ფოტოგრაფია

როცა მიკი მაუსი შეხვდა კაფკას

0 კომენტარი

ფილიპ სპალეკი. სერიიდან „წმინდა მარკოზის მემკვიდრეობა”
ბოლო ერთი თვე ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. თბილისის ფოტოფესტივალს მოჰყვა „ქოლგა თბილისი ფოტო 2012”, რომელიც წელს უკვე მეთერთმეტედ ჩატარდა. კონკურსის შედეგად შერჩეული ფოტოების გარდა, გაიმართა სხვა გამოფენებიც. ასევე ჩატარდა უორქშოფები და ლექციები.

ჟიურის წევრს, ფოტოგრაფ ვოლფგანგ ცურბორნს ფოტოკონკურსის გახსნის დღეს შევხვდით ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ჯერ კიდევ დაულაგებელ საგამოფენო დარბაზში. ცდილობდა, ყველაფერი თავის ადგილზე დაეკიდა – თანამედროვე გერმანული ფოტოგრაფიის გამოფენის გახსნამდე სულ რაღაც საათები რჩებოდა.

ვოლფგანგ ცურბორნი: „გერმანული ფოტოგრაფიის სკოლა ცნობილია თავისი კონცეპტუალურობით, არტ ფორმებით. ამ ფოტოების მთავარი იდეა ისაა, რომ ფოტოგრაფია არის რეალობის სუბიექტური ინტერპრეტაცია. ეს ფოტოები კოლაჟია, მონტაჟი იმ ყველაფრის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. ჩემზე დიდი გავლენა აქვს ამერიკულ ფოტოგრაფიას. ასევე ძალიან მიყვარს ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ტატის ფილმები. ჩემს შემოქმედებაზე გავლენა აქვს რობერტ რაუშენბერგის ნახატებსაც. ნაიჯელ დიკინსონი ამბობს ხოლმე ჩემს ნამუშევრებზე, რომ ეს ფოტოები კი არა, ნახატებია. მე კი მომწონს, რომ

საიმონ ნორფოლკი. „ფოტოები ომის წინააღმდეგ”
რაღაც შუალედურს ვაკეთებ. ერთმა კრიტიკოსმა ძალიან მოკლე და ზუსტი შეფასება მისცა ჩემს ფოტოებს – ეს იმას ჰგავს, მიკი მაუსი და კაფკა ერთმანეთს რომ ხვდებიან და ერთად ძალიან მაგარ დროს ატარებენო”.

ეს მართლაც ზუსტი შედარება იყო – როდესაც ჟაკ ანრი ლარტიგის გამოფენიდან გვერდით დარბაზში შევდიოდით, „მისტიგრი – თანამედროვე გერმანული ფოტოგრაფია” სწორედ ამ კონტრასტს უსვამდა ხაზს. აქ ორი განსხვავებული სამყარო იყო წარმოდგენილი. „მიკი მაუსისა და კაფკას” პრინციპი მთლიანი პროგრამის ლაიტმოტივად იქცა. ერთმანეთს ენაცვლებოდა ტრადიციული შავ-თეთრი ფოტოგრაფია და თანამედროვე კოლაჟები, კამბოჯა და ცაგარელის ესთეტიკა, ანტიმილიტარისტული განწყობა და ურბანული პეიზაჟები...

თეონა გოგიჩაიშვილმა, ფოტოკონკურსის ორგანიზატორმა, ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ პროგრამა არ იყო შედგენილი რაიმე დოგმის მიხედვით. „ფოტო ბევრნაირი შეიძლება იყოს – დეკორაციული, ექსპერიმენტული, კონცეპტუალური... სულ იყო საუბარი იმაზე, თუ რა საჭიროა მეორე ფოტოფესტივალი, თუმცა მსოფლიოში ეს მიღებული პრაქტიკაა, ერთმანეთის პარალელურად უამრავი ღონისძიება ტარდება. ეს ორი ფესტივალი დროში ერთმანეთს წელს შემთხვევით დაემთხვა, შემდეგი წლიდან „ქოლგა” შემოდგომობით ჩატარდება ხოლმე”.

ლარტიგისა და მისტიგრის ექსპოზიციების გარდა, „ქოლგის” ფარგლებში კიდევ ხუთი საინტერესო გამოფენა გაიხსნა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გალერეა გვირაბში წარმოდგენილმა პროექტმა „ფოტოები ომის წინააღმდეგ”, რომელიც ფოტოკონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გერმანელი ფოტოგრაფის თინა შელჰორნის პროექტია. „ძალიან პოლიტიკური პიროვნება ვარ, – გვითხრა შელჰორნმა, – ბევრი ფოტო გადამიღია ომის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი არ აჩვენეს ამერიკაში, რადგან იდეა ბუშის წინააღმდეგ იყო მიმართული. ერაყის ომის დროს დავიწყე ინტერნეტპროექტის „ფოტოები

ჟაკ ანრი ლარტიგი
ომის წინააღმდეგ” განხორციელება, რომელშიც სხვადასხვა ფოტოგრაფები იღებენ მონაწილეობას. მჯერა, რომ როდესაც ხალხი ამ ყველაფერს ნახავს, მსოფლიო ცოტათი მაინც შეიცვლება”.

კონკურსანტების ფოტოგამოფენა კი რიყის პარკში, ბუდა ბარის გვერდით მდებარე ახალ შენობაში ვიხილეთ, სადაც დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწე არა მხოლოდ ქართველი, არამედ ბევრი უცხოელი ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. „საინტერესოა, რომ გადაწყვეტილებას Skype-ში ვიღებთ, დისკუსიის მეშვეობით. მე და ჟიურის სხვა წევრებს აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა გვაქვს, მაგრამ, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ბოლოს ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე მივდივართ. შეფასების კრიტერიუმები სულ იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში. მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფიის განვითარებისთვის განათლება უმნიშვნელოვანესია, ამდენ უორქშოფსაც სწორედ ამიტომ ვატარებთ. სხვადასხვა ქვეყნებში გვაქვს სასწავლო პროგრამები ბავშვებისთვის, იქნებ მომავალ წელს აქაც განვახორციელოთ”, – აღნიშნა შელჰორნმა.

ჟიურის წევრებს დიდი სამუშაო ჰქონდათ – ოფისში 21 ქვეყნიდან 5500-მდე ფოტო შევიდა. ქართველმა ფოტოგრაფებმა უცხოურ კონკურენციას ვერ გაუძლეს – არცერთი მათგანის სახელი გამარჯვებულების სიაში არ აღმოჩენილა. როგორც ცურბორნმა ფოტოფესტივალის გახსნის დღეს აღნიშნა, ქართული ფოტოგრაფია ტრადიციულია – აქ იღებენ მშვენიერ პორტრეტებსა და პეიზაჟებს, თუმცა კონცეპტუალური მიმართულება ნაკლებ აინტერესებთ. „მნიშვნელოვანია, რომ ფოტო არ იყოს ათასჯერ ნანახი კლიშე. კონცეპტუალური ფოტოგრაფიაც, ხშირად, ცარიელია ხოლმე. ამიტომ, საჭიროა გარკვეული შუალედის დაცვა”.

ჟიურის კრიტერიუმები დააკმაყოფილა ფილიპ სპალეკმა. პოლიტიკური ცვლილებების დროს დაწყებული რელიგიური კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში – ასეთია მისი რეპორტაჟის, “წმინდა მარკოზის მემკვიდრეობის” თემა. ამ მშვიდი და ფოკუსირებული შავ-თეთრი ფოტოების სერია გვიჩვენებს, თუ როგორ ეგუება ქრისტიანი კოპტების თემი ყოველდღიურ სისასტიკეს.

დოკუმენტური ფოტოგრაფიის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ემანუელ ლამი, რომელიც თავისი სერიით “ჯონი”, ყოფილი მოცეკვავის მრავალშრიან პორტრეტს ქმნის. ჟიურიმ ასევე ჩათვალა, რომ ქუჩის ფოტოგრაფია საუკეთესოდაა წარმოდგენილი რეინის ფიოდოროვსის ნამუშევარში “რუტინა, ნიუ იორკი”. გამარჯვებული გახდა ტორბენ ჰოკეც, ნამუშევრით “გაურკვეველი ადგილები”.

ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტი გახდა ჯესიკა ჰაინსის სერია “ჩემი ძმის ომი”. მისმა ძმამ, გარიმ ვიეტნამის ომის გამოცდილებას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ომის პერიოდის ფოტოები და ბარათები აქ ექსპერიმენტული მონტაჟის სახით იყო წარმოდგენილი.

„წელს ფოტოკონკურსში არც ისე ბევრმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. იმედი მაქვს, შემდგომში სიტუაცია შეიცვლება. ქართველ ფოტოგრაფებს ვურჩევდი, რომ უფრო გახსნილები იყვნენ, რადგან კომუნიკაცია მთავარია”, – გვითხრა შელჰორნმა. კულტურათაშორისი კომუნიკაციის დასამყარებლად, რეგიონის მასშტაბით, „ქოლგა თბილისი ფოტო” მართლაც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს.

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები