ევრო 2012

უკრაინა 0:1 ინგლისი

უკრაინა 0:1 ინგლისი

ტურნირის მეორე მასპინძელმა უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ჯგუფში დაასრულა. პოლონეთის დარად, ფლეიოფში ვერც ოლეგ ბლოხინის გუნდი გავიდა - ინგლისთან 0:1 დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. უახლოეს მომავალში ისინი კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევში ინგლისი და უკრაინა ერთ ჯგუფში იასპარეზებენ.

ეს იყო მეტოქეთა მეხუთე დაპირისპირდება. როი ჰოჯსონის გუნდმა მეოთხედ იმარჯვა. მასპინძლებმა კაპიტნის და საუკეთესო ფეხბურთელის ანდრეი შევჩენკოს გარეშე დაიწყეს თამაში - კიევის დინამოს ფორვარდი ვარჯიშზე დაშავდა და სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. სამაგიეროდ, ბრიტანელებს დაუბრუნდათ ნომერ პირველი ფორვარდი: პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო: ბლოხინი გუნდი საწყის წუთებში ბურთს დიდხანს აკონტროლებდა და დროგამოშვებით ძალიან სახიფათოდ უტევდა ჯო ჰარტის კარს. უნდა ვთქვათ, რომ მანჩესტერ სიტის მეკარე საიმედოდ თამაშობდა.

პირველი სახიფათო მომენტი უკრაინული ფეხბურთის იმედმა ანდრეი იარმოლენკომ შექმნა, თუმცა საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი კარგად ვერ დაამუშავა და ჯონ ტერიმ ამით ჩინებულად ისარგებლა. რამდენიმე წუთზე მარკო დევიჩმა დაარტყა - ჰარტმა ბურთი მოიგერია. ცოტა ხანში უკრაინელთა გარემარბმა ანდრეი კონოპლიანკამ წამოიწყო სახიფათო შეტევა, რომელიც კვლავ ვერ დასრულდა გოლით. შემდეგ ინგლისელები ფლანგზე შეცდნენ და გუსევმა დაარტყა - ბურთი მცირე მანძილით აცდა ჰოჯსონის გუნდის კარს.

სტუმრებმა პირველი მომენტი მეკარე ანდრეი პიატოვის უხეში შეცდომის შემდეგ შექმნეს - ინგლისელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მცველებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. ჯერარდმა, ვისთვისაც ეს 95-ე მატჩი იყო ნაკრებში, გუნდის მაისური პირველად 2000 წელს, სწორედ უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო. ტაიმის ბოლო სახიფათო მომენტი შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიქმნა: უეინ რუნის პირველი თავური დარტყმა პიატოვის კარს მცირე მანძილით აცდა. ამ შემთხვევაში უკრაინა აშკარად გადაურჩა გაშვებულ გოლს.

მატჩის განახლება და პირველი გოლი ლამის ერთი იყო: სტივენ ჯერარდმა კვლავ ფლანგიდან შეუტია, კარის გასწვრივ ჩააწოდა ბურთი, საჯარიმოში კი ერთმანეთის მიყოლებით შეცდნენ მცველები და მეკარე პიატოვი. ამ უკანასკნელმა ბურთი ვერ დაიჭირა, ცარიელ კარში გოლის გატანა კი რუნის არ გასჭირვებია - 0:1. მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა ქვეყნის პირველ გუნდში 29-ე გოლი მიითვალა და ამით ყველა დროის ბომბარდირთა შორის ახლა 8-9-ე ადგილებს იყოფს ვივიან ვუდვორდთან ერთად. ერთი ზუსტი დარტყმაც და რუნი 5-7-ე ადგილებზე მყოფ ტომ ფინეის, ნეტ ლოფტჰაუზს და ალან შირერს გაუთანაბრდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რუნიმ მეხუთე გოლი გაიტანა და ამ შედეგით მხოლოდ შირერს ჩამორჩება. რვა წლის წინ, პორტუგალიაში, ევრო 2004-ზე 18 წლის რუნიმ პირველად ითამაშა დიდ საფეხბურთო ტურნირზე და ოთხ თამაშში ამდენივე ბურთი შეაგდო: ჯგუფში ორ-ორჯერ დალაშქრა შვეიცარიის და ხორვატიის ნაკრებთა კარი.

გოლის შემდეგ თამაში უფრო დაიძაბა, ოლეგ ბლოხინმა ანდრეი შევჩენკოც ჩართო თამაშში, მაგრამ მასპინძლებმა მაინც წააგეს. სათქმელია, რომ ერთ მომენტში უნგრელ მსაჯთა ხუთეული ზედიზედ შეცდა უხეშად: უკრაინელთა თავდასხმისას ჯერ თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირეს, რამდენიმე წამში კი მარკო დევიჩს გოლი არ ჩაუთვალეს. ჯონ ტერიმ კარში შესული ბურთი გამოიტანა, პირით ხაზთან მდგომმა თანამსაჯმა კი აშკარა გოლი არ დააფიქსირა.

„ყველამ კარგად იცის რა შეუძლია უეინ რუნის. გოლს თავი დავანებოთ, მთავარი სხვა რამაა - ჩვენ მისი სახით კიდევ ერთი ლიდერი დაგვემატა, ფლეიოფის წინ კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ რთული ჯგუფი მოვიგეთ,“ - განაცხადა როი ჰოჯსონმა, რომლის ხელმძღვანელობით ინგლისელებმა მეხუთედ ითამაშეს და მეოთხედ გაიმარჯვეს. ევრო 2012-ის დაწყებამდე ბრიტანელებმა ამავე ანგარიშით ამხანაგურებში სძლიეს ნორვეგიას და ბელგიას.

„93 წუთის მანძილზე ინგლისს სწრაფ ტემპში რომ ეთამაშო, ძალიან კარგად უნდა იყო მზად. მიხარია, რომ ჩემმა გუნდმა ამ მხრივ გამახარა, სხვა რამეა, რომ შედეგი გამოდგა არადამაკმაყოფილებელი. მგონი, წაგების და ჯგუფში ჩარჩენის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ გამოუცდელობაა. ჩვენ არაერთი იმედისმომცემი ახალგაზრდა გვეზრდება, რომელიც აუცილებლად დარჩება ნაკრებში,“ - განაცხადა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა. მისი თქმით, ნაკრებიდან ანდრეი შევჩენკოს წასვლა გადაწყვეტილია, თუმცა ეს მოვლენა აუცილებლად აღინიშნება გამოსამშვიდობებელი მატჩით.

ინგლისი მეოთხედფინალში გავიდა. 24 ივნისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ბრიტანელები იტალიელებს დაუპირისპირდებიან. მსოფლიო ფეხბურთის გრანდები ევროპის ჩემპიონატზე 1980 წლის შემდეგ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს: 32 წლის წინ, აპენინის ნახევარკუნძულზე გამართული ტურნირის ჯგუფში სკუადრა აძურამ მარკო ტარდელის გოლით 1:0 იმარჯვა.

* * *

19 ივნისი, 2012. ევრო 2012 – D ჯგუფი, III ტური. დონეცკი, დონბას არენა, 48700

უკრაინა 0:1 ინგლისი

გოლი: 0:1 უ.რუნი (48)

უკრაინა: ა.პიატოვი, ო.გუსევი, ე.ხაჩერიდი, ი.რაკიცკი, ე.სელინი, ა.ტიმოშჩუკი (კაპ), ა.იარმოლენკო, ე.კონოპლიანკა, დ.გარმაში (ს.ნაზარენკო 78), ა.მილევსკი (ბ.ბუტკო 77), მ.დევიჩი (ა.შევჩენკო 70)

მწვრთნელი: ოლეგ ბლოხინი

ინგლისი: ჯ.ჰარტი, ე.კოული, ჯ.ლესკოტი, ჯ.ტერი, გ.ჯონსონი, ჯ.მილნერი (თ.უოლკოტი 70), ს.ჯერარდი (კაპ), ს.პარკერი, ე.იანგი, უ.რუნი (ა.ოქსლეიდ-ჩემბერლენი 87), დ.უელბეკი (ე.კეროლი 82)

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

გაფრთხილება: ა.ტიმოშჩუკი, ს.ჯერარდი, ი.რაკიცკი, ე.კოული, ა.შევჩენკო

მსაჯები: ვ.კაშაი (უნგრეთი); გ.ერეში (უნგრეთი), გ.რინგი (უნგრეთი)

კომენტარები