ჯანმრთელობა

მიკროჩიპის იმპლანტაციით მხედველობის აღდგენა

0 კომენტარი

მეცნიერებმა სინათლის მიმართ მგრძნობიარე მიკროჩიპი შექმნეს – თვალის ბადურის გარსის ქვეშ მისი ჩანერგვით, მხედველობის აღდგენაა შესაძლებელი. სიახლე იმ პაციენტებისთვისაა, რომელთა სიბრმავეც ბადურა გარსის სინათლეზე და ფერზე მგრძნობიარე უჯრედების დეგენერაციამ გამოიწვია.

გერმანიის შემდეგ, იმპლანტაციის წარმატებით ჩატარება ამჯერად ბრიტანეთში, Oxford-ის ქირურგებმა შეძლეს. მათ მხედველობა ნაწილობრივ აღუდგინეს ორ ბრიტანელ მამაკაცს – 54 წლის კრის ჯეიმსმა და 60 წლის რობინ მილერმა მხედველობა ახალგაზრდობაში დაკარგეს, მიზეზი თვალის ბადისებრი გარსის ანთება იყო. ეს დაავადება იწვევს ფოტორეცეპტორების დეგენერაციას ბადურაში, საბოლოოდ კი – სიბრმავეს.

ოპერაცია, რომელიც დაახლოებით 8 საათს გრძელდებოდა, Oxford Eye Hospital-ში პროფესორმა რობერტ მაკლარენმა King's College Hospital-ის ოფთალმოლოგის, ტიმ ჯეკსონის დახმარებით ჩაატარა. ოპერაციამ აჩვენა, რომ მცირე ზომის ჩიპი, რომლის იმპლანტაცია თვალის უკანა ნაწილში ხდება, მხედველობადაკარგულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, კვლავ დაინახონ ნივთები და გაარჩიონ მსხვილი შრიფტი. როგორც ქირურგები ირწმუნებიან, იმპლანტი თანდაყოლილი სიბრმავის მქონე ადამიანებსაც დაეხმარება. იმედოვნებენ, რომ ეს სიბრმავის მკურნალობის ახალი ეტაპია და ადამიანების ცხოვრებას ისევე შეცვლის, როგორც ეს თავის დროზე კოხლეარულმა (სიყრუის) იმპლანტატებმა მოახერხა.

ჩიპი გერმანულ ფირმაში – Retina Implant AG – არის წარმოებული და დაახლოებით 3მმ-ია. მაკლარენის განმარტებით, ეს მეთოდი უნიკალურია, რადგან თვალის ბადისებრი გარსის ყველა ფუნქციას ჩიპი ასრულებს. მიკროჩიპი 1,5 ათასამდე სინათლის სენსორით არის აღჭურვილი და სწორედ ეს ელემენტები აგზავნიან იმპულსებს ნერვული უჯრედებისკენ, მხედველობის ნერვი კი სიგნალს ტვინს გადასცემს. „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მიღებული შედეგით. თუ ეს კვლევა წარმატებით დასრულდება, მიკროჩიპი შესაძლოა ფოტორეცეპტორების დეგენერაციისგან გამოწვეული უსინათლობის მკურნალობის სტანდარტულ მეთოდად იქცეს”, – ამბობს პროფესორი მაკლარენი.

მოწყობილობა დაახლოებით 20 000-45 000 გირვანქა ღირს, თუმცა, ჯერჯერობით, ყველა შემთხვევისათვის არ გამოდგება. როგორც პროფესორი მაკლარენი ამბობს, ეს უშუალოდ თვალის პათოლოგიებს ეხება, ამ შემთხვევაში ჩხირისებრი და

კოლბისებრი უჯრედების დაზიანებას, მაგრამ როცა პრობლემა მხედველობის ნერვის ატროფიაა, მაგალითად გლაუკომა, აღნიშნული ჩიპები გამოუსადეგარია.

თვალის ბადისებრი გარსის იმპლანტაციაზე კლინიკები ექვს წელზე მეტია მუშაობენ. პირველი კვლევის შედეგი 2010 წლის ნოემბერში, Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს უცხო სხეულების ამოცნობა და კითხვა შეეძლოთ. მეორე კლინიკური კვლევა 2010 წლის მაისში დაიწყო გერმანიაში, 2011 წლის ბოლოს კი ის სხვა ცენტრებმაც განავრცეს.

ამჟამად კვლევები Oxford University-სა და King's College Hospital-ში 12 მხედველობადაკარგულ პაციენტზე ტარდება. კრის ჯეიმსისა და რობინ მილერის მსგავსად, თვალის ბადურის უკან მათაც მიკროჩიპებს ჩაუმაგრებენ. აღნიშნული კვლევა National Institute of Health Research-ისა და Oxford Biomedical Research Centre-ის მხარდაჭერით ტარდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები