო გამოცდის ეკვივალენტი წონა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – თუ ბავშვს რამე დაემართება და ვერ გავა ეროვნულ გამოცდებზე, ერთ წელს კარგავს. გასაგებია, რომ გამოცდებზე შეჯიბრია, მაგრამ რატომ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, კიდევ მოასწროს ჩაბარება? გრანტზე პრეტენზია არ ექნება, მაგრამ სწავლის საშუალებას არ დაკარგავს. თანაც, ივლისი რთულია გამოცდებისთვის. ახლა, საწუხაროდ, ვერ ვასწრებთ ამის შეცვლას. ეს იქნება მაისში.

რა როლი ექნება ამ პროცესში უნივერსიტეტებს?

8+1 მათ მეტ თავისუფლებას მისცემს. უნივერსიტეტს შეეძლება, მაპროფილებელ გამოცდად აირჩიოს კონკრეტული ბლოკი – ვთქვათ, საბუნებისმეტყველო, ზუსტი ან ჰუმანიტარული. მაგალითად, ახლანდელი სისტემით x უნივერსიტეტი ამბობს, რომ მაპროფირებელი გამოცდაა მათემატიკა. ბავშვი, რომელიც სოფელში სწავლობს და კარგი მოსწავლეა ფიზიკაში, დაიჩაგრება, რადგან უნივერსიტეტი ითხოვს მაღალ შედეგს მხოლოდ მათემატიკაში. არადა, ეს ორი დისციპლინა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. ახალი სისტემა ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, გათვალისწინებული იყოს მისი ცოდნა ფიზიკაშიც, ბიოლოგიაშიც და ქიმიაშიც, ანუ მთელ ბლოკში. მთელი საბუნებისმეტყველო და ზუსტი დისციპლინების მაჩვენებლების გათვალისწინება იქნება შესაძლებელი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელთან სწორედ გამოცდების არსში ვერ ვთანხმდებოდით. ჩვენთვის გამოცდა არაა თვითმიზანი. ის სამართლიანობის საშუალებაა.

მიმინოშვილთან შეუთანხმებლობის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები. თქვენმა მოადგილემ თქვა, რომ სამინისტროს მიზანია „მეტი კომფორტი შეუქმნას მასწავლებელს”. დარჩა შთაბეჭდილება, რომ მასწავლებლებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდების გამარტივება იგულისხმება. მაშინ ისმის კითხვა, ვინ არის განათლების პოლიტიკის ობიექტი – მოსწავლეები, რომელთაც სერტიფიცირებულმა და უკეთ მომზადებულმა მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ, თუ თავად მასწავლებლები – რომლებსაც გამოცდები უნდა გაუმარტივდეთ?

გამოცდების ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელთან ამ თემაზე ხშირად ვკამათობდით. ის გამოცდების პოზიციიდან გამოდიოდა და არა მასწავლებლების, რომლებიც არიან როგორც 25, ასევე 60 წლის. როდესაც ისინი ითხოვენ, რომ გამოცდაზე ნახევარი საათით მეტი მიეცეთ – რადგან ზოგს სჭირდება სათვალე, ივლისში ცხელა, ჯანმრთელობის კონდიცია არ აძლევს საშუალებას – რატომ უნდა უხდებოდეს მინისტრს იმაზე კამათი, რომ ნახევარი საათით მეტის მიცემა არაფერს დაანგრევს?

მასწავლებლის სახლს აქვს პროგრამა, რომლითაც ამზადებს მასწავლებლებს. მესამე წელია, გია მამულაშვილის ექსპერტები დაწერდნენ გეგმას, შემდეგ მას რაღაცები ემატებოდა, რაც არაა სავალდებულო მასწავლებლებისთვის, რადგან მათ ამაში არ ვამზადებთ. ახლა ეს ყველაფერი ტესტებიდან ამოღებულია, მაგრამ გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელთან ყოველ წელს ბრძოლა არ უნდა მჭირდებოდეს.

ამაზე საუბრობდა კოკა სეფერთელაძე. რა პრობლემაა, რომ მასწავლებლები გავიყვანოთ გამოცდაზე ნოემბერში, დეკემბერში, ოქტომბერში ან ნებისმიერ სხვა დროს?

კიდევ ერთი საკითხი: ატესტატების გაცემა 2011 წელს 300 სკოლადამთავრებულისთვის (ეროვნული უმცირესობებისთვის), ვინც ატესტატი გამოცდებზე ვერ აიღო – ეს ატესტატი მათ საშუალებას აძლევს, სწავლა საქართველოს გარეთ განაგრძონ – თუმცა საქართველოს განათლების სისტემაში ვეღარ დაბრუნდებიან. ხომ არ ეწინააღმდეგება ეს ბოლონიის პროცესით განსაზღვრულ მობილობის პრინციპს?

300-მდე სპეცსერიის ატესტატი გაიცა საქართველოს ზოგადი განათლების კანონის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს კანონი მინისტრს აძლევს უფლებას, თავისი ბრძანებით გასცეს სპეცსერიის ატესტატები. ეს ატესტატები გაიცა სომხური და აზერბაიჯანული სკოლების იმ მოსწავლეებზე, ვისაც სწავლის გაგრძელება სურდათ ერევანსა და ბაქოში.

შარშან საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ავამოქმედეთ პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’. ერთ წელიწადში 600%-ით გავაუმჯობესეთ ქართული ენის სწავლების დონე სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში: შარშან ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდას ვერ აბარებდა ამ სკოლების მოსწავლეების 60%, წელს 10% ჩაიჭრა. შარშან, ახალდაწყებულმა პროგრამამ გავლენა ვერ მოახდინა შედეგებზე.

ჩემ წინაშე იმ სამასი ბავშვის პრობლემა დადგა, რომლებსაც ბაქოსა და ერევანში სწავლა სურდათ, მაგრამ ეს ქვეყნები არ აღიარებდნენ ზოგადი განათლების სერტიფიკატს და ითხოვდნენ ატესტატს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მათ მიეღოთ სპეცსერიის ატესტატი. ამ ატესტატებით საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში სწავლა შეუძლებელია, მაგრამ ბაქოსა და ერევანში სწავლების უფლებას აძლევს.

ეს არ ეწინააღმდეგება არც ლისაბონის ხელშეკრულებას, არც ბოლონიის პროცესს – ბოლონიის პროცესი საუბრობს მობილობის შესაძლებლობაზე, მაგრამ არ გამორიცხავს კონკრეტულ ბარიერებს, რომელთაც თითოეული ქვეყანა საგამოცდო სისტემის მეშვეობით აწესებს.

ანუ ამ სპეცსერიის ატესტატების მქონე ბავშვებს მობილობაში ჩართულობა შეუძლიათ, თუმცა ამისთვის საჭირო იქნება საატესტატო გამოცდების ხელახლა ჩაბარება. ამგვარი ბარიერები არსებობს ქვეყნის შიგნითაც – პირობითად, ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ავტომატურად ვერ გადავა სამედიცინო უნივერსიტეტში, მაპროფირებელი საგნის ჩაბარება მოუწევს.

ჩემი ბრძანების გამოცემის დროს ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის პრეცედენტი, რომელიც იყო დაშვებული და მოქმედებდა მაია მიმინოშვილის განათლების მინისტრობის დროს, როდესაც საქართველოში არალიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომები არ არის აღიარებული საქართველოს სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ამ დიპლომებს სახელმწიფო ამოწმებს აპოსტილით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ის მოქმედებს ჩვეულებრივ რეჟიმში.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები