რუსეთი

ობამას წინააღმდეგობის მიუხედავად, კონგრესი მაგნიტსკის აქტის მიღებას იწყებს

7 ივნისს ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ე.წ. მაგნიტსკის სია მიიღო. კანონპროექტი, ითვალისწინებს სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ჟურნალისტების დევნასა და სხვა არაკანონიერ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილი.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი, ფინანსთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ, ამ ადამიანების სიას გამოაქვეყნებს, მათზე აშშ-ის ვიზა არ გაიცემა და მათი ფინანსური აქტივებიც გაიყინება.

კანონპროექტი ასევე ეხმიანება რუსეთში კორუფციის დონეს.

„მაგნიტსკის სიაზე” მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2009 წელს იურისტი სერგეი მაგნიტსკი ციხეში გარდაიცვალა.

იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, პირველ რიგში ის კიდევ ორმა, საფინანსო და იურიდიულმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ, მას კენჭი ეყრება წარმომადგენლობით პალატასა და სენატში, შემდეგ კი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

ობამას ადმინისტრაცია კანონპროექტს ღიად ეწინააღმდეგება, რის გამოც დღემდე ვერ მოხერხდა მისი მიღება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ „მაგნიტსკის სია” ჯერ კიდევ 2011 წელს იყო მზად. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ახალი შეზღუდვები გადატვირთვის პოლიტიკის მიღწევებს ჩრდილს მიაყენებს. რუსეთში ამერიკის ელჩი და გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთი ავტორი, მაიკლ მაკფოლი ასეთი კანონის მიღების აუცილებლობას უბრალოდ ვერ ხედავს.

რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ობამას საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევა. ცხადია, არჩევნების წინ, ობამას კრემლთან ურთიერთობების გაფუჭება ხელს არ აძლევს. რუსეთი, აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საპასუხო ქმედებით იმუქრება. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გააკეთა.

საწინააღმდეგო პოზიცია აქვს სენატორების მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ „ურთიერთობების იმიჯის შენარჩუნებაზე მეტად მნიშვნელოვანია რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა”.

Freedom House-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთში სრულიად ავტორიტარული რეჟიმია. როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიტიკური უფლებების მიხედვით, რუსეთს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს (6 და 5). Transparency International-ის მონაცემებით, კორუფციის დონე ძალიან მაღალია. 182 სახელმწიფოს შორის იგი 143-ე ადგილს იკავებს.

უახლოეს თვეებში, იმისთვის, რომ რუსეთმა სრულად ისარგებლობს ვმო-ს წევრის უფლებებით, ობამას ადმინისტრაცია „ჯექსონ-ვენიკის შეზღუდვების” გაუქმებას და რუსეთთან მუდმივ, ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებზე (PNTR) გადასვლას აპირებს. 1974 წელს კონგრესმა ეს შეზღუდვები სსრკ-ში ებრაელების უფლებების (ემიგრაციის უფლების) დარღვევის გამო მიიღო. შემდგომში ის ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად გამოიყენებოდა, ვინაიდან სსრკ-ს და შემდეგ რუსეთს, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამო, აშშ-სთან ვაჭრობაში მნიშვნელოვან შეზღუდვებს უწესებდა.

სავარაუდოდ, „მაგნიტსკის აქტი” „ჯექსონ-ვენიკის შეზღუდვებს” ჩაანაცვლებს და მას PNTR-თან ერთად მიიღებენ.

პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ კრემლის ხისტი რეაქციის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ეს მნიშვნელოვნად არ აისახება.

მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავე პირებისთვის სპეციალური სანქციების დასაწესებლად საკანონმდებლო ინიციატივები განიხილება კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ჰოლანდიის საკანონმდებლო ორგანოებში. ევროპარლამენტმა ორჯერ, 2010-2011 წლებში, მიიღო რეზოლუცია, სადაც ევროკავშირის წევრებს „მაგნიტსკის საქმეზე პასუხისმგებელი პირებისთვის სავიზო სანქციების დაწესებისკენ” მოუწოდა.

 

 

კომენტარები