რუსეთი

საქართველო ვაშინგტონის დებატებში რუსეთის შესახებ

სამხრეთ კორეაში მარტში გამართულ სამიტზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ რუსი კოლეგის, დმიტრი მედვედევისადმი გაკეთებულმა პირადი ხასიათის შენიშვნებმა თეთრ სახლსა და პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, მიტ რომნის შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული შტორმი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი საფუძვლად დაედო დებატებსაც – რამდენად რჩება რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ მეტოქედ.

მედვედევთან შეხვედრის ბოლოს ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ისეთ არაერთგვაროვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა სარაკეტო თავდაცვის პროგრამა, ლავირების მეტი საშუალება ექნებოდა. ხსენებული პროგრამა, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცენტრალური ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით სარგებლობს. რესპუბლიკური პარტიის შეშფოთება იმან გამოიწვია, რომ ობამა, სარაკეტო თავდაცვის პროგრამასთან დაკავშირებული კომპრომისის მეშვეობით, კრემლის გულის მოგებას ცდილობდა. რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა ლიდერმა თეთრი სახლი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე დადებულ საიდუმლო გარიგებაშიც დაადანაშაულა.

საპასუხოდ, რუსეთის აშშ-ის „ნომერ პირველ გეოპოლიტიკურ მტრად” გამოცხადებისთვის, დემოკრატებმა რომნი „ცივი ომის რაინდად” შერაცხეს. თუმცა მანამდე ობამამ პირადად გაუსვა ხაზი პუტინის კავშირს ცივი ომისდროინდელ წარსულთან. ამის მიუხედავად, ცივ ომთან დაკავშირებულ ყველა შედარებას ერთი კითხვა აკლია: დღევანდელი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის თანახმად, რუსეთი აშშ-ის პარტნიორია თუ მეტოქე?

აზრი ორად იყოფა: არც ობამა ცდება და არც რომნი.

კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობის ობამასეულ „გადატვირთვას” საფუძვლად ის მოსაზრება უდევს, რომლის თანახმადაც მოსკოვთან თანამშრომლობა კონკრეტულ ერთობლივ ინიციატივებზე ფოკუსირების შედეგადაა შესაძლებელი. ამ მიდგომამ გაამართლა შეიარაღების კონტროლის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში. ხსენებულმა შეთანხმებამ უზრუნველყო ყოფილი საბჭოთა კავშირის გავლით NATO-ს ავღანეთზე წვდომა და გაეროს მიერ ირანისთვის შეზღუდული სანქციების დაკისრება. თუმცა, უფრო ფართო კონტექსტში რომნი მართალია – აღორძინებული რუსეთი ამერიკის ინტერესებს მრავალ სფეროში ეწინააღმდეგება. მის შეხედულებებს რესპუბლიკური პარტიის ბევრი წამყვანი ფიგურა, მათ შორის სენატორი ჯონ მაკკეინიც იზიარებს.

რომნის აზრით, რუსეთის ატომური არსენალი, მისი ენერგეტიკული პოლიტიკა, ევროპასა და აზიაში გეოგრაფიული განლაგება, ვეტო, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში იყენებს და საშინაო ავტორიტარიზმი ვაშინგტონს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს. შეიარაღების კონტროლისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის ხარისხის მიუხედავად, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა კონკურენტულ და პოტენციურად კონფლიქტურ ხასიათს ატარებს.

რომნი არ ცდება, როდესაც აცხადებს, რომ არცერთ ძალას არ აქვს ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის, მათ შორის, NATO-ს ალიანსის ეფექტურობისთვის, საფრთხის შექმნის ისეთი პოტენციალი, როგორც რუსეთს და რომ რუსეთის ამჟამინდელი რეგიონალური გამოწვევები ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებია, რომლებიც მოსკოვის მიერ დომინირებად ბლოკში ჩართვის თავიდან აცილებას ცდილობენ.

რომნის პოზიცია ევროპის აღმოსავლეთ ნაწილთან დაკავშირებით კონკრეტული არ არის, ის მხარს უჭერს NATO-ს ახალი დემოკრატიული სახელმწიფოებით გაფართოებას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ემხრობა ცენტრალურ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემის განლაგებას. რესპუბლიკელმა ობამას საგარეო პოლიტიკას სუსტი უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებების უმეტესობა წინასაარჩევნო მუქარის ნაწილია, რუსეთთან დაკავშირებით რომნის განცხადებების გაზვიადებითა და მათი „უპასუხისმგებლოდ და სახიფათოდ” გამოცხადებით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტის დაცვას ცდილობენ. ისინი, ასევე, ხაზს უსვამენ ალ-ყაიდას ლიდერთა განადგურების, ერაყის ომის დასრულების და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის მომზადების კუთხით ობამას საგარეო პოლიტიკის წარმატებებს.

რომნის ბანაკი ამტკიცებს, რომ ობამამ უგულებელყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ელემენტები – ხელი ვერ შეუწყო ევროპული დემოკრატიების გაძლიერებას და ვერც NATO-ს გაფართოების თვალსაზრისით გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, NATO-ს წევრობის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი სწორედ საქართველოა – ბოსნია-ჰერცეგოვინისგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში NATO-ში გაწევრიანებაზე სრული კონსენსუსია; მონტენეგროსგან განსხვავებით კი, საქართველო უკვე არსებით კონტრიბუციას უწევს ალიანსის ოპერაციებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ჩიკაგოს სამიტზე ყველას მიუთითა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა მორიგი შეხვედრა გაფართოების სამიტი იქნება. სავარაუდოდ, საქართველო ამ დროისთვის ალიანსში გაწევრიანების მთავარი კანდიდატი გახდება.

საიმისოდ, რომ საქართველომ NATO-ში გაწევრიანების მოწვევა ფორმალურად მიიღოს, შემდეგი 2 წლის მანძილზე აუცილებელია სამი ფაქტორის კომბინაცია – პირველ ყოვლისა, საჭიროა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგას და საპარლამენტო-საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი კონკურენციის პირობებში ჩაატაროს. მეორე – ვაშინგტონმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს NATO-ს წევრების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს გაწევრიანება ალიანსისათვის სასარგებლო იქნება. და მესამე – NATO-მ არ უნდა დაიჯეროს პუტინისეული კრემლის დაშინების მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გაწევრიანება არასტაბილურობასა და კონფლიქტს გამოიწვევს. კითხვა კი ძალაში რჩება: ამერიკის რომელი პრეზიდენტი შეძლებს, რომ პუტინს დაუხამხამებლად გაუსწოროს თვალი?

იანუშ ბუგაისკი
ვაშინგტონში სტრატეგიულ და საერთაშორისო მეცნიერებათა ცენტრის ევროპული პროგრამის უფროსი თანამშრომელი

კომენტარები