დიდი ოცეულის სამიტი

დიდი ოცეული საერთაშორისო სავალუტო ფონდს 430 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

მექსიკის ქალაქ ლოს–კაბოსში დიდი ოცეულის სამიტი დასრულდა, რომელშიც მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული, უმსხვილესი ქვეყნების ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრის მონაწილეებმა დასკვნითი ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ საერთო ძალებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვი 430 მილიარდი დოლარით უნდა გაიზარდოს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ფედერაცია ცენტრალური ბანკიდან საერთაშორისო ფონდის საჭიროებისთვის 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

ამავე სამიტის ფარგლებში რუსეთის პირველმა პირმა განცხადება გააკეთა, რომლის თანხამადაც, "იმ შემთხვევაში, თუ აშშ–ის კონგრესი „მაგნიტსკის აქტს“ მიიღებს, ზოგიერთი ამერიკელისთვის რუსეთში გამგზავრება შეზღუდული იქნება.“ ე.წ. „მაგნიტსკის სია" რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან.

ოცეულის ლიდერებმა აგრეთვე, გამოთქვეს იმედი, რომ ევროზონა საერთო ძალებით შეინარჩუნებს სტაბილურობას. სამიტის მონაწილეები ასევე საბერძნეთის მომავალ მთავრობასთან პარტნიორობას იმედოვნებენ.

ამავდროულად, დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები პირობას დებენ, რომ განაგრძობენ ბრძოლას უმუშევრობისა და ნავთობზე ფასების ზრდის წინააღმდეგ, რათა საჭიროების შემთხვევაში მიიღონ აუცილებელი ზომები ბაზრების სტაბილიზაციისთვის. 

 

კომენტარები