ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 29 ივნისს გამოცხადდება

სააპელაციო სასამართლო კოალიცია ქართული ოცნების ლიდერ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას 29 ივნისს გამოაცხადებს.

სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა წინა პროცესზე მოთხოვნილ სტატისტიკურ მონაცემებზე პასუხი მიიღეს. სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა, გიორგი გაბრიელაშვილმა წარადგინა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა თანახმადაც, მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ათობით ათასი ანალოგი არსებობს და ბიძინა ივანიშვილი უნიკალური შემთხვევა არ არის.

მიუხედავად ამისა, კოალიციის ლიდერის ადვოკატების განცხადებით, გაბრიელაშვილმა ვერც ერთი კონკრეტული შემთხვევა ვერ დააფიქსირა, რაც იმას ადასტურებს, რომ მოწინააღმდგე მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნია და ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არსებული ვითარება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა აგრეთვე, აღნიშნეს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია მტკიცებულები იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელი საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელს ესაუბრა, სადაც მას უთხრეს, რომ ქართული ოცნების ლიდერი საფრანგეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით ჩამოერთვათ.

მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ხვედელიძის მიმართ გააუქმა, ივანიშვილმა კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

 

კომენტარები