კონტროლის პალატის ცნობით, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა დღის ბოლომდე აქვს.
როგორც კონტროლის პალატაში განმარტავენ, სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად 12 ივნისს არის დაფიქსირებული და ჯარიმის გადახდის 7 დღიანი ვადა 19 ივნისს, დღის ბოლოს იწურება.
7 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კონტროლის პალატამ სასამართლოს აღსრულების ფურცლით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთვება.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, შალვა თადუმაძის განმარტებით, ფურცლის მიღებიდან 5 დღეში სააღსრულებლო ბიურო ვალდებულია ივანიშვილს აცნობოს სააღსრულებლო წარმოების დაწყების შესახებ.
,,შემდეგ ბიძინა ივანიშვილს კიდევ 7 დღე უნდა მიეცეს აღსრულებისთვის. ამის შემდეგ კი, აღმასრულებელი გადაწყვეტს, რა იძულების გზით უნდა ამოიღოს აღნიშნული თანხა.’’-აცხადებს შალვა თადუმაძე.
კონტროლის პალატაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ რას გეგმავენ ვადის ამოწურვის შემდეგ და განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ, კონტროლის პალატის ვებგვერდზე განთავსდება.