საკანონმდებლო ინიციატივა

დავით ბაქრაძე: საარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელით მოხდება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო საშუალებას მიეცემა შესაძლებლობა, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს მიაწვდინოს ხმა და გაზარდოს სატელევიზიო არხების დაფარვის ზონა.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში. ქართული კანონდებლობა უკვე აწესებს მაღალ სტანდარტს თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის. საარჩევნო პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებულობას და ინფორმაციის თავისუფლებას, სწორედ ამიტომ საარჩევნო პერიოდში ჩვენ შესაძლებლად და მიზანშეწონილად გვესახება, გავაკეთოთ გამონაკლისი და დავავალდებულოთ საკაბელო მაუწყებლები და ტელევიზიები, მიაღწიონ შეთანხმებას იმ მიზნით, რომ ამ დავალდებულებით მოიგოს ჩვენმა ამორჩეველმა, რომელსაც ექნება უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება", - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს უფასო სატელევიზიო რეკლამის სახით. ტელევიზიისთვის რეკლამაც არის ჩვეულებრივი ბიზნესი, მაგრამ საარჩევნო პერიოდში კანონით ჩვენი ტელევიზიები ვალდებული არიან გადასცენ მონაწილე პარტიების უფასო რეკლამა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ დეტალები საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

კომენტარები