საკანონმდებლო ინიციატივა

დავით ბაქრაძე: კომპანიები სატელევიზიო არხების გავრცელების ვალდებულებას საარჩევნო პერიოდში აიღებენ

საქართველო პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში საკაბელო კომპანიებს ავალდებულებს, ყველა სატელევიზიო არხი გაავრცელონ.

"საკაბელო კომპანიები ყველა სატელევიზიო არხის გავრცელების ვალდებულებას კანონით განსაზღვრულ საარჩევნო პერიოდში აიღებენ", - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მაუწყებელსა და საკაბელო კომპანიას შორის ფასსა და პირობებზე შეთანხმება არის კომერციული საკითხი, თუმცა არსებობს გამონაკლისები და ეს გამონაკლისი შეეხება მოსახლეობის ინტერესს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რათა მან გააკეთოს თავისუფალი არჩევანი.

“საკაბელო კომპანიებსა და სატელევიზიო არხებს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს ერთი მხრივ ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მეორე მხრივ კი ყველა სატელევიზიო არხს ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ხმა მიაწვდინოს მოსახლეობას. რაც მთავარია, მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, მოისმინოს ყველანაირი აზრი და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, წინასარჩევნოდ ყველა საკაბელო პაკეტში ყველა მაუწყებლების ჩართვის თაობაზე მმართველ გუნდში მიღებული გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში მომავალ კვირას იქნება ინიცირებული.

 

კომენტარები