საფრანგეთი

საპენსიო კონტრრეფორმა – სოციალისტური მთავრობის პირველი ნაბიჯი

0 კომენტარი
მარისოლ ტურენი

საფრანგეთში უმუშევრობამ დღეისთვის 10%-ს მიაღწია, საბიუჯეტო დეფიციტი 5,2%-ია, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 85,8%-ს შეადგენს. ამ ფონზე, ანალიტიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ რთული სიტუაციის გადასაჭრელად სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

ოლანდის მთავრობამ ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლის თანახმადაც ქვეყნის მოქალაქეებისათვის საპენსიო ასაკი 62 წლიდან 60-მდე შემცირდება. ამის შესახებ Reuters-თან საუბარში სოციალური საკითხების მინისტრმა მარისოლ ტურენმა განაცხადა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საპენსიო ასაკის ცვლილებები მხოლოდ 42-წლიანი სამუშაო სტაჟის მქონე პირებს შეეხებათ.

საპენსიო სისტემის რეფორმის აუცილებლობა ოლანდის წინასაარჩევნო დაპირებებმა გამოიწვია. თუმცა მას წინ უსწრებდა 2010 წელს ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ საპენსიო ასაკის 2 წლით, ანუ 62 წლამდე გაზრდა. მაშინ ცვლილებები საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისა და ქამრის შემოჭერის პოლიტიკის გამო განხორციელდა.

სარკოზის ცვლილებებმა კრედიტორები გაახარა. 2010 წელს საფრანგეთმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად შეძლო საბიუჯეტო დეფიციტის მშპ-ის 5,2%-მდე შემცირება, რაც ექსპრეზიდენტის გეგმის მიხედვით, დეფიციტის შემცირების მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. 2012 წელს მშპ-ის 4,5%-მდე შემცირება იყო ჩაფიქრებული, ხოლო 2013 წელს – 3%-მდე.

გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ, 2013 წლისთვის საპენსიო რეფორმით დაახლოებით 110 ათასი ადამიანი ისარგებლებს. ეს საფრანგეთს 1,1 მილიარდი ევრო დაუჯდება, ხოლო 2017 წლისათვის ხარჯები 3 მილიარდამდე გაიზრდება. ფრანგი ოპოზიციონერები თვლიან, რომ ახალი ინიციატივის ხარჯები ხსენებულზე ორჯერ უფრო მაღალი იქნება და ოლანდის გეგმების შესრულების შემთხვევაში ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება. მაგალითად, ყოფილი ბიუჯეტის მინისტრი ვალერი პეკრესი საპენსიო ასაკის ცვლილებებს აკრიტიკებს: „მილიონობით ფრანგი, 100 ათას ადამიანს პენსიას თავისი ჯიბიდან, ასობით ევროს გაღების ხარჯზე გადაუხდის”.

გასათვალისწინებელია დემოგრაფიული პრობლემებიც – მაგალითად, დღეს საფრანგეთში 1 პენსიონერის უზრუნველსაყოფად 3 დასაქმებული მუშაობს. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, დიდი შანსია, 2050 წელს თითო პენსიონერს მხოლოდ 2 დასაქმებული შემორჩეს. ამას საფრანგეთში მოსახლეობის სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა და კლებადი შობადობა ემატება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები