პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ჩამოვაყალიბეთ თანამედროვე, ნამდვილი სახელმწიფო ინსტიტუტები

მიხეილ სააკაშვილმა  გუშინ ღამით საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დაათვალიერა. პრეზიდენტი ახალი ფორმატით ამოქმედებულ სამსახურში დედაქალაქის მერ გიგი უგულავასა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ქვეყნის პირველმა პირმა იმ გაუმჯობესებულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩამოყალიბდა.

"ვარდების რევოლუციის" შემდგომი პერიოდის საქართველოში იყო სასწრაფოს ბევრი ნომერი - კერძო სასწრაფოები მუშაობდნენ და ადგილზე მისასვლელად 20 წუთიდან ერთ საათამდე დრო სჭირდებოდა, საერთოდ თუ მოვიდოდა. პოლიცია იყო პოლიციის შენობაში ჩაკეტილი და გერეკა, რამდენიც გინდა. მერე დადგა პერიოდი, რომ პოლიციასთან ჯობდა არ დაგერეკა, რადგან თბილისის ყველა რაიონის პოლიციის უფროსი იყო ბანდიტი. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ თანამედროვე, ნამდვილი სახელმწიფო ინსტიტუტები და ეს თუნდაც ამ სამსახურის მაგალითზეც ჩანს. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ვართ მსოფლიოში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ მშენებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიკრორაიონი თბილისში ერთ-ერთი ცენტრი ხდება.

"ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაიონი იყო ყველაზე უიმედო შემთხვევა, რადგან ასეთი უგზოო ადგილი საქართველოში არ არსებობდა და გზა თუ ოდესმე ამოვიდოდა, არავის ეგონა. გარშემო ინფრასტრუქტურა იყო ყველაზე ცუდი, რაც საერთოდ შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა კი ახალი გზა გაკეთდა და ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი ხდება ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური ადგილი თბილისში.“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში სტუმრობისას დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ ქვეყანაში დამკვიდრებულ უსაფრთხოების განცდაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიღწეული შედეგი უმნიშვნელოვანესია, რადგან იქ, სადაც მოქალაქეებს უსაფრთხოების განცდა არ აქვთ, არც ბიზნესი და არც არაფერი ვითარდება.

შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის შეფასებით, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ბრწყინვალე მაგალითია. მისივე განმარტებით, რამდენიმე სამსახურის გაერთიანებით შექმნილი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, პრობლემა, რომელიც მომსახურების კუთხით ე.წ. პიკის საათებში იქმნებოდა, დროულად აღმოიფხვრას.

 

კომენტარები