ევრო 2012

საფრანგეთი 0:2 შვედეთი

უცნაურია, მაგრამ ისეთი გუნდი, როგორიც შვედეთია, ჯგუფში ჩარჩა. ერიკ ჰამრენის რჩეული ფეხბურთელები უკრაინასაც უგებდნენ და ინგლისსაც, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ საფრანგეთთან გაიხარეს. არადა, სკანდინავიელთათვის ლორან ბლანის გუნდთან წარმატება, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, არაფრისმომცემი იყო - მეოთხე ადგილს თავი მაინც ვერ დააღწიეს. ალბათ, შვედეთი საუკეთესო მეოთხეადგილოსანი იყო ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა შორის.

ლორან ბლანის საფრანგეთი 23 მატჩში იყო დაუმარცხებელი. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ტურნირის საწყის მატჩში, 2010 წლის სექტემბერში ბელარუსთან წაგების შემდეგ ფრანგებმა უძლეველად იარეს, არაერთი ძლიერი მეტოქე დაამარცხეს და ერთი შეხედვით, არც სკანდინავიელებთან უნდა შექმნოდათ პრობლემები, მაგრამ 0:2 წააგეს.

მეტოქეებმა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყეს: საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო კომენტატორი, ქვეყნის ხმად წოდებული ტიერი როლანი გარდაიცვალა.

სანახაობრივი თვალსაზრისით მეორე ტაიმი პირველს აშკარად სჯობდა. ორ გოლს რომ თავი დავანებოთ, შესვენების შემდეგ ტემპი უფრო მაღალი იყო და მომენტებიც ხშირად იქმნებოდა.

58-ე წუთზე ჰამრენის გუნდმა პირველი გოლი გაიტანა უგო ლორისის კარში: ლიონის მეკარემ, რომელმაც მანამდეც და შემდეგაც არაერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბრწყინვალე შეტევასთან ვერაფერი გააწყო - 0:1. 30 წლის კაპიტანმა შესანიშნავი ნახტომით შეაგდო გოლი! ეს მისი 33-ე გოლი იყო შვედეთის ნაკრების მაისურით, ევროჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე კი მეექვსე ბურთი მიითვალა: 2004 და 2008 წლებშიც ორი-ორი გოლით დაასრულა კონტინენტის პირველობები. და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ლორისის კარში შეგდებული ბურთით იბრაჰიმოვიჩმა ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა მხოლოდ 49 გოლის გამტან სვენ რიდელს, 43-გოლიან გუნარ ნორდალს და ჰენრიკ ლარსონს ჩამორჩება, ვის ანგარიშზეც 37 ზუსტი დარტყმაა.

91-ე, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე შვედებმა მეორედ გაიხარეს: მარჯვენა გარემარბმა სებასტიან ლარსონმა უძლიერესი დარტყმით დაასრულა თანაგუნდელთა იერიში და კარის ბადე კინაღამ გახია - 0:2. ინგლისის სანდერლენდის 27 წლის ნახევარმცველმა, ვისაც შვედეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ქვეყნის პირველ გუნდში მეექვსე გოლი შეაგდო, წლეულს კი მესამე: 29 თებერვალს, ხორვატებთან 3:1 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში შეასრულა დუბლი.

„მძიმე თამაშს ველოდით, მაგრამ არ მეგონა ასე თუ გაგვიჭირდებოდა. ვერ ვითამაშეთ კარგად, განსაკუთრებით შეტევების დაგვირგვინებისას, თუმცა არ ვთვლი, რომ ტრაგედია მოხდა. მთავარია, რომ ჯგუფიდან გავედით - ახლა სულ სხვა თამაშები იწყება,“ - განაცხადა ლორან ბლანმა, რომელმაც 2000 წელს ფეხბურთელის რანგში აღმართა ანრი დელონეს სახელობის თასი.

მეოთხედფინალში მისი გუნდის მეტოქე კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი იქნება. ამ გუნდების გზები ევროჩემპიონატებზე ბოლოს სწორედ 2000 წელს, ბელგია-ჰოლანდიაში გამართულ ტურნირზე გადაიკვეთა: როჟე ლემერის საფრანგეთმა დამატებით დროში 2:1 სძლია ხოსე ანტონიო კამაჩოს ესპანეთს. 23 ივნისს მატჩს დონეცკის დონბას არენა უმასპინძლებს.

* * *

19 ივნისი, 2012. ევრო 2012 – D ჯგუფი, III ტური. კიევი, ოლიმპიური, 63010

საფრანგეთი 0:2 შვედეთი

გოლები: 0:1 ზ.იბრაჰიმოვიჩი (58), 0:2 ს.ლარსონი (90)

საფრანგეთი: უ.ლორისი (კაპ), მ.დებუში, ა.რამი, ფ.მექსე, გ.კლიში, ა.დიარა, ს.ნასრი (ჟ.მენეზი 77), ი.მ’ვილა (ო.ჟირუ 83), ჰ.ბენ არფა (ფ.მალუდა 59), ფ.რიბერი, კ.ბენზემა

მწვრთნელი: ლორან ბლანი

შვედეთი: ა.ისაკსონი, ა.გრანკვისტი, ო.მელბერგი, ი.ოლსონი, მ.ოლსონი, ა.სვენსონი (ს.ჰოლმენი 79), კ.კალსტრიომი, ს.ლარსონი, ზ.იბრაჰიმოვიჩი (კაპ), ე.ბაირამი (კ.ვილჰელმსონი 46), ო.ტოივონენი (პ.ვერნბლოომი 78)

მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი

გაფრთხილება: ფ.მექსესი, ა.სვენსონი, ს.ჰოლმენი

მსაჯები: პ.პროენშა (პორტუგალია); ბ.მირანდა (პორტუგალია), რ.სანტუში (პორტუგალია)

კომენტარები