ფილმის რევიუ

მონატრებული ადამიანი შავებში

0 კომენტარი

ჰოლივუდში, თითქმის ოცი წელია, რაც კომერციულად წარმატებული ფილმის შექმნის ფორმულას მიაგნეს. ეს ფორმულა ძალიან მარტივია და ორი სიტყვისგან შედგება – უილ სმიტი. კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის ფილმოგრაფიაში 1996 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ორი ჩავარდნილი პროექტია – ოქროს ჟოლოს ტრიუმფატორი „ველური, ველური დასავლეთი” და „ლეგენდა ბაგერ ვენსიზე”.

2008 წლიდან უილ სმიტს არცერთ ფილმში არ უთამაშია. შვილების კარიერის განვითარება გადაწყვიტა და ესეც წარმატებით გამოუვიდა. უილოუ სმიტის ალბომი დღემდე წარმატებით იყიდება, ჯეიდენ სმიტი კი იმედისმომცემ მსახიობად იქცა.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კი ბოქს-ოფისის პრინცი დაბრუნდა პროექტით, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მისი კარიერის წინსვლაში. 1997 წელს მსახიობი პირველად გახდა ადამიანი შავებში და ამჯერად მესამედ მოირგო შავი სამოსი. „ადამიანები შავებში 3” ორიგინალის რეჟისორმა, ბარი ზონენფელდმა გადაიღო. პროექტში, რეჟისორისა და უილ სმიტის გარდა, ტომი ლი ჯონსიც დაბრუნდა. აგენტები ჯეი და ქეი კვლავაც გაერთიანდნენ უცხოპლანეტელების გასაკონტროლებლად და დედამიწის დასაცავად.

„ადამიანები შავებში” ძალიან კარგი ფანტასტიკური ჟანრის კომედიაა, ორი ძლიერი პერსონაჟით, სახალისო სიუჟეტით და დენი ელფმანის დაუვიწყარი მთავარი მუსიკალური თემით. ფილმის სიქველი კი სმიტის კარიერაში „ველური, ველური დასავლეთის” შემდეგ ყველაზე ცუდი ნამუშევარია. პროდიუსერებს თითქმის ათი წელი დასჭირდათ უილ სმიტისა და ტომი ლი ჯონსის პროექტში დასაბრუნებლად. როგორც მსახიობები აცხადებენ, ისინი სცენარით მოიხიბლნენ. სცენარი ფილმს მართლაც კარგი აქვს. მარტივი ფაბულა, ბოროტისა და კეთილის ბრძოლა, დედამიწის გადარჩენის მცდელობა და მეგობრობა, რომლის გამოც ყველაფერია შესაძლებელი.

ცხოველი ბორისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავეა, რომელიც ციხიდან გაიქცევა და წარსულში დაბრუნდება, რათა აგენტი ქეი მოკლას და მომავალი შეცვალოს. ის თავის გეგმას წარმატებით განახორციელებს. აგენტი ჯეი ბორისს ფეხდაფეხ მიჰყვება, რათა მეგობარი სიკვდილისგან იხსნას. წარსულში ის ახალგაზრდა ქეის გაიცნობს, რომელსაც ჯოშ ბროლინი თამაშობს და უილ სმიტთან ერთად ფილმის სული და გულია. ყველა სასაცილო ეპიზოდი, ემოციებით დატვირთული მომენტი სწორედ ამ ორი პერსონაჟის გარშემო ვითარდება. ითან კოენის (ეს სხვა ითან კოენია) სცენარის დამსახურებით, ფილმში ძალიან ცოტა იაფფასიანი, კლიშე ეპიზოდია. კოენმა, ბარი ზონენფელდმა და სამსახიობო ანსამბლმა ფრენჩაიზის რეაბილიტაცია მოახერხეს.

„ადამიანები შავებში 3” კარგი ზაფხულის პოპკორნფილმია, მონატრებული უილ სმიტით და დენი ელფმანის მუსიკით.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები