პოლიტიკა

თავისუფლება და პასუხისმგებლობა ანუ წერილი იმას, ვისაც ფრიდრიხ ჰაიეკი წაუკითხავს

0 კომენტარი

თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ როდესაც გაიფიქრებ, თუ მისი რაიმე ნაწარმოები ოდესმე წაგიკითხავს, მაშინვე ფრიდრიხ ჰაიეკი უნდა გაგახსენდეს. ამ წერილის დაწერა იმან მაფიქრებინა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც, დანამდვილებით ვიცი, რომ ჰაიეკი წაკითხული აქვს, ეს უმნიშვნელოვანესი ფორმულა გავახსენო.

პოლიტიკურ კამპანიას საკუთარი წესები რომ აქვს, არახალია. ჰაიეკის გარდა ამ თემაზე ბევრი სხვა ეკონომისტიც წერდა და სამი მათგანი ნობელის პრემიის მფლობელია. სწორედ მათი ნააზრევის კვალდაკვალ, 1960 წლიდან, ეკონომიკის ახალი სკოლაც გაჩნდა – საჯარო არჩევანის სკოლა, რომელმაც ახალ სიმაღლეზე აიყვანა პოლიტიკის ანალიზი და დაგვანახა, რომ დემოკრატიის ინსტიტუტმა ადამიანის სასარგებლოდ მხოლოდ შეზღუდული მთავრობის პირობებში შეიძლება იმუშაოს. სხვა შემთხვევაში, მთავრობას ყოველთვის ექნება მიდრეკილება გაბეროს ხარჯები, გამოიგონოს ფუნქციები, აიღოს ვალები – მოკლედ, გახდეს ყველას პატრონი და ჩვენი პირადი პასუხისმგებლობა პოლიტიკურით ჩაანაცვლოს.

რა მოჰყვება, მაგალითად, ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯს, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ ყველას დაზღვევა, როგორც ამას ახლა ბ-ნი ივანიშვილი გვიყიჟინებს? უზარმაზარი გაფლანგვა, სამედიცინო ხარჯების და მომსახურების ფასების მუდმივი ზრდა, არაეფექტიანი და უხარისხო ჯანდაცვა, ეკონომიკის შენელება. საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავს სიღარიბეში დარჩენას და მუდმივ პოლიტიკურ არასტაბილობას.

საჯარო არჩევანის სკოლამ „აღმოაჩინა”, რომ ასეთი პროგრამა სინამდვილეში მახეა, საიდანაც უკან გამოსვლა შეუძლებელი გახდება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა მის გაუქმებას მხარს არ დაუჭერს. ამის ნაცვლად, მომავალში ყველა ეცდება ამ მახის რეფორმირებას და გარდაქმნას, შესაბამისად, მეტი ფულის ხარჯვას და გაფლანგვას. ამას მსოფლიო გამოცდილება ნათლად გვიჩვენებს – სახელმწიფოს მიერ ამ მახის გაუქმების რაიმე წარმატებული გამოცდილება არ არსებობს!

უფრო დიდი პრობლემა, რომელსაც საჯარო არჩევანის ეკონომისტები ამჩნევენ, ისაა, რომ არჩევნების დროს დაპირებული ზღაპრული იდეები ამომრჩევლის სურვილის თამასას მაღლა სწევს. ერთი ასეთი დაპირების შემდეგ მათ უკვე მტკიცედ სჯერათ, რომ მისი შესრულება შესაძლებელია, ხოლო თუ არ სრულდება, მხოლოდ ცუდი პოლიტიკოსების გამო, ვინც ბევრს იპარავენ. მომავალში ამ დაპირების გაუქმებას ან გაქარწყლებას ვერანაირი ექსპერტიზა, გამოცდილება ან შეგონება ვეღარ შველის.

ცხადია, ის, ვინც დღეს ამ დაპირებებით სცოდავს, ხვალ შეიძლება იმავე მახეში აღმოჩნდეს, მაგრამ მას ამ დროს მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს – მოსახლეობა დაარწმუნოს. რა მოხდება მომავალში, მნიშვნელობა არ აქვს, ან ხელისუფლებაში იქნება და მთელი პროგანდისტული მანქანა მის ხელში იმუშავებს, ან არა და, ოპოზიციაში დარჩება და ხელისუფლების კრიტიკას გააგრძელებს.

საჯარო არჩევანის თეორია ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ბაზარზე, ადამიანები პოლიტიკურ სცენაზეც კონკურენციას ეჯახებიან. ეს მათ აიძულებთ, კონკურენტებთან შედარებით უფრო მიმზიდველი დაპირებები აკეთონ და ამით შეეჯიბრონ მოწინააღმდეგეებს. იმის გამო, რომ ამ დაპირებებისას პოლიტიკოსები სხვისი რესურსების გამოყენებას განიხილავენ, მათი საზღვარი სხვაგან გადის – გაცილებით უფრო შორს რეალობისაგან. ასეთ რისკზე ვერცერთი ყველაზე თამამი ბიზნესი ვერ წავა.

პოლიტიკოსებისთვის სხვისი რესურსების გაფლანგვა უფრო ადვილია, რადგან მათ პირდაპირი პასუხისმგებლობა არ ელით. პირიქით, მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოც დარჩება – არ დააცადესო, იფიქრებენ. ეს გრძნობა მოსახლეობაში მით უფრო ძლიერდება, როცა მათ იციან, ან ჰგონიათ, რომ მთავრობა სხვის რესურსებს წირავს და არა მათ პირადს.

მაგალითად, სოფლის მეურნეობის განვითარებას ყველა პოლიტიკოსი სხვის ხარჯზე გვპირდება – იმათი მეშვეობით, ვინც დღეს წარმატებულია და ხვალ ამ წარმატებისთვის დაისჯება. შეიძლება პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რაც მეტ ფულს დახარჯავს ახლა მთავრობა სოფლის მეურნეობაში, მით ნაკლები შანსია იგი განვითარდეს: ქალაქი სოფლად დარჩენილი ადამიანების დასაქმებას ვეღარ შეძლებს. აგრარულ სექტორში დარჩება იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე ამ სექტორს შეუძლია, რომ ეფექტიანად დაასაქმოს ანუ პროდუქცია გაამრავლოს, მოგება გაზარდოს და დანახარჯები შეამციროს. მთავრობის ნებისმიერი მოქმედება ახლა სწორედ აგრარული სექტორის საწინააღმდეგოა, მათ შორის, დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლებაც. ეს დაუდევრობაა მომავლის მიმართ, რადგან, როგორც ევროპული გამოცდილება გვიმტკიცებს, ერთხელ დაწყებული ასეთი პოლიტიკის გამოსწორება შეუძლებელია.

სულ მცირე, დიდი შეცდომა და ჰაიეკის იდეების სრული უგულებელყოფა მგონია მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი იდეა, რომლის მიხედვით მოქალაქეების შემოსავლებიდან 2% (ეს დღეს, 2015 წლიდან კი 5%) სავალდებულოდ მიიმართება სპეციალურ ფონდში, რომელიც მას მოქალაქის სურვილის მიხედვით განათავსებს სხვადასხვა ბიზნესაქტივებში. ეს არის სერიოზული მახე, რომელსაც ვერასდროს დავაღწევთ თავს. რა არ მომწონს ამ იდეაში, მოკლედ აქ ჩამოვთვლი:

1. მთავრობა აპირებს პირი გატეხოს და 20% გადასახადი დატოვოს – მართალია, 2% პირდაპირ არ შედის ბიუჯეტში, მაგრამ არც პიროვნების და არც ბიზნესის ჯიბეში არ მიდის. შესაძლებელია, საშემოსავლო გადასახადის ეს 2%-იანი შემცირება დაბეგრილი პიროვნების სასარგებლოდ მართლაც არ მომხდარიყო, მაგრამ იგი დარჩებოდა ბიზნესს, რათა გაფართოებულიყო და ახალი სამუშაო ადგილებიც შეექმნა.

2. არასწორია ის, თითქოს ამ რესურსის (სავალდებულო შენატანით მიღებული 2%) გამოყენება უკეთესად შეიძლება, თუ ამას სახელმწიფო გააკონტროლებს. ყველაზე გამოცდილი და მდიდარი ქვეყნების დღევანდელი მდგომარეობა სწორედ ამას გვითითებს, რომ მათი ცოდნის ხარისხის აღმატებულობის მიუხედავად, უამრავ შეცდომას უშვებენ და გამოიწვიეს კიდეც მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ჰაიეკის და მისი მიმდევრების იდეა სწორედ ისაა, რომ მთავრობას არასოდეს აქვს ისეთი ხარისხის ცოდნა და ინფორმაცია, რომ ასეთი სირთულის დაგეგმვის ამოცანები დაძლიოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. ცხადია, რისკი ამოცანების მოცულობასთან ერთად იზრდება, ხოლო ამ გადაწყვეტილებების შეჩერება შეუძლებელია.

3. ამ იდეის ერთ-ერთი სუსტი წერტილი მისი განხორციელების კონტროლშია. პროექტის მიხედვით, ეს უნდა გააკეთოს ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც, თუ ჰაიეკს და მის მიმდევრებს დავუჯერებთ, თავად წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ რისკს, რომლის გამოც საკრედიტო რესურსები ძვირდება. სტივ ჰენკი და კურტ შულერი თავიანთ წიგნში აღნიშნავენ: ცენტრალური ბანკი გაუმჭვირვალე დაწესებულებაა. მის მიერ საბანკო რისკების გადაზღვევა მხოლოდ რისკების ზრდას იწვევს და მისმა მონეტარულმა უდისციპლინობამ, შესაძლოა, ყველაზე კარგი ეკონომიკური რეფორმაც ჩააფლაოს.

4. საქართველო წარმოადგენს უნიკალურ შემთხვევას, რომელშიც სახელმწიფოს ვალდებულებები და კვაზივალდებულებები პრაგმატულ ბალანსშია. ბოლო წლებში ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება მოხერხდა და შედეგად, ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, უახლოეს წლებში შანსი გვაქვს მსოფლიოს ყველაზე დაბალი ფინანსური რისკის ქვეყნად ვიქცეთ. ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ შევინარჩუნებთ მცირე სახელმწიფო ვალდებულებებს და არ მოვახდენთ მათ უსაზღვრო აკუმულირებას, რაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია განვითარებული ქვეყნების თავზე. სასარგებლოა ამ პროექტის ავტორებმა იცოდნენ, რომ ის ვინც ასეთი მოდელი ყველაზე ადრე სცადა ჩილეში - ხოსე პინერა (რომელსაც ავტორებისაგან განსხვავებით პირადად ვიცნობ), თვლის, რომ საქართველოს არსებული მოდელი უფრო ჯანსაღია ვიდრე ჩილესი.

5. დაბოლოს, საქართველოს მოსახლეობას სწორედ პასუხისმგებლობის ადამიანებზე გადანაწილების პოლიტიკა და სახელმწიფოს ვალდებულებების შემცირება სჭირდება – სწორედ ადამიანების, და არა თუნდაც ყველაზე ხარისხიანი ბიუროკრატიის, პირად ინიციატივას და მოტივაციას შეუძლია წარმატების მოტანა.

ზუსტად ასეთ პასუხისმგებლობას ველოდები იმ ადამიანებისაგან, ვისაც ფრიდრიხ ჰაიეკი წაუკითხავს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები