ფოკუსი

დაბრუნება შუა საუკუნეებში

0 კომენტარი

ბაგრატის ტაძარი
საქართველოს საპატრიარქომ ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების მიწურულს დასვა ბაგრატის ტაძრის სრული აღდგენისა და ამოქმედების საკითხი. 1990-იან წლებში აქტიურად განიხილებოდა ესა თუ ის პროექტი, შეიქმნა არაერთი მაკეტი.

დიდი კათედრალების მშენებლობა განვითარებული შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. შუა საუკუნეების „კოსმოსს” აირეკლავს მათი სტრუქტურაც და ნიშანთა სისტემაც. იმ ეპოქაში ეს გრანდიოზული ტაძრები ტრიუმფალური აღნიშვნა იყო პოლიტიკისა და რელიგიის, მეფისა და ეკლესიის ერთობისა, ერთი იდეოლოგიური, ყოვლისმომცველი საძალაუფლებო გუმბათით ქვეყნის გადაფარვისა.

თუკი ადრექრისტიანულ ტაძრებში სივრცის ჰორიზონტულ (ბაზილიკა) ანდა წრიულ (როტონდა) მოწესრიგებას ენიჭებოდა უპირატესობა, რომელშიც, ასე თუ ისე, თანასწორად მოიაზრებოდა ერიცა და ბერიც, შუა საუკუნეების სატაძრო მონუმენტურმა არქიტექტურამ უფრო ვერტიკალური, აზიდული სატაძრო ფორმები

მისტრას მონასტერი. საბერძნეთი
შემოიტანა, რითაც იერარქიული დაქვემდებარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ჯვარგუმბათოვანი ტაძრები სამყაროს იერარქიულ წყობაზეც მიუთითებდა, რომლის თავში ღმერთი, ანგელოზები და წმინდანები იდგნენ, წუთისოფელს კი, მათი კურთხევით, მეფე, დიდგვაროვნები და საეკლესიო დასი უწევდნენ ზედამხედველობას.

შუა საუკუნეების ქრისტე იმპერატორისა და მღვდელმთავრის საძალაუფლებო ატრიბუტებით გამოისახებოდა და ადამიანს გუმბათიდან ან საკურთხევლის აფსიდის თაღიდან ერთდროული სიმკაცრითა და ლმობიერებით დაჰყურებდა – ამ მზერით იგი დამსჯელ, ცოდვების მომკითხველ მეფესაც განასახიერებდა და მზრუნველ მამასაც.

ამავდროულად, მედიევალური სატაძრო არქიტექტურა ჩაკეტილ, ერთ შემოწერილ სივრცეში მოქცეულ საზოგადოებაზეც გვიქმნის წარმოდგენას, სადაც ყველას თავისი მკაცრად განსაზღვრული იერარქიული საფეხური, შემოკავებული ადგილი აქვს მიჩენილი. ცხადია, რომ იმჟამინდელი ხუროთმოძღვრების ამოცანა ვერტიკალური წესრიგის იდეისა და თეოკრატიული მონარქიის იდეის არქიტექტურული ხორცშესხმა იყო – ამიტომაც ამგვარ სატაძრო სივრცეში უბრალო რიგითი ადამიანი, რიგითი მორწმუნე იერარქიულად დაწინაურებული პერსონაჟების ფონად თუ იყო აღქმული.

ბაგრატიც, ოშკიც, ალავერდიცა და სვეტიცხოველიც ამ ეპოქის, ამ რელიგიური იერარქიზმისა და სამეფო ტრიუმფალიზმის არქიტექტურული ხატებია – მათ, ისევე როგორც მათმა დასავლელმა და აღმოსავლელმა თანამოძმეებმა, არქიტექტურაში ძალაუფლების შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი გაგება აღბეჭდეს.

მათი გრანდიოზული ფორმები მეტყველებს იმაზე, თუ რა დიდი და მიუწვდომელია ღმერთი, ძლიერია მეფე და აღმატებულია სამღვდელოება უბრალო რიგით ადამიანზე. ერთი სიტყვით, ეს ტაძრები არადემოკრატიული, იერარქიულ-თეოკრატიული მონარქიული სისტემისა და ეპოქის ძეგლებია.

მაგრამ, როგორც იტყვიან, დრო შეიცვალა – თეოკრატიული აბსოლუტიზმისა და, მეორე მხრივ, კლერიკალიზმის ეპოქა ისტორიას ჩაბარდა – ეკლესია გაიმიჯნა სახელმწიფოსგან, სოციალურ რუკაზე შეიცვალა კონკრეტული პიროვნების, რიგითი ადამიანის ადგილმდებარეობა. ამ, ახალ დროში, არსებითად

ზვარტნოცის ტაძარი. სომხეთი
ყველა თანასწორია და მიწიერი ძალაუფლების წყაროც ზეციური იმპერატორი და ეკლესია კი არა, სწორედ ეს, უბრალო რიგითი ადამიანი გახდა.

თანამედროვე ლიბერალურ, დემოკრატიულ გარემოში რელიგია უმეტესწილად პირად საქმედ იქცა, ხოლო ქრისტიანების ღმერთმა, თუნდაც მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობით, სწორედ ის ადგილი დაიკავა, რომელიც მან საკუთარ თავს მიუჩინა სახარების ფურცლებზე – ის, სადღაც მეცხრე ციდან კი აღარ გვითვალთვალებს და გვამოწმებს მკაცრი ბატონის მზერით, არამედ ჩვენ გვერდით ცხოვრობს, ჩვენთან ერთად იტანჯება და უბრალოდ მეგობრობს ჩვენთან.

ამის გამოა, რომ „დასავლეთში” თანამედროვე ტაძრები, როგორც წესი, მაქსიმალურად სადაა და მოკლებულია ყოველგვარ მონუმენტალიზმს – ისინი არცთუ თვალშისაცემნი არიან და სხვა არქიტექტურული ფორმებისგან ნაკლებად განსხვავდებიან. შეზრდილები არიან ყოველდღიურობას, იმ გარემოს, რომელშიც ადამიანს უწევს არსებობა.

დღეს, როცა საპატრიარქო ტაძრების მშენებლობისას ბრმად იმეორებს ტრადიციულ არქიტექტურულ ფორმებს, ის სწორედ შუა საუკუნეების წესრიგში დაბრუნების სურვილს გვიმხელს. ამით იგი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ძალაუფლების იერარქიის განსაზღვრაა, რელიგიურ-პოლიტიკური ბატონობის დაკანონებაა და არა კონკრეტული ადამიანი და მისი სულის ხსნა.

საეკლესიო იერარქებისთვის დრო არ შეცვლილა – მათი ხომალდი შუა საუკუნეებში დაცურავს და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი წარმოდგენების თავსმოხვევას ცდილობს ცხოვრების ყველა სფეროზე – პოლიტიკასა თუ კულტურაზე, მეცნიერებასა თუ ეკონომიკაზე. შესაბამისად, გარესამყაროსთან, თანამედროვეობასთან მძაფრი „შეუთავსებლობით” ხასიათდება. საპატრიარქო ვერ იღებს გარედან შემოსულ ვერანაირ სიახლეს.

ამიტომაც სულიერი მამები, მართალია, მოითხოვენ ბაგრატის აღდგენასა და ამოქმედებას, მაგრამ

კოვენტრის კათედრალი. ინგლისი
ეწინააღმდეგებიან მასში თანამედროვეობის თუნდაც პერიფერიულ და უმნიშვნელო წარმოჩენას – ერთადერთი, რასაც საპატრიარქო ბაგრატის ტაძრის აღდგენაში აპროტესტებს, მინებისა და ლიფტის ელემენტია. ამ პოზიციას, თავისი, უკვე სამარკო ნიშნად ქცეული ქსენოფობიით ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა:

„არცერთი სასულიერო პირი არ დათანხმდება, რომ ბაგრატის ტაძარზე ლიფტი დაამონტაჟონ და თანამედროვე შუშის ელემენტებით გააწყონ. ეს მიუღებელია და ამას უწმინდესი არასდროს დათანხმდება. სად გაგონილა ქართული ტაძარი შუშის კედლებითა და სახურავით? როგორ უნდა ვილოცოთ ასეთ განათებულ, ლიფტებიან ტაძარში? ეს არამართლმადიდებლური და არაეკლესიურია. ლიფტები, შუშები, ორღანი ამერიკის ეკლესიებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც გიტარა შეაქვთ, და ცეკვავენ და მღერიან ეკლესიებში. მართლმადიდებლობისთვის ამგვარი რამ მიუღებელია და, ვისაც ამის სურვილი აქვს, ამერიკაში გაემგზავროს და იქაურ ეკლესიაში ჩართოს გიტარა და ლიფტებიც და ესკალატორებიც დაამონტაჟოს. ჩვენ კი ისეთ ტაძარში უნდა ვილოცოთ, როგორიც ქართულ გულს უხარია. ამის უფლება ნამდვილად გვაქვს”.

გარესამყაროსადმი, უცხოსადმი შიშითაა გამსჭვალული მღვდლების კომენტარებიც. მღვდელი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ „ლიფტების მიშენებითა და თანამედროვე ელემენტების ჩართვით, როგორც ჩანს,

ფონტენის სააბატო. იორკშირი, ინგლისი
სურდათ, ბაგრატის ტაძარი ვატიკანში არსებული პეტრეს ტაძრისთვის მიემსგავსებიათ, სადაც ლიფტები, ხოლო გუმბათში ტუალეტებია მოწყობილი. რათა შემდეგ მოეყვანათ ტურისტები, ლიფტში ჩაესვათ და ასე დაეთვალიერებინებიათ ქუთაისი, ალბათ, ამისთვის სურდათ ამ ყველაფრის გაკეთება, თორემ სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. ეს ყველაფერი ტურისტებზე იყო გათვლილი და არა სულიერი მიზნებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ეკლესიისთვის”.

ხოლო დეკანოზი ბესარიონ მენაბდე ყველაფერს უცხოელ არქიტექტორებს აბრალებს:

„საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად პროექტში ჩაერთნენ უცხოელი არქიტექტორები, რომლებმაც უგულებელყვეს შეთანხმებული პროექტი და ეკლესიისთვის მიუღებელი იდეები განახორციელეს. რატომ დასჭირდათ უცხოელების ჩართვა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის საქმეში, ჩვენთვის უცნობია”.

თუმცა თანამედროვე ელემენტების გამოყენება ეკლესიის მესვეურთათვის ყოველთვის მიუღებელი არ არის. ამის კარგი მაგალითია ბეტონის ბლოკებით ამოშენებული ვარძიისა თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით დამშვენებული დავით გარეჯის ქვაბულები, მეტლახით მოპირკეთებული სვეტიცხოველი თუ კონდიცირებული ალავერდი.

საპატრიარქოსთვის ბაგრატი, როგორც ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, არაფერს ნიშნავს, ისევე როგორც საერთოდ უმნიშვნელოა დაინგრევა თუ არა ოშკისა და იშხნის ტაძრები, რადგან ღვთისმსახურების აღდგენის პერსპექტივას მათში ვერ ხედავს. მაგალითად, ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება მღვდელმთავრები ბათუმში მეჩეთის აშენებაზე დაითანხმოს, არდაშენის საეპისკოპოსოს ამოქმედებაა თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ლაზეთში.

როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფალნი აცხადებენ, რომ ბაგრატის ტაძარი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა – თავისთავად ტაძარი არაფრის სიმბოლო არ შეიძლება იყოს, გარდა ღვთის სახელით ადამიანების შეკრებისა. ერთადერთი, რასაც მართლმადიდებლური ტაძარი სიმბოლურად განასახიერებს, ახალი იერუსალიმია ანუ ის ადგილი, სადაც განახლებული, ქრისტეში მეორედ შობილი კაცობრიობა მოიყრის თავს. მართლმადიდებლური პოზიციიდან იმის თქმა, რომ ტაძარი ეროვნული ერთობის სიმბოლოა ან, როგორც თავის დროზე სამების კათედრალზე ითქვა – ქართველი ერის ავტოპორტრეტი, სხვა არაფერია, თუ არა მკრეხელობა და რელიგიის პროფანაცია.

ქრისტიანები ტაძარში უფლის სადიდებლად და მასთან საზიარებლად უნდა იკრიბებოდნენ. არცერთ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველს არსად და არასოდეს უთქვამს, რომ ისინი გაერთიანებული ერის სიმბოლოში დადიან, ვთქვათ, საზიარებლად ანდა აღსარების სათქმელად. ქრისტეს ეკლესია არ ემსახურება ეროვნულ მიზნებს – მას მხოლოდ და მხოლოდ ღმერთისა და ადამიანის შეხვედრის მისია აქვს დაკისრებული.

მეორე მხრივ, არც თანამედროვე სახელმწიფოსთვის არის ამგვარი სიმბოლოებით ოპერირება რაიმე სიკეთის მომტანი. ბაგრატის აშენებით და სიმბოლური შინაარსის წილ მისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობისგან განძარცვით სახელმწიფო ვერც ქვეყნის მთლიანობას აღადგენს და ვერც დეკლარირებული

მერიდას არქეოლოგიური ანსამბლი. ესპანეთი
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ნაციონალიზმის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რადგან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამოქმედებული ბაგრატის ტაძარი მკაფიოდ გამოხატული კონფესიურობითა და ეთნიკური ელემენტით იქნება აღბეჭდილი.

თითქოს სასაცილო და აბსურდულია, მაგრამ ამომრჩევლის რელიგიურ გრძნობებზე აპელირების მცდელობის შედეგად, ხელისუფლებამ საპატრიარქოს გულის მოგების ნაცვლად მისი უკმაყოფილება მოიმკა.

გარდა ამისა, პრობლემამ უკვე კარგა ხანია საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა. UNESCO მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ამოღებით იმუქრება. თუმცა, ეს არ არის მთავარი.

ყველაზე მეტად დასანანი და ტრაგიკული ის არის, რომ ათსაუკუნოვანი ტაძარი, როგორც საერთო ნაციონალური და უნივერსალური ფასეულობა, როგორც ქართული ისტორიისა და კულტურის შესანიშნავი ძეგლი, ფაქტობრივად, განადგურდა. მან უკვე დაკარგა საკუთარი საარსებო დრო, ისტორია, თავისი განუმეორებელი იერსახე, დაკარგა ინდივიდუალობა და სული.

საბოლოოდ, როგორც ჩანს, ბაგრატი მაინც აღდგება – ლიფტით ან ულიფტოდ. ის, რა თქმა უნდა, დაიწყებს ახალ სიცოცხლეს, მაგრამ უკვე მკვდრადშობილი ძეგლების რიგში ჩადგომა უწერია.

ისტორია ხშირად სხვა შანსს არ ტოვებს ხოლმე და მარცხის მიღებასა და მასთან შეგუებას გვთავაზობს, როგორც წინსვლისა და განახლების, კულტურის განვითარებისა და გაკეთილშობილების ერთადერთ საფუძველს. არ უნდა გვეშინოდეს შეგუება წარსულში წაგებულ ომებთან, განუხორციელებელ მიზნებთან, ტაძრების ნანგრევებთან და ქალაქებთან. არ უნდა გვეშინოდეს წარსულის ტკივილების, რადგან, მარტივად რომ ვთქვა, ადამიანი აწმყოში ცხოვრობს და მომავალს ქმნის.

ისტორიულ წარსულში კი, სჯობს, გამაფრთხილებელ ნიშნებს ვეძიებდეთ და არა ამპარტავნების საბაბებს. ამას გვასწავლის ბიბლია, ამას გვასწავლის დასავლური კულტურული გამოცდილება.

ნახევრადდანგრეული ბაგრატი სწორედ ასეთი გამაფრთხილებელი ნიშანი იყო – ეს ჭურვებით აფეთქებული ტაძარი მეტყველებდა. მისი უზარმაზარი კედლები, ჩამოცვენილი ქვები და გაცრეცილი ჩუქურთმები რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გვაუწყებდა. ასე აღდგენილი და ამოქმედებული ეკლესია კი მოკვდება და დადუმდება.

ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ეს უბედობა სწორედ საძალაუფლებო ვნებამ, ამ მონარქიულ-თეოკრატიული დიფუზიით ცთუნებამ განაპირობა. სხვა შემთხვევაში აუხსნელია, რატომ უნდა ცდილობდეს დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება წარსულის შეცვლას და ისტორიის გადაკეთებას? რატომ უნდა ეგუებოდეს საზოგადოება ბაგრატის მეტყველი კულტურის სივრციდან უმეტყველო მომავლად ქცეულ წარსულში დაბრუნებას?

ბაგრატის აღდგენის აქტით ქვეყანა, ტიპოლოგიურად, შუა საუკუნეებს უბრუნდება. იმ დროს, როცა ძალაუფლებამ არ იცოდა გამიჯვნა საერო და საეკლესიო სფეროებს, რელიგიასა და კულტურას შორის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფუნდამენტალიზმმა გაიმარჯვა პოლიტიკაზეც, კულტურაზეც და თანამედროვეობაზეც.

ცხადია, რომ „თანამედროვე” ქართული მართლმადიდებლობისთვის კულტურაც და პოლიტიკაც მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იძენს მნიშვნელობას – პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს საზრისი, როცა მას პატრიარქი აკურთხებს, ანდა უნეტარესის მიერ ცხებული მეფე წარმართავს, კულტურას მხოლოდ მაშინ აქვს არსებობის უფლება, როცა ის რელიგიის „მხევალია”.

მართალია, ერთიცა და მეორეც, ათასწლეულების წინ, ისტორიის გარიჟრაჟზე რელიგიის წიაღიდან იღებს დასაბამს, მაგრამ სწორედ მათმა ურთიერთგამიჯვნამ დაუდო საფუძველი იმას, რასაც დასავლური ცივილიზაცია და კულტურის თანამედროვე გაგება შეიძლება დაერქვას.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები